დაახლოებით ერთი თვის წინ ემა უოტსონი, ცნობილი ჰერმიონა “ჰარი პოტერიდან” Kering -ჯგუფის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ეს ნიშნავს, რომ ისეთმა მოდის გიგანტმა როგორც Kering -ია, რომელიც მხოლოდ მაღალი კლასის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ბრენდებს ფლობს, ეკოლოგიაზე ზრუნვა პრიორიტეტად აქცია. ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ზედამხედველობა კი უოტსონს ჩააბარა, რომელიც მართალია მისი როლებით უფრო ცნობილია, თუმცა გარემოსა და ადამიანის უფლებების დაცვაში, ასაკის მიუხედავად, საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს.

უცნაურია, ჩვენს გონებაში მსახობები მათი ყველაზე ცნობილი როლების ასაკს ინარჩუნებენ. ემას ხსენებაზეც მუდამ ნორჩი, სერიოზული ჰერმიონა წარმოგვიდგება, მაგრამ ჰარი პოტერის ერთგული მეგობარი თვალსა და ხელს შუა, 30 წლის ქალად და ადამიანის უფლებათა თავგამოდებულ დამცველად ქცეულა.

ამჟამად, ემა გაეროს მშვიდობის ელჩია და მოძრაობა Time’s up-თან თანამშრომლობს.

ყველაფერი აფრიკაში რამდენიმე ვიზიტით დაიწყო, სადაც უოტსონი ქალთა განათლების თემებზე სამუშაოდ ჩავიდა. მის მუშაობას ყურადღებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიაქცია და ელჩის სტატუსი მიანიჭა. ამას მოჰყვა კამპანია HeForShe –  კაცები ქალების დასახმარებლად, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი მსახიობი იყო.

ემა უოტსონი ფემინისტია, აქტიურად იბრძვის ქალთა უფლებების დასაცავად და ამავე დროს, გარემოსა და ეკოლოგიაზე ზრუნავს. სწორედ ამ საქმიანობის გამო, ემა Kering -ჯგუფის მდგრადი განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს.

თუ ემას მიმართ უმრავლესობა დადებითადაა განწყობილი, ზუსტად საპირისპირო განწყობას გამოხატავენ გრეტა ტუნბერგის მიმართ. რატომ? პირველ რიგში გრეტას გარეგნობის გამო, რადგან ადამიანების უმრავლესობა პირველი შთაბეჭდილებით მსჯელობას ანიჭებს უპირატესობას.

შესაძლოა, პირველი შთაბეჭდილება მნიშვნელოვანია, მაგრამ არა ახალგაზრდა გარემოს დამცველის შემთხვევაში. ტუნბერგს 11 წლის ასაკში ასპერგერის სინდრომი, ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი და არჩევითი მუტიზმი დაუდგინეს. ეს ნიშნავს, რომ მისი და ჯანმრთელი ადამიანის ემოციები, ასევე მათი გამოხატვის უნარი სრულიად განსხვავებულია.

2019 წლის 20 აგვისტოს 15 წლის გრეტამ სკოლაში სიარული შეწყვიტა და საპროტესტო აქციები დაიწყო შვედეთის ტყეები ხანძრისგან გადასარჩენად, რომლის მიზეზი გლობალური დათბობა იყო. 

“თუ თქვენ ,უფროსებს არ გაღელვებს ჩემი მომავალი, არც მე მაღელვებს. მე მქვია გრეტა და ვსწავლობ მეცხრე კლასში. მე არ დავბრუნდები სკოლაში ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებამდე.” 

გრეტა არჩევნების შემდეგაც არ გაჩერებულა. მან “პარასკევები მომავლისთვის” დააანონსა და ყველა მსურველს, ნებისმიერ ქვეყანაში პარლამენტების წინ საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდა.

საკუთარი თავისებურებიდან გამომდინარე, გრეტას ერთ თემაზე საათობით მობილიზება შეუძლია. ამის წყალობით, მან გარემოს დაცვის საკითხი სრულყოფილად შეისწავლა, შემდეგ კი თეორიიდან პრაქტიკაზე გადავიდა – ამოიღო ხორცი საკვები რაციონიდან, გახდა მდგრადი შოპინგის მიმდევარი, შეწყვიტა თვითმფრინავით ფრენა და ახლა მხოლოდ მატარებლით მოგზაურობს.

საქმეში ოჯახიც აიყოლია. მათ სახლში მზის სისტემი დაამონტაჟეს და ველოსიპედების გამოყენება დაიწყეს. ოჯახის კუთვნილ ელექტრომობილს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იყენებენ.

გრეტას მიზანია შვედი პოლიტიკოსების ყურადღება გარემოს დაცვისკენ მიაქციოს, რათა პლანეტაზე მომატებული ტემპერატურა 2 გრადუსის ფარგლებში მერყეობდეს, ისე, როგორც ამას პარიზის კლიმატის ხელშეკრულება ითვალისწინებს.

რას მიაღწია 17 წლის ტუნბერგმა?

გრეტას მოძრაობაში ნახევარ მილიონამდე ადამიანი ჩაერთო, მან გამართა 2000-მდე აქცია მსოფლიოს 123 ქვეყანაში, მათ შორის ანტარქტიდაზე, სიტყვით გამოვიდა გაეროს კონფერენციასა და დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე. იყო Ted x Stockholm -ის სპიკერი.

ჟურმალმა Time გრეტა, მიშელ ობამას და ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრის, ჯასინდა არდერნთან ერთად, წლის ადამიანად დაასახელა.

შესაძლოა, გრეტამ ყველა დასახულ მიზანს ვერ მიაღწიოს, მაგრამ მან ათასობით ახალგაზრდა ადამიანი გარემოს დაცვაზე უკვე დააფიქრა.

და მაინც, ჩემთვის, გარემოზე ზრუნვის პიონერი სტელა მაკარტნია. წლობით არ გვესმოდა თუ რაზე გვესაუბრებოდა ეს ადამიანი, რა ეკოლოგიური მოდა, რა პასუხისმგებლობით მოხმარება? საერთოდ ვერ ვხვდებოდით რაზე მიგვითითებდა სიტყვითა და საქმით.

შესაძლოა, კარიერის დასაწყისში სტელამ სახელგანთქმული მამის, პოლ მაკარტნის სახელით ისარგებლა, მაგრამ შემდეგ, შრომისა და ნიჭის შედეგად, არამარტო საკუთარი ადგილი დაიკავა მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში, არამედ ნაწილობრივ მაინც გააკეთილშობილა იგი.

ბრიტანეთის სამეფო ლეგიონის წევრი დიზაინერი საკუთარ კოლექციებში ნატურალურ ტყავს და ბეწვეულს არ იყენებს. ის აქტიურად თანამშრომლობს ცხოველთა უფლებადამცველ ორგანიზაციასთან PETA. სამოსი მისი კოლექციებიდან სრულად გადამუშავებადი მასალისგან მზადდება, ხოლო მაკარტნის თავის მოვლის ხაზი – CARE, 100% ნატურალური ინგრედიენტებისგან შედგება. მისი სამოსის დიზაინი სადა და ნეიტრალურია, რაც ნივთებს უფრო ხაგრძლივად გამოყენებადებად და მოდის ცვალებადობაზე ნაკლებად დამოკიდებულებს ხდის.

ვეგეტარიანელი დიზაინერი ცდილობს ტყავზე უარის თქმით ცხოველები სასტიკი მოპყრობისგან დაიცვას და ბუნებრივი რესურსების დიდი მოცულობა დაზოგოს.

მისი კოლექციებიდან შემოსული თანხის ნაწილი სისტემატურად ირიცხება ქალთა ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ორგანიზაციებისა თუ სხვადასხვა ფონდების ანგარიშზე.

“იყო მოდური, ნიშნავს იდგე მოწინავე პოზიციაზე და ცვლილებების განხორციელება შეგეძლოს. მგონია, რომ ხალხს მოდის ინდუსტრიაში, სხვებთან შედარებით, ნაკლებად აღელვებთ გარემო, ასე რომ, დიახ, ისინი უგულოები არიან”ფიქრობს დიზაინერი.

და ბოლოს, ქართველი ქალიც უნდა ვახსენო.

Pink Club -ში კითხვა დავსვი, რომლის პასუხი წინასწარ ვიცოდი.

ვიკითხე, რომელი ქართველი გარემოს დამცველი გახსენდებათ? რა თქმა უნდა, ერთხმად ნატა ფერაძე დაასახელეს.

ნატას სახელი ხშირად გვესმის სხვადასხვა მედია-საშუალებებით. განათლებით ფერმწერმა 2013 წელს ორგანიზაცია “პარტიზანული მებაღეობა თბილისში” დააფუძნა, რომელიც ქალაქის გამწვანებას უწყობს ხელს.

ნატა თანაგუნდელებთან ერთად ჩნდება იქ, სადაც საქმეს სჭირდება, იქნება ეს ხეების დარგვის აქცია, პროტესტი უკანონო მშენებლობის წინააღმდეგ, თუ უბრალოდ, მხარდაჭერა უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანების მიმართ.

ნატა ფერაძემ ყველაზე მეტი შეძლო, საზოგადოებისგან წამოსული უამრავი შეურაცხყოფის და კრიტიკის მიუხედავად, საკუთარი ამოუწურავი ენერგიით და პირდაპირობით თავი დაგვამახსოვრა და გარემოს დაცვაში თითოეული ჩვენგანის ჩართულობის აუცილებლობაზე მეტ-ნაკლებად დაგვაფიქრა.