ხანდახან პრობლემები ურთიერთობის საწყის ეტაპზევე ხდება შესამჩნევი. ხანდახან კი წლები გვჭირდება იმის მისახვედრად, რომ არასწორ ურთიერთობაში ვყოფილვართ.

თუ გრძნობ, რომ ურთიერთობა ტოქსიკური გახდა და დასასრული ახლოვდება, შეიძლება უამრავ რთულ გრძნობებთან გამკლავება გიწევდეს. ეს პროცესი შეიძლება თვეები, ან, ცუდ შემთხვევაში, წლებიც კი გაგრძელდეს, დაშორების პროცესი კი უსასრულოდ გაჭიანურდეს.

ამ დროს ძალიან გიჭირს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. ცდილობ, მეორე ადამიანს გული არ ატკინო, თან ასე გაგრძელებაც აღარ შეგიძლია. სული გეხუთება, თავს დამწყვდეულად გრძნობ და ხანდახან დეპრესიაც კი გიტევს. თუმცა, საკუთარ თავს შეიძლება ბევრ სიმართლესაც უმალავ და ამ ემოციების გაანალიზების საშუალებასაც არ აძლევ.

მოდი, გადავხედოთ შიშებს და საბაბებს, რომლებსაც დაშორების გასაჭიანურებლად და პროცესის თანმდევი დისკომფორტების თავიდან ასაცილებლად ვქმნით.

შიშები

შიში არასასიამოვნო ფიზიკური და ემოციური შეგრძნებაა, რომელიც (გარეგანი ან შინაგანი) საფრთხის ცნობიერი ან არაცნობიერი აღქმის შემდეგ გამომუშავდება. შიშს შეიძლება ვგრძნობდეთ მუცელში, ჭიპის ქვემოთა არეში, ხელებში, ფეხის გულებში ან ზურგზე ხერხემლის გაყოლებაზე. სხეულში არაკომფორტული შეგრძნებები პირველი ინდიკატორია, რომ შენი გაჭიანურებული ტოქსიკური ურთიერთობის მიზეზი შიშია.

შიში #1: თუ მას დავშორდები, x-ს ვერ განვახორციელებ.

x-ის მაგივრად ჩასვი ის გეგმა, რომელიც შენს პარტნიორს უკავშირდება. იქნებ მის სახლში ცხოვრობ და თავშესაფრის გარეშე დარჩენის გეშინია? იქნებ მისი დახმარების წყალობით კარიერული წინსვლის იმედი გქონდა? იქნებ შვილ(ებ)ის ყოლა გინდა და იდეალურ თანა-პარტნიორად სწორედ ეს ადამიანი გესახება? იქნებ ერთად მოგზაურობას გეგმავდით და არ გინდა ეს გეგმები ჩაიშალოს? იქნებ საერთო ბიზნესიც კი გაქვთ დაწყებული? ან იქნებ ფიზიკური ძალადობის გეშინია?


თუ ხარ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ან გაქვს ინფორმაცია ძალადობის შესახებ, დარეკე 112-ზე ან გადმოტვირთე მობილური აპლიკაცია SOS (ჩუმი განგაშის) ღილაკით. 🆘 Android 🆘 iOS
პოლიცია ნებისმიერ დროს მზად არის დასახმარებლად!


შიშის ჭეშმარიტი მიზეზი სადღაც სხვაგან, შენს პირად სურვილში ან საჭიროებაშია დამალული. ამ სურვილის ან საჭიროების აღიარება (თუნდაც, მდუმარედ და მხოლოდ შენს თავთან) სულაც არ არის ცუდი საქციელი ან დანაშაული. პირიქით, თუ მას აღმოაჩენ და გაითავისებ, ეს ძალას და ენერგიას დაგიბრუნებს. ეს ენერგია კი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარება.

მხოლოდ ამგვარი აღიარების შემდეგ:

გაიაზრე, რომ სხვა ადამიანი არ შეიძლება იყოს მწვანე შუქი უკეთესი ცხოვრებისკენ. თუ ურთიერთობა არ მუშაობს, სიმართლისთვის თვალის გასწორებაა საჭირო. თუ კონკრეტული მიზნის მიღწევა გინდა, შეეცადე ამას თავად მიაღწიო არასასურველი პარტნიორის დახმარების ან/და მასზე დამოკიდებულების გარეშე.

  1. ეცადე, მოიფიქრო დამოუკიდებელი გზა ამ მიზნის მისაღწევად.
  2. ჩამოთვალე ყველა სხვა ალტერნატიული სცენარი, რომელშიც ბედნიერი იქნები, მიუხედავად იმისა, ის შენი მიზანი განხორციელდება თუ არა.
  3. იყავი გულწრფელი ამ ადამიანთან და შეეცადე, ნაცვლად მანიპულაციისა, პატიოსანი მოლაპარაკების გზით მიიღო სასურველი შედეგი.
  4. თუ სხვა ვერაფერს გააწყობ და გადაწყვეტ, რომ ურთიერთობაში დარჩენა შენს სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალია, აიღე სრული პასუხისმგებლობა ამ გადაწყვეტილებაზე. მორჩი წუწუნს ამ ურთიერთობის შესახებ და შეადგინე სამოქმედო გეგმა, რომელიც სამშვიდობოს ნაკლები დანაკარგებით გაგიყვანს.
  5. გახსოვდეს, რომ სხვა ადამიანის მოტყუებაზე უარესი მხოლოდ საკუთარი თავის მოტყუებაა.

შიში #2: ვეღარასოდეს ვიპოვი სხვა ადამიანს, ვისაც ამდენი რამ აქვს, რასაც ვეძებ პარტნიორში.

ეს ვითომ ჭეშმარიტებასავით ჟღერს, მაგრამ გამოცდილებით, ყოველი ახალი ადამიანი ვინც შენს ცხოვრებაში შემოაბიჯებს, უფრო მეტ ისეთ თვისებას ატარებს, რაც შენ ახლა და ამჟამად პარტნიორისგან გჭირდება. ყველა მომდევნო ურთიერთობაში იმაზე უკეთესად იგრძნობ თავს, ვიდრე წინაში.

განა ლოგიკური არ არის? ჩვენ ყოველდღიურად ვიზრდებით და ვსწავლობთ ახალ რაღაცებს. იმის მიხედვით, თუ როგორია ჩვენი ზრდის ტემპი, სხვა ადამიანები გვისწრებენ ან ჩამოგვრჩებიან. ამის გამო, უცებ შეიძლება აღმოაჩინო, რომ შენ და შენი პარტნიორი სხვადასხვა ტემპით იზრდებით და თქვენი შეხედულებები, ცხოვრების წესი და რიტმი ერთმანეთს აღარ ეთანხმება. ამაში ტრაგიკული არაფერია. ეს ჩვეულებრივი, ნორმალური ბუნების კანონია: ადამიანები სხვადასხვა ტემპით ვითარდებიან.

გახსოვდეს, რომ ცხოვრების ყოველ ფეხის ნაბიჯზე ზუსტად იმ ადამიანებს ვხვდებით, ვინც ჩვენი ზუსტი ენერგეტიკული ანარეკლი და მეწყვილეა.

ტოქსიკურ ურთიერთობაში დარჩენა მხოლოდ ენერგიისგან დაგცლის და გამოგფიტავს. რაც უფრო დიდხანს დარჩები მასში, მით უფრო გაგიჭირდება მომავალში თავის დაღწევა.

შიში #3: ასე ძალიან სხვა აღარავინ შემიყვარდება.

ეს სრული სიცრუეა. თუ იმ ეტაპზე შეაბიჯე, როცა კითხვები ჩნდება, სწორ ურთიერთობაში ხარ თუ არა, იქ სიყვარული მეორე ხარისხოვანი ხდება.

შეიძლება გიყვარდეს ადამიანი, მაგრამ მის გვერდით არ უნდა იყო.

არაჯანსაღი ურთიერთობების უმრავლესობა სწორედ ამგვარ მიდგომას იმსახურებს.

შეუფერებელი ურთიერთობის ოფიციალურად დასრულების შემდეგ, შენ კიდევ უფრო დიდი სიყვარულის უნარი გამოგითავისუფლდება.

სხვა რომ მართლაც არავინ შეგიყვარდეს, ყოველთვის იარსებებს ერთი ადამიანი, რომელიც ყოველთვის ყველაზე მეტად გეყვარება და ეყვარები:

ეს თავად შენ ხარ. 💖

რომანტიკული პარტნიორის არ არსებობა სულაც არ არის შენი ცხოვრების ტრაგიკული ვერსია. მოსაზრება, რომ აუცილებლად უნდა გვყავდეს პარტნიორი და ვინმესთან ერთად ვიყოთ, გადასაფასებელია. იქნებ ახლა სწორედ ცოტა დრო გჭირდება, როცა შენს თავთან მარტო დარჩები და დაიწყებ შენი თავის გაცნობას და შეყვარებას.

დაფიქრდი, იქნებ ეს შიში სინამდვილეში უფრო ღრმა და შენიღბული სხვა შიშია, რომელიც შემდეგნაირად ჟღერს: “საშინლად მეშინია მარტო ყოფნის.”

თუ გრძნობ, რომ გიჭირს მარტო ყოფნა და საკუთარი თავის სიყვარული, გადახედე ჩვენს სტატიებს თვითსიყვარულის თემაზე. თუ პრობლემა ღრმა და ძლიერია, მიმართე ფსიქოთერაპევტს.

შიში #4: ვნერვიულობ, რას იფიქრებენ მისი ოჯახის წევრები და მეგობრები. არ მინდა მათი შეფასებები გავამართლო.

თუ შენი პარტნიორის მეგობრები და ოჯახის წევრები თავიდანვე ალმაცერად გიყურებდნენ და შენ ყველა ღონეს ცდილობდი, მათი კეთილგანწყობა მოგეპოვებინა, კარგად მესმის, რასაც ახლა გრძნობ. არ გინდა მთელი შენი ეს შრომა წყალში ჩაიყაროს.

შეიძლება მის წრეს, მეგობრებს და ოჯახის წევრებს იმდენად შეჩვეული ხარ, რომ მათ გარეშე ვერც წარმოგიდგენია ცხოვრება. ერთად ალბათ დიდი დროის გატარებაც გიწევდათ, რადგან მათი აზრი ასე გაწუხებს.

გახსოვდეს, რომ ისინი მაინც მისი ოჯახი და მეგობრები არიან. ნებისმიერ შემთხვევაში მის მხარეს დაიჭერენ და მას გაამართლებენ.

ჯობია, შენს საკუთარ მეგობრებზე და იმ ოჯახის წევრებზე იფიქრო, რომლებიც მხარს დაგიჭერენ და გვერდით დაგიდგებიან.

როცა საქმე შენს ცხოვრებას და ბედნიერებას ეხება, ეცადე, სხვების აზრს ყურადღება საერთოდ არ მიაქციო. ამ ადამიანთან ურთიერთობა და თანაცხოვრება შენ გიწევს და არა მათ, ამიტომ ყველაზე უკეთ შენ იცი შენი ურთიერთობის დეტალები.

საბაბები

არაჯანსაღ ურთიერთობაში დარჩენის საბაბს მაშინ გამოვძებნით ხოლმე, როცა გამოუხატავი და გაუცნობიერებელი შიშის რაციონალიზაციას და გამართლებას ვიწყებთ. საბაბი კიდევ უფრო რთული გასააზრებელი და დასაძლევია ვიდრე შიში, რადგან ერთი შეხედვით ის თითქოს ძლიერი პოზიციიდან მომდინარეობს: შენ რაღაცის თავიდან აცილებას კი არ ცდილობ, არამედ რაღაცისკენ მიისწრაფი.

სინამდვილეში, ეს ორმაგი თავის მოტყუებაა – ჯერ თავს ვიტყუებთ და უარვყოფთ ფარულ, გაუცნობიერებელ შიშს, შემდეგ კი ვიგონებთ და ამ შიშზე დავაშენებთ ფანტაზიას, რომელსაც საერთო არაფერი აქვს რეალობასთან.

მოდი ერთად გავაანალიზოთ.

საბაბი #1: მე განსაკუთრებული მომავლის ხედვა მაქვს ჩვენი თანაცხოვრების შესახებ და არ მინდა ეს ოცნებები წყალში ჩაიყაროს.

ეს ნიშნავს, რომ 1) შენ გაურბიხარ იმ შეგრძნებეს, რომლებიც აქ და ამჟამად, ამ ადამიანის გვერდით ყოფნისას გეუფლება, 2) იგონებ არარსებულ სამომავლო სცენარს, ფანტაზიას და ირწმუნებ, რომ ოდესმე ის რეალური გახდება.

ამ საბაბთან შესაბრძოლებლად, კარგად დააკვირდი და გააანალიზე შენი შეგრძნებები და ემოციები იმ მომენტებში, როცა ამ ადამიანთან ერთად ხარ. გსიამოვნებს მასთან ყოფნა?

ასევე დააკვირდი, რა შეგრძნებები გეუფლება იმ ფანტაზიების წარმოდგენისას, რომლებიც შენ თვითონ გამოიგონე და გულწრფელად გამოუტყდი შენს თავს, რომ ეს ფანტაზიები ამ კონკრეტულ ადამიანთან არასდროს აგისრულდება.

ამ შეკითხვებზე პასუხი შეიძლება ძალიან ჩახლართული და არაერთგვაროვანი იყოს. ხშირად არაჯანსაღ ურთიერთობებში ტოქსიკურ პარტნიორებს “ამერიკული მთებივით” ცვალებადობა ახასიათებთ. მაგალითად, თუ ერთ დღეს ყველაფერი რიგზეა და ის ყურადღებით და სიყვარულით გავსებს, მეორე დღეს კი ყველა პატარა მიზეზზეც გიშარდება, ასეთი ქცევა არაჯანსაღი ურთიერთობის უპირველესი სიმპტომია.

ასევე შეიძლება აღმოაჩინო, რომ გიჭირს იმის გარკვევა, თუ რას გრძნობ სინამდვილეში. ზოგჯერ წლების განმავლობაში ემოციური და მენტალური ძალადობის ქვეშ მყოფი ადამიანები საკუთარ შეგრძნებებთან კავშირს კარგავენ და ეჩვენებათ, რომ თითქოს საერთოდ ვეღარაფერს გრძნობენ.

ასეთი ძალადობა არაა აუცილებელი უშუალოდ შენი პარტნიორისგან ახლა მომდინარეობდეს. ხანდახან მოძალადე მშობელი და ბავშვობისდროინდელი ტრავმა საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენს ემოციებთან კავშირი გაგვიწყდეს. თუ შენც ასეთი ისტორია გაქვს, ფსიქოთერაპიას მიმართე. მგრძნობელობის გასაძლიერებლად კი მედიტაციით და იოგათი დაკავდი. დღეში თუნდაც 10-20 წუთი მედიტაცია საკუთარი ემოციების და შეგრძნებების უკეთ აღქმაში და გააზრებაში დაგეხმარება.

საბაბი #2: მინდა დავეხმარო მას, რომ შეიცვალოს და გაუმჯობესდეს.

ეს ალბათ ყველაზე უარესია, რაც შეიძლება შეყვარებულ ადამიანს დაემართოს პარტნიორთან მიმართებაში. გახსოვდეს, რომ ვერავინ ვერავის გადაარჩენს და შენც ვერავის დაეხმარები შეცვლასა და გაუმჯობესებაში. სჯობს, ეგ ენერგია საკუთარი თავის შეცვლასა და გაუმჯებესებაზე დახარჯო.

გირჩევ, გადახედო სტატიებს და თეორიებს რობინ ჰუდის კომპლექსის და ნარცისული/დამოკიდებული პარტნიორობის შესახებ.

საბაბი #3: ეს ურთიერთობა მტკივნეულია, მაგრამ მისგან ბევრს ვსწავლობ და ეს გაკვეთილები არ მინდა შეწყდეს.

ჩემზე უკეთ ვერავინ გაგიგებს, თუ რა სასიამოვნო და დასაფასებელია, როცა სამყარო თვითშემეცნების გაკვეთილებს გვთავაზობს: მაგრამ ასევე გამოცდილებით გირჩევ, ნუ გამოიყენებ სხვა ადამიანს თვითშემეცნების ხელსაწყოდ (მითუმეტეს, თუ ეს პროცესი მეორე ადამიანს რამენაირ ზიანს აყენებს).

დარწმუნებული ვარ, შეგიძლია, რომ თვითშემეცნება დამოუკიდებლად, ურთიერთობის გარეთ გააგრძელო. ამისათვის უამრავი სხვადასხვა გზა არსებობს. იოგა, მედიტაცია და დღიურის წერა მხოლოდ რამდენიმეა ამ გზებიდან.

საბაბი #4: თავს ცუდად ვგრძნობ, რომ მისი იმედები გავაცრუე და დავაღალატე.

თუ შენი პარტნიორი ხშირად გადანაშაულებს ძველი შეცდომებისთვის და მუდმივად გაგრძნობინებს, რომ არასაკმარისი ხარ, დროა მას დაემშვიდობო. მისასალმებელია, როცა შენს შეცდომებს ხედავ და გამოსწორებასაც ცდილობ, მაგრამ თუ გრძნობ, რომ პარტნიორი დანაშაულის და სირცხვილის გრძნობას სპეციალურად გიღვივებს, საქმე ტოქსიკურ ურთიერთობასთან გაქვს.

თუ ხვდები, რომ ამ ადამიანთან ურთიერთობაში მართლაც მუდმივად უშვებ შეცდომებს, დაფიქრდი, იქნებ უბრალოდ პასუხისმგებლობის აღება არ გინდა საკუთარ შეცდომებზე? იქნებ თავს იტყუებ, იმის მაგივრად, რომ აღიარო, რომ შენ არ ხარ ის ადამიანი, ვინც მას სჭირდება, და შესაბამისად, ის არ არის ის ადამიანი, ვისთანაც შენ თავს იგრძნობ თავისუფლად, შეზღუდვების და თავის მოკატუნების გარეშე.

შეიძლება, შენი თავის შესახებ გადაჭარბებულად პოზიტიური წარმოდგენა გაქვს, და ვერ წარმოგიდგენია, რომ შეცდომების დაშვება შენც შეგიძლია. ეს შენი პიროვნების არაინტეგრირებული, ჩრდილოვანი მხარის გამოვლინებაა. ასეთ დროს, შეცდომების აღიარებისაც გეშინია, და თუკი ვინმე შემთხვევით შეცდომაზე “წაგასწრებს”, ამ დროს სიტუაციის დრამატიზებასაც ახდენ.

  1. ნუ დარჩები ურთიერთობაში მხოლოდ იმიტომ, რომ “წარუმატებლობის” გეშინია ან საკუთარი არა-იდეალურობის დაჯერება არ გინდა. ნამდვილი “წარუმატებლობა” მხოლოდ ისაა, როცა წლების განმავლობაში გააგრძელებ საკუთარი თავის და სხვა ადამიანების მოტყუებას.
  2. თუ გრძნობ, რომ პრობლემა შენშია, მიმართე ფსიქოანალიტიკოსს ან ფსიქოთერაპევტს.

საბაბი #5: კი, მაგრამ მასთან დროის უმეტეს პერიოდში ბედნიერი ვარ; რაღაცები მაღიზიანებს, მაგრამ… მიყვარს მისი სხვა თვისებები, ჩვენი ხუმრობები, ჩვენი საერთო რიტუალები, ის თუ როგორ მიჭერს მხარს ხანდახან, ჩვენი განვლილი ცხოვრება, ყველაფერი რაც გვაკავშირებს; მინდა რომ ეს ურთიერთობა გამოვიდეს… (იქვე ისმის ქვითინი…)

საუბედუროდ, სიყვარულს ყოველთვის ბედნიერი დასასრული არ აქვს. შესაძლებელია, რომ ადამიანი გვიყვარდეს, მასთან განვლილი დროც ძვირფასად მიგვაჩნდეს, თუმცა, ურთიერთობას მომავალი მაინც არ ჰქონდეს.

ასეთ შემთხვევაში, საკუთარ თავთან უდიდესი გულწრფელობა გვმართებს: ღირს მთელი ცხოვრების გატარება ისეთ ურთიერთობაში, რომელიც მხოლოდ წარსულით საზრდოობს?

თუ იგრძენი, რომ რომელიმე მიზეზი (შიში ან საბაბი) შენთან ახლოსაა, ქვემოთ, კომენტარებში დატოვე შენი მოსაზრება და ემოციები. გამიზიარე, თუ შენს კონკრეტულ შემთხვევაში სხვა შიში ან საბაბი მუშაობს და სიხარულით ჩავამატებ სტატიაში.


თუ ამ ტექსტმა შენში განსაკუთრებული ემოციები გამოიწვია და გსურს მეტი ვისაუბროთ ამ თემაზე, შემოდი პინკ კლუბში და წამოიწყე ღია დისკუსია, 👭🏻 ან იქვე შეუერთდი ჩვენს მენტორობის პროგრამას სადაც კლუბის წევრები მოგისმენენ, დაგაკვალიანებენ და შეძლებისდაგვარად დაგეხმარებიან პირადი პრობლემების გადაჭრაში. 💋


მთავარი ფოტო: Kelly Sikkema on Unsplash