ბოლო დროს ვარჯიში ძალიან პოპულარული გახდა, რაც, თავის მხრივ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რადგან სპორტული აქტივობა, პირველ რიგში, სხვა სოციალურ სიკეთეებს რომ თავი დავანებოთ, ჯანმრთელობისთვისაა კარგი.

ვარჯიშის მიმართ ერთი უცნაური მიდგომაა გავრცელებული: უმეტესობა ვარჯიშს როგორც სხეულის ფორმების შეცვლის უპირველეს და უმთავრეს მეთოდს განიხილავს. ანუ თუ ვარჯიშობ (ქალის შემთხვევაში უფრო ხშირად), აუცილებლად წონაში კლება გინდა. 

ჩემთვისაც ხშირად უთქვამთ, რად გინდა ვარჯიში, ისედაც კარგ ფორმაში ხარ ან როცა იგებენ, რომ ვვარჯიშობ, მეკითხებიან „შენ კიდევ გახდომა გინდა?“ არადა ვარჯიში, მე თუ მკითხავ, უფრო მეტად წონის გაზრდისთვისაა შესაბამისი მეთოდი, ვიდრე გახდომისთვის. ბევრისთვის ცოტა გაუგებარია ხოლმე, რომ თუ ჩემი მიზანი არც წონის კლება, არც მომატება და არც “სიქსფექსის” დაყენებაა, მაშინ რა მრჯის. რისთვის „ვიკლავ“ თავს? 

ვარჯიშის საშუალებით ბევრი მართლაც სასწაულებს აღწევს სხეულის ფორმების სრულყოფაში. რამდენი საოცარი “მანამდე/შემდეგ” (before-after) გინახავს, რომელიც მოტივაციას გმატებს. მართლაც, ძალიან საამაყოა, როცა ადამიანი უდიდეს ენერგიას ხარჯავს მიზნის მისაღწევად და უამრავს შრომობს “შემდეგ” შედეგის მისაღებად. ეს თავგანწირვა უთუოდ დასაფასებელია. 

Photo by Karl Solano from Pexels

თუმცა, ვფიქრობ, რომ მიდგომა, რომლის მიხედვითაც, ვარჯიში, პირველ რიგში, ფიზიკურობის შეცვლისთვისაა, ცოტა ზედაპირულია და ხშირად არასწორ მოლოდინებს იწვევს ადამიანებში. 

წელის დაწვრილება, თვეში ათეულობით კილოგრამის დაკლება თუ კუნთების დაყენება, მკერდის გადიდება, ცელულიტის გაქრობა, ფეხების დაგრძელება, ლამის ცხვირის პლასტიკა – ვინ იცის კიდევ რამდენი მითი უკავშირდება ვარჯიშს…

წონის კლება თუ გინდა, მხოლოდ ვარჯიში ძნელად თუ გიშველის, მიღებული კალორიების რაოდენობის შემცირების გარეშე. ეგ კი ინტენსიური ვარჯიშის შემთხვევაში ცოტა რთულად მისაღწევია, იმიტომ, რომ ორგანიზმი, ხშირ შემთხვევაში, მეტ საკვებს ითხოვს და „მგელივით“ გშია.

მკერდს ვერ გაიზრდი ვარჯიშით, ვერც წელს დაიწვრილებ (ზურგისა და თეძოების გაზრდის ეფექტის ხარჯზეა შესაძლებელი „წელის დაწვრილების“ ეფექტის მიღება), თუ ცხიმი გაქვს მუცელზე, პრესის ვარჯიშებით სიქსფექს ვერ დაიყენებ და კიდევ უამრავი რამაა გასათვალისწინებელი, როცა ვარჯიშს სასურველი ფორმების მისაღწევად იწყებ. არასწორი მოლოდინები ვარჯიშის მიმართ იმედგაცრუებას იწვევს და ადამიანი საბოლოოდ თავს ანებებს ყოველგვარ ფიზიკურ აქტივობას.

მე თუ მკითხავ, ვარჯიში, პირველ რიგში, იმისთვისაა კარგი, რომ უფრო ჯანმრთელი იყო, უფრო მეტად გამოსცადო საკუთარი თავი, ახალი გამოწვევები მიიღო და გაიმარჯვო, საკუთარი მავნე ჩვევები და შიშები დაძლიო, უფრო მეტად გაძლიერდე და დარწმუნდე საკუთარ თავში, აღმოაჩინო ახალი უნარები და შესაძლებლობები, უფრო ადვილად გაუმკლავდე სტრესს, უფრო მოტივირებული, ენერგიული და თვითდისციპლინირებული იყო, უფრო მეტად დატკბე ცხოვრებით და უფრო მეტად ბედნიერი იყო. 

ამდენი სიკეთის მერე, მაინც ამას რომ გეკითხებიან: „რისთვის ვარჯიშობ, შენ კიდევ გახდომა გინდა?!“

არც გახდომა მინდა, არც მომატება, უბრალოდ ვტკბები პროცესით და მიღებული შედეგებით. მგონია, რომ კარგი იქნება, თუ ყველა გამონახავს დროს და ამ პროცესით „დააჯილდოვებს“ საკუთარ თავს, იმიტომ, რომ ამაზე კარგი საჩუქარი საკუთარი თავისთვის იშვიათია. 

ჩაერთე:

  • შენი შეკითხვები და ისტორიები გამოგზავნო ელექტრონულ ფოსტაზე – hello@pink.ge
  • მოგვწერე სოციალურ ქსელებში – FacebookInstagram
  • დაემატე ჩვენს ჯგუფს და შეუერთდი საინტერესო დისკუსიებს – PINK CLUB