როგორც უკვე აღვნიშნეთ გააზრებული მოხმარება დიდწილად უზრუნველყოფს იმას, რომ დედამიწა ამოისუნთქავს, ნარჩენიც ნაკლები შეიქმნება და ჩვენც იმპულსურობიდან ყურადღებიანობაში გადავდგამთ ნაბიჯს.

თუმცა, ამ სტატიაში საუბარი იქნება ჩვენს ჯანმრთელობაზე, ჩვენს მიერ მოხმარებული ტანსაცმლის და მასალების პირდაპირ გავლენაზე.

ალბათ გიკვირს, თუ რა შუაშია ტანსაცმელი და ჯანმრთელობა. გარდა იმისა, რომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ტანსაცმლის სწორად არჩევა ისე, რომ არსად გვიჭერდეს, უნდა გითხრათ – საღებავები და სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერებები პირდაპირ ჟონავს მოდის ინდუსტრიის მიერ შექმნილი პროდუქტიდან.

ფოტოს წყარო: Daily Mail / AFP / Getty

მოდის ინდუსტრია არ გამოირჩევა დიდი პასუხისმგებლობით. ისინი არათუ არ უფრთხილდებიან გარემოს, კომპანიების უმრავლესობას მომხმარებლის ჯანმრთელობაც დიდად არ ადარდებს. შენ მოკვდები, სხვა იყიდის, ისიც თუ მოკვდება კიდევ სხვა გამოჩნდება – ამ პრინციპით ხელმძღვანელობენ სხვადასხვა კომპანიები და სრულებით არ ადარდებთ მომხმარებლისა და დასაქმებული პერსონალის ჯანმრთელობა თუ კეთილდღეობა.

მაშ ასე, მოდით, მცირე ჩამონათვალიდან დავიწყოთ, თუ რა შეიძლება დაგვხვდეს ჩვენი საყვარელი ბრენდების მიერ წარმოებულ ტანსაცმელში, წყალქვეშა ქვების სახით:

  • ფტალატები
  • ე.წ Azo საღებავი
  • ფორმალდეჰიდი
  • პლასტმასი
  • გამათეთრებლების სახეობები
  • “მუდმივად აქტიური ქიმიის” სახელით ცნობილი ქიმიური საშუალებების ერთობლიობა (PFAS – per- და polyfluoroalkyl სუბსტანციები)

    და კიდევ მრავალი სხვა.

ამ ინგრედიენტებთან, საღებავებთან და ტოქსინების ჯგუფთან აქტიური კონტაქტი იწვევს ან ახდენს ისეთი დაავადების პროვოცირებას როგორიცაა:

  • ჰორმონალური დისბალანსი
  • ალერგიები
  • სათესლე ჯირკვლებისა და მკერდის სიმსივნე
  • წყლულები
  • ენდოკრინული სისტემის პრობლემები
  • განვითარების შეფერხება (ბავშვებში)

შეგვიძლია და აუცილებელიც კი არის, რომ განვიხილოთ რამდენიმე მათგანი.

ფტალატები

ეს ის ნივთიერებაა, რომელიც პლასტმასისგან შექმნილ პროდუქტებს დრეკადობასა და გამძლეობას მატებს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ფტალატების შემცველობა ან დოზირება რეგულირდება, მოდის ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიები მაინც აქტიურად მოიხმარენ.

ფტალატები უმეტესად გვხვდება ჯინსში, სხვადასხვა წვიმის საწინააღმდეგო საშუალებებსა და ხელოვნური ტყავის ნაწარმში. ფტალატები საშიშია ნებისმიერი სქესის ადამიანისთვის, ხოლო ყველაზე მეტად ბავშვებისთვის.

ფორმალდეჰიდი

ფორმადეჰიდი ის ნივთიერებაა, რომელიც ბალზამირებისთვის გამოიყენება. ხშირად ხდება, რომ კომპანიები მას ქსოვილის დასაცავად, დაჭმუჭვნის ასარიდებლად და ფერის შესანარჩუნებლად იყენებენ. ის ადვილად არ ირეცხება ქსოვილიდან და კანთან კონტაქტისას შედის მასში. ვარაუდობენ, რომ დერმატიტის გამწვავება მომხმარებლებში მხოლოდ ამასთან არის კავშირში.

საღებავი Azo

ლურჯი საღებავი, რომელიც ყველაზე ხშირად ჯინსის (დენიმის) ნაწარმში გვხვდება ყველაზე ცნობილი კანცეროგენია. ამ საღებავის ზოგიერთი სახეობა ევროპამ და ამერიკამ სრულებითაც კი აკრძალეს. სამწუხაროდ, ჩვენს მიერ შეძენილი ტანსაცმლის ეტიკეტებზე იშვიათად გვხვდება მანიშნებელი, თუ რას შეიცავს ან რა ქიმიური საშუალებებია გამოყენებული წარმოებისას.

ამიტომ, გირჩევთ გაეცნოთ საყვარელი ბრენდების საწარმოო პროცესს, მოიძიოთ ისინი სხვადასხვა დამოუკიდებელ სასერტიფიკატო ვებ გვერდებზე, რომლებიც აქვეყნებენ უსაფრთხო ან საშიში კომპანიების სიებს. თუ კომპანია არ აქვეყნებს ინფორმაციას და მისი საწარმოო პროცესი არაა გამჭვირვალე, ფრთხილად ეს უკვე საგანგაშოა!

თანაც, ტოქსიკური შეიძლება იყოს არამხოლოდ საღებავი, არამედ თვითონ ტექსტილიც კი.

ნეილონი და აკრილი

ცნობილია რომ ნეილონი და აკრილი არც ისე უსაფრთხოა, როგორც გარემოსთვის ისე კონკრეტულად ადამიანისთვის. ერთი ნავთობპროდუქტების გამოა საშიში, ხოლო მეორე polyacrylonitrile -ს (პოლივინილ ციანიდი) და სიმსივნის გაჩენის კორელაციის მიზეზით.

ვფიქრობთ, ეს ინფორმაცია საწყისი ეტაპი შეიძლება იყოს თითოეული ჩვენგანისთვის, რომ მეტად ყურადღებიანი და პასუხისმგებლობიანი მომხმარებლები გავხდეთ, მივიღოთ გააზრებული გადაწყვეტილება და ვიზრუნოთ ჯანმრთელობასა და გარემოზე.