რატომ შეიძლება მოგინდეს საკუთარი ბიზნესის წამოწყება?

მიზეზი ბევრია: ფული, საკუთარი თავის რეალიზების სურვილი, იდეა, რომელიც წარმატებას მოგიტანს ან უბრალოდ სურვილი, გქონდეს შენი საქმე, რომელიც მეტ დამოუკიდებლობას მოგიტანს, ვიდრე სხვის ოფისში 10-დან 7 საათამდე ჯდომა.

შენ გარშემო ალბათ ბევრია ისეთი, ვინც საკუთარი ბიზნესი დაიწყო. მაგრამ ყველას არ უმართლებს? რატომ?

იმიტომ, რომ კარგი ბიზნესისთვის კარგი იდეაა საჭირო.

როგორ გამოვიმუშაოთ იდეა

თუ შენ კრეატიული ადამიანი ხარ და კარგი იდეის გამოსამუშავებლად განსაკუთრებული ჩვევები არ გჭირდება, მომილოცავს. თუ არა – მაშინ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას მოგცემ, რომელიც უკვე გამოცდილია, მშვენივრად მუშაობს და საქმესაც საგრძნობლად გაგიადვილებს.

განიხილე იდეა

განიხილე შენი იდეა მომავალ პარტნიორებთან, მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად, პერსპექტივა და რისკები შეაფასე. მათი განსხვავებული ხედვა ნამდვილად დაგეხმარება. სთხოვე დაგისვან კითხვები.

გამოიყენე გონებრივი შტურმის მეთოდი

ეს წესი გუნდური მუშაობისთვის ყველაზე სახალისოა. დაგჭირდება დაფა, მარკერი და ბევრი კრეატიული აზრი.

ცენტრში განათავსე შენი იდეა და  დაიწყე ნებისმიერი, ყველაზე სულელური ასოციაციის ჩამოწერა, რაც თავში მოგივათ. გახსოვდეს, ყველაზე აბსურდული და სულელური აზრიც კი შეიძლება გენიალური აღმოჩნდეს.

აუდიტორიას ნუ შეზღუდავ და არც თავად შეიზღუდო. ეს ხომ შენი დაფა და იდეებია!

კითხვების მეთოდი

ჩამოწერე ყველა სავარაუდო კითხვა, რაც საერთო აზრის ჩამოყალიბებასა და პრობლემების წარმოჩენაში დაგეხმარება. შეეცადე, ამ კითხვებს თავად ან სხვების დახმარებით გასცე პასუხი. ეს მეთოდი იდეის პრობლემების დანახვისა და მათი მოგვარების გზების პოვნისთვის კარგი გამოსავალია.

უბის წიგნაკის მეთოდი

კარგი იდეა შეიძლება მოგივიდეს ყველგან: ტრანსპორტში, პარკში, ლანჩზე, ან სულაც შოპინგზე, ამიტომაც ყოველთვის თან იქონიე უბის წიგნაკი ჩანაწერებისთვის ან ტელეფონში ჩაინიშნე ახალი აზრი, რომელსაც შემდეგ განავითარებ.

არ დაგავიწყდეს! ყველა იდეას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე. კარგი იქნება, თუ მისი განხილვისას ორივე თეზისს გაარჩევ და საბოლოოდ გადაწყვეტ, ღირს თუ არა, ეს იდეა რეალობად აქციო.

ასევე გაითვალისწინე! იდეა წარმატებულ პროექტად რომ იქცეს, უნდა შეისწავლო მოსახლეობის ის სეგმენტი, რომელზეც შენი იდეით აპირებ მუშაობას. დარწმუნდი, რომ მათ უკვე არ აქვთ ის მომსახურება ან პროდუქტი, რასაც შენ სთავაზობ.