გსმენია მინიმალიზმის შესახებ?

ცხოვრების ეს წესი პოპულარული გასული საუკუნის 50-60- იანი წლების ბოლოს მუსიკიდან და ხელოვნებიდან გახდა, სწრაფად გადაინაცვლა არქიტექტურასა და დიზაინში, ბოლოს კი ცხოვრების წესად იქცა , რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს იმ ადამიანებს შორის, ვისთვისაც სამყაროში ბალანსის დარღვევა სულ ერთი არ არის.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ …

რა არის მინიმალიზმი?

თანამედროვე მინიმალიზმი არის პრაქტიკა, რომელიც ნივთებთან, დროსა და ენერგიასთან დაკავშირებით ჩვენს ცნობიერებას ცვლის. ხანდახან ადამიანები ამ ტერმინს მინიმალისტური დიზაინის დასახასიათებლად იყენებენ, თუმცა ეს შეცდომაა.

მინიმალიზმი არის ცხოვრების წესი სლოგანით “Less is more” – ცოტა არის ბევრი. არსებობს სხვადასხვა თეორიები, როგორ ვიარსებოთ მხოლოდ 50 ნივთით, ან მხოლოდ იმდენი ნივთით, რომელიც ერთ ჩემოდანში ჩაეტევა.

ბოლოსდაბოლოს რა არის მინიმალიზმი?

მინიმალიზმი – ცხოვრების წესი

თუ ოფიციალურ განმარტებას ელოდი, იმედი უნდა გაგიცრუო. აქ არ გვაქვს წესები რაოდენობასა და სტილზე, არ გვაქვს სტანდარტები და საზღვრები. უბრალოდ ეს არის პრაქტიკა, რომელსაც თანმიმდევრულად მივყვებით. მიზანი არ არის სრულყოფილება ან რაიმე აკვიატებული მდგომარეობის მიღწევა. მთავარია იცხოვრო ისე, რომ იგრძნო რა არის პრიორიტეტული.

ოდესმე გიფიქრია, თუ როგორ კვალს ტოვებ სამყაროში შენი არსებობით? მთავარია იპოვო გზა, რომელიც მიგიყვანს სრულყოფილებამდე. დატოვე პოზიტიური ნაკვალევი – ნაკლები საყოფაცხოვრებო ნარჩენი – აი, მინიმალიზმის მთავარი ამოცანა.

მინიმალისტები აქცენტს აკეთებენ ნივთების სიმწირეზე და მათ სწორად შერჩევაზე.

წრე

დედამიწა უზარმაზარ ეფექტს ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე, ხოლო ჩვენ მასზე. სწორედ ამიტომ, მინიმალისტური ცხოვრების წესის მიმდევრები ნაკლებ საყოფაცხოვრებო საგნებს მოიხმარენ, რაც ამცირებს თითოეული მათგანის ნეგატიურ კვალს დედამიწაზე.

მინიმალისტური ცხოვრება ბევრად მარტივია. მინიმალისტებს მხოლოდ აუცილებელი, საჭირო ნივთები აქვთ, თუმცა ამავდროულად, ისინი ხარისხიანი და ადვილად გადასამუშავებელი უნდა იყოს.

თითოეული ნივთის შეძენისას დიდხანს ფიქრობენ, საგულდაგულოდ არჩევენ, რადგან ის წლობით უნდა ემსახუროს. უარს ამბობენ ყველაფერზე, რისი გამოყენებაც გრძელვადიან პერსპექტივაში არ მოუწევთ.

ადამიანი რაც ნაკლებ სამრეწველო საგნებს მოიხმარს, მით ნაკლებია ნაგავსაყრელზე გადაყრილი ნივთების სია. გადაყრილი ნივთები რაც უფრო ბიოდეგრადირებადი და ადვილად გადასამუშავებელია, მით ნაკლები ზიანი მიადგება სამყაროს ჩვენი არსებობით.

მინიმალისტური ცხოვრების წესით გვარიანად შეიძლება თანხების დაზოგვა. ასე, რომ კიდევ ერთი პლიუსი მის სასარგებლოდ.

მინიმალისტური ცხოვრების წესის სიკეთეები

  • დაზოგილი თანხები

შეიძლებოდა სიის სათავეში უფრო დიდაქტიკური საკითხი მოგვეყვანა, მაგრამ ერთ თვეში დაზოგილი თანხის რაოდენობა მაფიქრებინებს, რომ სიკეთესთან ერთად ეს პუნქტი დიდი სტიმული იქნება დამწყებთათვის.

  • დაზოგილი დრო

ნაკლები ნივთები ნიშნავს, ნაკლებ დახარჯულ დროს მათ გასუფთავებასა და მოწესრიგებაზე.

  • ნაკლები ნაგავი

ნაკლები ნივთების ქონა, ნაკლებ ნარჩენებს, ნიშნავს ნაკლებ საყოფაცხოვრებო ნაგავს, ნაკლებად დაბინძურებულ გარემოს და ადამიანის ნაკლებად ნეგატიურ კვალს სამყაროში.

მოგწონს ეს იდეოლოგია? წაიკითხე როგორ დაიწყო მინიმალისტური ცხოვრება მარტივად:

  • დასვი კითხვა

ნებისმიერი ნივთის შეძენამდე საკუთარ თავს ჰკითხე: ეს ნივთი მინდა თუ მჭირდება? გამოვიყენებ? შევიყვარებ? გახდი მდგრადი შოპინგის მიმდევარი!

ეს შეკითხვები ეხება, როგორც საგნებს, ისე ადამიანებსაც ჩვენს ირგვლივ.

  • წესი 90/90

თუ სახლში ისეთი ნივთები გაქვს, რომელიც ბოლო 90 დღის მანძლზე არ გამოგიყენებია, დაფიქრდი, გამოიყენებ მათ მომდევნო 90 დღის განმავლობაში?

თუ პასუხი უარყოფითია, ესე იგი დროა ამ ნივთებისგან გათავისუფლდე.

  • ხარისხი რაოდენობის წინააღმდეგ

მინიმალიზმის ერთ-ერთი პრიორიტეტია გქონდეს, არა ბევრი, არამედ სწორი ნივთები. ამიტომ სანამ კიდევ ერთი ნივთის შეძენას გადაწყვეტ, კარგად დაფიქრდი მის ხარისხზე, მოხერხებულობასა და ეკომეგობრულობაზე.

გაითვალისწინე, რომ კონკრეტული შენაძენი ძალიან დიდხანს უნდა გემსახუროს.