ავტორი: ირინა ტაბუციძე, ფსიქოლოგი

სიტყვა „sale“-ის მნიშვნელობა რომ გესმოდეს, სულაც არაა აუცილებელი ინგლისური ენა იცოდე, საერთოდ, არანაირი უცხო ენის ცოდნა არ არის საჭირო.

როგორ შეიძლება ეს სიტყვა მაღაზიის ვიტრინებზე გაჩნდეს და სახლში მშვიდად იჯდე? მითუმეტეს, თუ ხელფასი ახალი აღებული გაქვს, ერთი–ორი საკრედიტო ბარათიც გიდევს საფულეში, ან, სულაც, დიდი ხანია ამ დღისთვის აგროვებ.

ერთი რამ ზუსტად იცი – რაღაცას აუცილებლად იყიდი. მერე ვინ თქვა, რომ ამ „რაღაცას“ კონკრეტული ფერი, ფორმა და ტექსტურა აქვს? – სულ ერთია, უბრალოდ თავს ვალდებულად თვლი დიდი ფასდაკლებების დროს სხვების მსგავსად, შენც იყიდო რამე.

რამდენიმე წელია ჩვენს ლექსიკონში სიტყვა „შოპინგი“ და „შოპოჰოლიზმი“ გაჩნდა. აქ ძალიან არ ჩავუღრმავდები და ფსიქიატრებისთვის ნაცნობ ტერმინს „ონიომანია“–ს არ გამოვიყენებ, რაც ყიდვის, შეძენის უკონტროლო სურვილზე მიუთითებს, უამრავი გართულებები ახლავს თან და სპეციალისტების გარეშე ამ მოთხოვნილების კონტროლი პრაქტიკულად შეუძლებელია.

ჩვენ ვისაუბრებთ ხალხზე, რომელთაც ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების ყიდვა უზომო სიამოვნებას ანიჭებს. მათ შეუძლიათ მაღაზიებში დღეში რამდენიმე საათი გაატარონ, დახარჯონ ბოლო თეთრამდე ისე, რომ სინანულის გრძნობა არ გაუჩნდეთ და შეუძლიათ ასეთ პირობებში ნაყიდი ნივთი გაუხსნელად შეინახონ ტანსაცმლის კარადაში მომავალ დიდ ფასდაკლებამდე, ისე, რომ არც გაახსენდეთ. მოკლედ, ლაპარაკია ჭეშმარიტ „შოპოჰოლიკებზე“.

ალბათ არ გაგიკვირდება, თუ ვიტყვი, რომ ადამიანების დიდი ნაწილი „შოპინგით“ ნერვულ აშლილობას მკურნალობს. ხანდახან საფულის ბოლომდე დაცარიელება და „ათასი სისულელის“ ყიდვა მართლაც იძლევა განკურნების ეფექტს.

ფულის დაბანდების ეს მეთოდი შოკურ თერაპიას გავს. ჩნდება განცდა, რომ ყველაფერი ნებადართულია, შეგიძლია ცვლილებები შეიტანო შენს გარდერობში და სწრაფად გამოხვიდე იმ სტრესული მდგომარეობიდან, რომელიც სამსახურში ან პირად ცხოვრებაში შეგემთხვა.

სხვათაშორის, ასეთ ეფექტს ადამიანი პროდუქტების ყიდვისას ვერ აღწევს, რაც არ უნდა დიდ და ლამაზ სუპერმარკეტში შევიდეს. შენაძენი შენს სტილს და იმიჯს უნდა უსვამდეს ხაზს, ან სულაც რადიკალურად ცვლიდეს – სწორედ ასეთ შენაძენს შეუძლია კმაყოფილების მოტანა.

ამერიკელმა ფსიქოლოგებმა გამოიკვლიეს, რომ ადამიანები, რომლებიც კვირაში 17 საათს მაინც ატარებენ მაღაზიებში და 200 დოლარზე მეტს ხარჯავენ, უფრო ძლიერები და ჯანმრთელები არიან. „შოპინგის“ მოყვარულების დიდი ნაწილი ძალიან თავდაჯერებულია და იშვიათად აწუხებს დეპრესია.

თუმცა ასეთ ადამიანებს საყვარელი საქმიანობა რომ აუკრძალო, ერთგვარი აბსტინენციური სინდრომი უნვითარდებათ, რაც, თავის მხრივ, დათრგუნვას, აგრესიულობას, თავის ტკივილებს და სხვადასხვა გართულებებს იწვევს.

სხვათაშორის ამერიკელმა ფსიქოლოგებმა ისიც დაადგინეს, რომ „შოპინგოლიკთა“ რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.

როგორ მოვიქცეთ მაშინ, თუ ყიდვაზე დამოკიდებულებამ სერიოზული პრობლემები შეგვიქმნა (არა მარტო ჩვენ, არამედ ჩვენს ბიუჯეტსაც)?

შემიძლია რამდენიმე რჩევა მოგცე, რაც პრობლემებს თავიდან აგაცილებთ:

  • მაღაზიებში წასვლამდე ჩამოყალიბდი, რისი ყიდვა გინდა. მაგალითად, გინდა ფეხსაცმელი?– ჰოდა, ნუ გაიხედავთ იმ დახლებისკენ, სადაც ფეხსაცმელი არ აწყვია;
  • გადაიხადე ნაღდი ფულით. ბარათით სარგებლობა კონტროლს გაკარგვინებს, ვერ ხედავ რეალურ დანახარჯს და ცარიელ ჯიბეს;
  • ნუ შეხვალ მაღაზიებში უმიზეზოდ, უბრალოდ დასათვალიერებლად და დროის გასაყვანად;
  • შეეცადეთ “sale” კიდევ ერთი უსარგებლო ნივთის ყიდვის მიზეზი არ გახდეს.

შეიძლება ფიქრობ, რომ ეს რჩევები შენთვის ზედმეტია, უბრალოდ ახალი ნივთების ყიდვა გსიამოვნებს და სულაც არ ხართ ავად „შოპინგოლიზმით“. მაგრამ ნურაფერზე დადებ თავს, თუ შესაფერისი პირობები არ შეგქმნიათ.

დიდხანს მეგონა, რომ ფულის დაბანდების ზემოთხსენებულ მეთოდს საკმაოდ გონივრულად ვიყენებდი. მაგრამ საკუთარ თავზე წარმოდგენა შემეცვალა, როდესაც ერთ–ერთ მეგაპოლისში, მსხვილ სავაჭრო ცენტრში აღმოვჩნდი.

მქონდა დრო, სურვილი, ფული, ბრენდ–მაღაზიები და დიდი ფასდაკლების პეროიდი. ისეთი აზარტი გაჩნდა, იმდენი ადრენალინი გამომეყო, ალბათ პირველყოფილ ადამიანებს ნადავლის დანახვაზე თუ მოსდიოდათ ასე.

მოკლედ, უძველესმა ინსტიქტებმა იჩინა თავი და მეც ტიპიურ „შოპინგოლიკად“ ვიქეცი.

ჩაერთე:

  • შენი შეკითხვები და ისტორიები გამოგზავნო ელექტრონულ ფოსტაზე – hello@pink.ge
  • მოგვწერე სოციალურ ქსელებში – FacebookInstagram
  • დაემატე ჩვენს ჯგუფს და შეუერთდი საინტერესო დისკუსიებს – PINK CLUB