მთარგმნელისგან:

დიდი ხანია ვფიქრობ იმაზე, რომ ძალადობა ოჯახში და ურთიერთობაში ის მნიშვნელოვანი თემაა, რომელზეც ქართულ ენაზე ძალიან ცოტა ინფორმაცია მოიპოვება . ამიტომ, როდესაც ეს სტატუსი ვიპოვე, მაშინვე გადავწყვიტე მეთარგმნა.

ტექსტში განგებ არის აღებული კაცი – ქალის ურთიერთობის დინამიკა (თუ რატომ  – ამის შესახებ თავად ავტორი წერს სტატიის ბოლოში), თუმცა, ვფიქრობ რომ ზემოქმედების  მექანიზმები მსგავსი იქნება ნებისმიერი გენდერისა და სექსუალობის მქონე ადამიანების წყვილებში და შესაბამისად, ინფორმაცია მნიშვნელოვანია ყველასთვის. 

ასევე მგონია, რომ სტატიაში გამორჩენილია ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც განსაკუთრებულად აქტუალურია საქართველოსთვის: შიში იმის, რომ ყოფილი ქმარი/პარტნიორი მოგკლავს. ვფიქრობ, ამაზე სხვა დროს დავწერ, მაგრამ ის აუცილებლად უნდა გვახსოვდეს.

კი, მაგრამ რატომ ითმენს? აქამდე რანაირად მიიყვანა საქმე? რატომ არ წავიდა? სად იყურებოდა და რაზე ფიქრობდა, როდესაც ასეთს ცოლად მიყვებოდა და თანაც ბავშვებს უჩენდა? – ეს და უამრავი სხვა კითხვა ისმის მაშინ, როდესაც ადამიანები ოჯახურ ძალადობაზე იწყებენ ლაპარაკს. სინამდვილეში, პასუხი მარტივია, მაგრამ მის გასაგებად, ჯერ უნდა გავერკვეთ იმ მექანიზმებში, რომლებითაც ოჯახური ძალადობა მოქმედებს.

პირველ რიგში, უნდა გავიაზროთ: არც ერთი “ლოკალური ტირანი” არ იწყებს ურთიერთობებს შეურაცხყოფებით და მუშტებით.

როგორც წესი, ურთიერთობები, რომლებიც შემდგომში ღამის კოშმარად იქცევა, თავდაპირველად ზღაპარივით იწყება: მზრუნველი, მოსიყვარულე  (იქნებ – სულის შემხუთავიც, მაგრამ რა უჭირს?) პარტნიორი ჩნდება მეორე ადამიანის ცხოვრებაში და “ახდენს სასწაულებს”. ლამაზი ჟესტები, საჩუქრები, სიყვარულის ახსნები, ადამიანის სანუკვარი ოცნებების ახდენები და სხვა, ბევრი ლამაზი მომენტი, რომელსაც რომანტიულ ფილმებში და წიგნებში კოვზით გვაჭმევენ ხოლმე. ყველა, ვისაც გონია, რომ ამ ეტაპზე მოძალადეს მაშინვე ამოიცნობს, მწარედ ცდება. 

როდესაც ამ ფეიერვერკით მოსყიდულ ქალს გრძნობები უჩნდება და მამაკაცზე დამოკიდებული ხდება, ჩნდება ძალადობის პირველი ჩანასახები. თუმცა, ეს არც ამ ეტაპზეა რამე მკვეთრი და შემაშფოთებელი. პროცესს, რომლითაც ურთიერთობაში ძალადობის “დანერგვა” ხდება,  ძალადობის ნორმალიზების პროცესი ეწოდება და ის სამ ძირითად ელემენტზეა აგებული. გასათვალისწინებელია, რომ ეს ელემენტები ხშირად ერთმანეთშია ჩახლართული და სხვადასხვა სახით შეიძლება არსებობდნენ.

1. “საზღვრების გადაწევა”

ლაპარაკია როგორც ქალის პირად საზღვრებზე, ასევე იმის ზღვარზე თუ როგორ მოპყრობას მიიჩნევს ქალი ნორმალურად.  თავდაპირველად, პარტნიორი ქალის ცხოვრების ყველა სფეროში იჭრება და ეს ზრუნვით და ინტერესით ინიღბება. “გამოგაკითხავ და სახლში წაგიყვან, თორემ ბნელა გარეთ” რამდენიმე თვეში შეიძლება “სად დაეთრევი აქამდე”-დ იქცეს, ხოლო –  “წამო, მეც წამიყვანე შენს დაქალებთან, მათი გაცნობა მინდა” –  “რამდენჯერ გითხრა, ნუ ედაქალები მაგ ***ქალებს, გადებილებენ მეთქი”-დ. პარტნიორი ეტაპობრივად იჭრება ქალის ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებში და ზრუნვას კონტროლად აქცევს.

საზღვრებში შეჭრა კიდევ უფრო შესამჩნევი ხდება, როდესაც საქმე ეხება იმას, თუ როგორ მოპყრობას აღიქვამს მსხვერპლი ნორმად.

თავდაპირველად, ქალის არასასურველი ქმედება (არასაკმარისად გრძელი კაბა, დაქალებთან ერთად სადღაც გასვლა და ა.შ.) ძალიან “მსუბუქად ისჯება”: სახის შეცვლილი გამომეტყველებით, “სხვანაირად აწეული წარბით”, ხვეწნით (კარგი რააააა, უშენოდ მთელი საღამო უნდა მოვიწყინოო). შემდგომში, მოძალადე სულ უფრო და უფრო “ამკაცრებს” მეთოდებს და ამგვარად მსხვერპლის “საზღვრებს წევს” – ჯერ ხმას უწევს, მერე  ყვირილს იწყებს, შემდეგ ხელის კვრაზე და საბოლოოდ ცემაზე გადადის.  ვინაიდან ეს პროცესი მიმდინარეობს ძალიან ნელა, გაწელილია რამდენიმე თვის პერიოდზე და ხდება დანარჩენი ორი ელემენტის პარალელურად, მსხვერპლი იბნევა და  უბრალოდ ვერ აფიქსირებს “როდის ადუღდა წყალი”.

2. იზოლაცია

იზოლაცია ნებისმიერი ძალადობისა და ტირანიის ქვაკუთხედია. იმისთვის, რომ მსხვერპლი სრული კონტროლის ქვეშ იყოს, ის მარტო უნდა დარჩეს. მოძალადე ყველანაირი მეთოდით ცდილობს ჩამოაშოროს მსხვერპლი თავის წრეს.

მაგალითად,  “კაი რა, ისევ დედას ურეკავ?”, “ისევ თამუნას ელაპარაკები?” – და სხვა მსგავსი ფრაზები, რომლებსაც ისეთი “მჟავე სახე” ახლავს თან, რომ მსხვერპლი თანდათანობით კარგავს სურვილს სადმე წერის და ვინმესთან ლაპარაკის. სულ მცირე მაშინ, როდესაც “საყვარელი ფისო” ახლოსაა. აქვე შეიძლება ხდებოდეს ადამიანების აქტიური “გაშავება” მსხვერპლის თვალში. და, რა თქმა უნდა, ეჭვიანობა – იშვიათია ძალადობა, ეჭვიანობაზე დაფუძნებული, კონტროლის გარეშე – როდესაც გირჩევნია სახლიდან არ გახვიდე, ვიდრე აიტანო ყველა ის ისტერიკა, დაკითხვა და ჩხუბი, რომელიც ამას მოყვება

თუმცა, იზოლაცია მხოლოდ სოციალური კონტაქტებით არ შემოიფარგლება. პირველ რიგში, ეს ეხება ყველა იმ ასპექტს, რომელიც ქალს დამოუკიდებლობას და საკუთარი ძალების რწმენას ართმევს. “ბავშვის ყოლა თუ გვინდა, არ სჯობს სამსახურს თავი დაანებო? ბავშვებს დედა სჭირდება”, “კაი, ისეთს რას აკეთებ ამ სამსახურში, ან რამდენს გიხდიან? დაჯექი რა, სახლში, დაისვენე, მე მოგივლით”. იგივე ეხება გართობებს, გატაცებებს და ჰობებს. ასევე, საკმაოდ ხშირია კონტრაცეფციის საბოტაჟი და ზოგადად, რაც შეიძლება მეტი შვილის, რაც შეიძლება მალე ყოლის აქტიური სურვილი. ასეთ დროს, ქალმა  “სრულიად მოულოდნელად” შეიძლება აღმოაჩინოს რომ სახლში, ორ პატარა ბავშვთან ერთად და დამოუკიდებელი მატერიალური სახრების გარეშე დარჩა გამოკეტილი. რაც მთავარია  მაშინ, როდესაც უკანასკნელი დაქალიც დანებდა და აღარ რეკავს.

3. თვითშეფასების განადგურება

ეს უკანასკნელი ყველაფრის დამაგვირგვინებელია. მის გარეშე მთელი “წარმოდგენა” უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა. ისევ და ისევ გვახსოვდეს, არავინ იწყებს ურთიერთობას პარტნიორის უტვინო ძროხასთან შედარებით. აქაც, ყველაფერი “შეუმჩნევლად” უწყინარი ხუმრობებით იწყება. პატარ-პატარა ირონიული წამოძახებები, აბუჩად აგდება, მიღწევების გაუფასურება, შრომის უგულებელყოფა და ა.შ. თანდათანობით პატარა “ჩხვლეტები” სულ უფრო და უფრო მძიმე შეურაცხყოფებსა და შეფასებებში გადადის.

შეფასებების მთავარი აზრი შემდეგია: ა. ყველაფერში შენ თვითონ ხარ დამნაშავე, უბრალოდ შეუძლებელია ადამიანი სხვანაირად მოგეპყროს, უკეთეს ქცევას არ იმსახურებ, შენ თვითონ მიწვევ, არანორმალური ხარ, ჩემს ადგილზე ყველა ასე მოიქცეოდა.
ბ. ისეთი მახინჯი/მსუქანი/ავადმყოფი/სულელი/შეუმდგარი/ბებერი/და ა.შ. ხარ, რომ უნდა მიმადლოდე, ზედ რომ შემოგხედე – არ არსებობს ადამიანი, რომელსაც შენთან ყოფნა მოუნდებოდა.

როგორც წესი ასეთი “გზავნილი” ბევრია და ყველა მათგანი ურტყამს ყველაზე მტკივნეულ წერტილებში: თვისებებში, რომელსაც ქალი თავის ძლიერ მხარეებად თვლიდა ან თემები, რომელშიც ის მოწყვლადია და თავის დროზე პარტნიორს გაანდო.

ამ სამი “ტექნიკის” გამოყენების შედეგად ვიღებთ ტიპურ მსხვერპლს – ადამიანს, რომელსაც არსად აქვს წასასვლელი, არ აქვს მატერიალური სახსრები და მხარდამჭერიც არავინ ყავს. მას სჯერა, რომ მოძალადე უკარგესი ადამიანია, რომელიც ასეთ ცუდ ქალს “იტანს” და ყველა კონფლიქტში თავად არის დამნაშავე. ამასთანავე, საკმაოდ ხშირად მსხვერპლს ამ დროს ყავს ბავშვები და აქვს კრედიტები.

თუკი ამ ყველაფერს “ემოციური საქანელაც” (ურთიერთობის “ტკბილი და თბილი” ეტაპებისა და “ცივი, ძალადობრივი” ეპიზოდების მონაცვლეობა, რომელიც მსხვერპლს მოძალადეზე ემოციურად დამოკიდებულს ხდის) ახლავს თან, ვიღებთ სრულ სურათს, სადაც “მაზოხისტი ქალი” არ შორდება კაცს, რომელიც ფეხებს აწმენდს ზედ.

თუმცა არა, სრული სურათისთვის ერთი ფაქტორის დამატება დაგვაკლდა –  აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, თუ რამდენად დიდ სირცხვილად ითვლება,  ჩვენს საზოგადოებაში,  მსხვერპლად ყოფნა. რამდენად წარმოუდგენელია იმის აღიარება, რომ საკუთარი მეუღლე თუ შეყვარებული გცემს და შეურაცხყოფას გაყენებს.

გამოჩნდება უამრავი ადამიანი, რომელიც ეცდება გაარკვიოს რა დააშავე: იქნებ მიიყვანე იმ მდგომარეობამდე, რომ ეცემე? და უფრო ადრე რატომ არ წახვედი?  საერთოდ რატომ დაიწყე მასთან ურთიერთობა? და თუ ასეთი იყო, რას უჩენდი ბავშვებს? როგორ შეიძლებოდა? სად იყურებოდი? რაზე ფიქრობდი? მორჩა. ძალადობაში მსხვერპლი გამოდის დამნაშავე. როგორც წესი, ადამიანს, რომლის ფსიქიკა ისედაც მორყეულია და სირცხვილის გრძნობითაა სავსე, უბრალოდ აღარ შეუძლია “კიდევ ცოტას” ატანა.

სტატისტიკის თანახმად, მსხვერპლს საშუალოდ სჭირდება შვიდი მცდელობა იმისთვის, რომ ერთხელ და საბოლოოდ მიატოვოს მოძალადე.

და ეს იმიტომ არ ხდება, რომ “ალბათ ასე მოსწონს”, “მაზოხისტია”, ან “დებილია”.

ძალადობა ურთიერთობაში – არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტიპის ტრავმა, რომელიც ადამიანის ფსიქიკამ შეიძლება აიტანოს. როდესაც ადამიანი, რომელიც გიყვარს და რომელსაც ენდობი ხან ფეხებს გაწმენდს და ხან სიყვარულში გხვევს, ფსიქიკა უბრალოდ “ინგრევა”, ქრება “ნორმალურობის მაჩვენებლები” და ადამიანს პრაქტიკულად აღარ შეუძლია იმის აღქმა თუ რა არის სწორი და რა – არა. მისთვის შეუძლებელი ხდება მოჯადოებული წრიდან გამოსვლა და სიტუაციის “გარედან შეფასება”.

მსგავსი ტიპის ძალადობის მსხვერპლებთან მუშაობა საჭიროებს ძალიან დიდ მოთმინებას და ხშირად მოაქვს იმედგაცრუება. ასეთი ადამიანის ტირანისგან გადარჩენა, “ერთი შეტაკებით” სავარაუდოდ არ გამოვა. საჭირო იქნება 2, 5, 10 და მეტი მცდელობა. ასეთ დროს, “გადამრჩენელის ეგოს” დაკმაყოფილება ძალიან რთული პროცესია, იმის მიუხედავად თუ ვინ ეცდება ადამიანის “ამოთრევას”:  ფსიქოთერაპევტი, სოც.მუშაკი თუ მეგობარი.

მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა “შეეშვა” და “მაინც არაფერი გამოვა”. ყოველი პატარა მომენტი, რომელიც მსხვერპლს თავის მდგომარეობას აჩვენებს და ძალას უბრუნებს, მნიშვნელოვანია, და ერთ დღესაც დაეხმარება მას წასვლაში.  თუმცა მანამ, სანამ მსხვერპლი ჯერ კიდევ “იქაა”, სულ მცირე, რისი გაკეთებაც შეუძლია ყველას, ეს მისი არ დადანაშაულებაა, იმიტომ რომ სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობა მსხვერპლის ცხოვრებაში ისედაც ბევრია.

P.S. აქვე დავამატებ, რომ გააზრებულად აღვწერე სიტუაცია კაცი-ქალის დინამიკაში. იმიტომ, რომ ეს ყველაზე მეტად გავრცელებული დინამიკაა. სამწუხაროდ, ძალადობა გენდერულადაა განპირობებული. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ არსებობენ მსხვერპლი კაცები. ეს ნიშნავს იმას, რომ მსხვერპლების უმეტესობა ქალია, და ძალიან ხშირად, ისინი ხდებიან მსხვერპლები სწორედ იმიტომ, რომ ქალები არიან.

მთარგმნელი: ნატო ბელქანია | ორიგინალის ავტორი: ანნა ტოპილინა (სოც.მუშაკი)

თუ ხარ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ან გაქვს ინფორმაცია ძალადობის შესახებ, დარეკე 112-ზე ან გადმოტვირთე მობილური აპლიკაცია SOS (ჩუმი განგაშის) ღილაკით. 🆘 Android 🆘 iOS
პოლიცია ნებისმიერ დროს მზად არის დასახმარებლად!