დღევანდელ მსოფლიო ტენდენციებს თუ გადავხედავთ, ერთ – ერთი პრიორიტეტი გარემოს დაცვა და მასზე ზრუნვაა.

სწორედ ამ კონცეფციას ეყრდნობა მდგრადი შოპინგის ცნება, რომელიც საკმაოდ ბევრი განშტოებისგან შედგება და ორ ძირითად ნაწილად იყოფა: მდგრადი შოპინგი ბრენდებისთვის და მდგრადი შოპინგი მომხმარებლისთვის.

ბრენდები

მდგრადი შოპინგი ბრენდებისთვის ბიზნესის წარმოების ისეთი გზაა, რომელიც არ იქნება მავნებელი ადამიანებისა და გარემოსთვის.

ბრენდის მიზანი უნდა იყოს ის, რომ არ დატოვოს ნეგატიური კვალი სამყაროში.

შენ/ ჩვენ/ მომხმარებლები

მომხმარებლისთვის მდგრადი შოპინგი ნიშნავს ფიქრს იმაზე, თუ რას ვყიდულობთ, რომელ მსოფლმხედველობას ვუჭერთ მხარს.

ვკითხოთ ჩვენს თავს, ნამდვილად გვჭირდება ახალი ნივთი?

საიდან უნდა დაიწყო

იმისთვის, რომ მდგრადი შოპინგის მიმდევარი გახდე, ამ გადაწყვეტილების მიღება კი კარგად გაცნობიერებული იყოს, მოქმედების/ქცევის სია გთავაზობთ, რომელიც დაგეხმარება გასცე პასუხები კითხვებს როგორ, რისთვის და რატომ:

სამოსის გაცვლა

პლიუსები: სამოსის გაცვლის დანერგვა შესანიშნავი ჩვევაა. შენთვის არასაჭირო სამოსის გაცვლით ორმაგად კარგ საქმეს გააკეთებ. ერთი, რომ ძველ ნივთს ახალ სიცოცხლეს აჩუქებ ახალი მეპატრონის სახით, ხოლო მეორეს მხრივ, შესაძლოა ახალი მეპატრონეც ჩაერთოს მდგრადი შოპინგის მიმდევრების ფერხულში.

მინუსები: სამოსის გაცვლის პროცესს სჭირდება ორგანიზება, გარკვეული დრო და რესურსი. თუმცა, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ჯგუფებს თუ გადავხედავთ, ეს პროცესი ბევრად გამარტივდება. მაგ: ფეისბუქის ჯგუფი “ჩვენი გარაჟი” და ა.შ.

მეორადი სამოსი

პლიუსები: მეორადი სამოსის გამოყენება სუპერ მდგრადი შოპინგის ერთ-ერთი ხერხია. ამ შემთხვევაში ნივთი ნაგავსაყრელის ნაცვლად, შენს კარადაში ხვდება. ეს პროცესი ამცირებს წარმოების მავნე ზეგავლენას გარემოზე.

უარყოფითი: მომხმარებელი, რომელიც საკუთარ სამოსს ყიდის, არ ფიქრობს საკუთარ შენაძენზე, მის წარმომავლობასა და ეკო მეგობრულობაზე, რაც ახალისებს სწრაფ მოდას.

გახსოვდეს: მაღალი ხარისხის მეორადი სამოსის შეძენა არის საუკეთესო გზა მდგრადი შოპინგის მხარდასაჭერად.

Slow fashion – ე. წ. ნელი მოდა

პლიუსები: გარემოს მიმართ მეგობრულობა, ნაკლები ახალი საგნების და ნივთების წარმოება.

მინუსები: ნელი მოდა ნიშნავს იმას, რომ თითოეული ნივთი, რომელიც გაქვს, უნდა მოიხმარო იმაზე ბევრად მეტხანს, ვიდრე ჩვეულებრივ. თუ ხშირად გეცვლება გემოვნება და მოდის ტენდენციები გიზიდავს, ეს ამოცანა არც თუ ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

გახსოვდეს : ამ მეთოდის მარტივად გამოყენებისთვის საჭიროა უფრო მეტი ვიფიქროთ რას ვყიდულობთ, ყურადღებით ავარჩიოთ სამოსი ჩვენი სტილის და გემოვნების შესაბამისად. ასევე, მნიშვნელოვანია ამორჩეული ნივთის ხარისხი, რადგან ის წლობით უნდა გვემსახუროს.

Fair fashion – სამართლიანი მოდა

პლიუსები: უზრუნველყოფს სამართლიან ანაზღაურებას, მხარს უჭერს განათლებას და პირდაპირ აუმჯობესებს დასაქმებულთა ცხოვრების ხარისხს. თუ ყველას ექნება შესაბამისი ანაზღაურება, ჩვენ დავინახავთ მეტ ბედნიერებას სამყაროში, ნაკლებ კონფლიქტებს, მეტ სიყვარულს და თავისუფლებას.

მინუსები: სერთიფიკატები – მათ შეიძლება შეცდომაში შეგიყვანონ, რადგან ხშირად მოლოდინები და რეალობა არ ემთხვევა ერთმანეთს.

გახსოვდეს: ბრენდები, რომელიც ამ კონცეფციით ხელმძღვანელობენ, უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებენ მომხმარებლის მხრიდან.

ვეგანური მოდა

პლიუსები: ვეგანური მოდა გარემოსთან მეგობრული მოდაა, რადგან ამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას – იცავს ცხოველებს სამოსის გამო სიკვდილისგან ( ბეწვი, ტყავი).

მინუსები: ზოგიერთი ბრენდი ტყავის და ბეწვის შემცვლელის დასამზადებლად სხვადასხვა ბიოდეგრადირებად მასალას იყენებს. სამწუხაროდ, ასეთი მასალისგან დამზადებული სამოსი მისი დაბალი ხარისხის გამო მალევე ხვდება ნაგავსაყრელზე, რაც გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით საკმაოდ დიდი პრობლემაა.

გახსოვდეს: ყურადღება მიაქციე იმ ბრენდებს, რომლებიც იყენებენ ცხოველური მასალების შემცვლელებს.

მინიმალიზმი

პლიუსები: იქონიე მინიმალური საჭიროების საგნები, რაც უდრის ნაკლებ მოხმარებას, ნაკლებ გარემოს დაბინძურებას.

მინუსები: თუ გხიბლავს მოდა, ან სხვადასხვა იმიჯის მორგება, ადვილი შესაძლებელია, მდგრადი შოპინგის ეს მეთოდი არ იყოს მისაღები.

გახსოვდეს: სწორად მოქცევა და იმის უარყოფა რაც რეალურად არ გვჭირდება არც თუ ისე რთულია, მესამე ფეხსაცმელი? კიდევ ერთი ჩანთა? კარგი რა!

ბუნებრივი ბამბა

პლუსები: გვიცავს პესტიციდებისგან. შესანიშნავია ჯანმრთელობისთვის.

მინუსები: ბუნებრივი ბამბისგან ქსოვილის დასამზადებლად საჭიროა უზარმაზარი წყლის რეზერვები. ასევე, ვფიქრობთ, რომ ბუნებრივი ქსოვილი სასარგებლოა კანისთვის, მაგრამ გვავიწყდება, რომ ეს ქსოვილები ხშირად ტოქსიკური საღებავებითაა შეღებილი.

გახსოვდეს: ბუნებრივი ყოველთვის უკეთესია, თუმცა არსებობს ხელოვნური, მაგრამ ეკო-მეგობრული ქსოვილები, რომელთა წარმოებისთვის გაცილებით ნაკლები წყლის რესურსი იხარჯება.

გადამუშავებადი მასალები

პლიუსები: ნარჩენების შემცირება, ასევე, გადამუშავებული მასალები ნაკლებ წიაღისეულ რესურსს საჭიროებს.

მინუსები: მიკროფიბრების ფილტრაცია შეუძლებელია წყლის გარეშე და ხშირად ეს პროცესი უფრო მეტ ენერგიას და რესურსს ხარჯავს, ვიდრე ახლის წარმოება.

გახსოვდეს : მასალების გადამუშავებას ესაჭიროება დიდი ენერგია და რესურსი.

შეიყვარე 100%

თუ გადაწყვიტე, რომ მდგრადი შოპინგი კარგია, შენს ცხოვრებისეულ პრინციპებთან ახლოსაა და მისი მიმდევარი უნდა გახდე, შეიყვარე 100% -იანი მასალები, რადგან მათი გადამუშავება შესაძლებელია.

გახსოვდეს: არ არსებობს შერეული ბოჭკოების გადამუშავების ტექნოლოგია. თუ იარლიყზე ხედავ წარწერას 80% ბამბა და 20% რაღაც სხვა მასალა, ე.ი პროდუქტი ეკო-მეგობრული არ არის და მდგრადი შოპინგის მიმდევრებს, ის არ გვჭირდება.