მართალია, დედამიწის 70% წყლით არის დაფარული, მაგრამ მისი მხოლოდ 0.007%-ია გამოსადეგი სასმელად ყოველგვარი გაწმენდისა და გასუფთავების გარეშე.

გაფილტვრის შემთხვევაში, სასმელად მხოლოდ მტკნარი წყალი გამოდგება, რომელიც დედამიწაზე არსებული მთლიანი მარაგის 3%-ია. ამასთან, წყლის გაწმენდისას უზომოდ ბევრი ენერგია და რესურსი იხარჯება.

მილიარდ ადამიანზე მეტს არ აქვს წვდომა უსაფრთხო სასმელ წყალთან. წყლის სიმწირის გამო, დედამიწის მოსახლეობის ნახევარს არ აქვს სათანადო სანიტარული პირობები. ყოველწლიურად, სულ მცირე, 3-4 მილიონი ადამიანი კვდება წყალთან დაკავშირებული დაავადებების გამო.

ადამიანი თავისი საქმიანობით უდიერად ეპყრობა დედამიწის რესურსებს, მათ შორის, წყალსაც. ამიტომ, საჭიროა და აუცილებელია ცნობიერების შეცვლა და ამ საკითხზე ცნობადობის ამაღლება.

თითოეული ადამიანის წვლილი მნიშვნელოვანია. ამიტომ, წყლის დაზოგვის ეფექტურ და შედარებით მარტივ გზებსა და საშუალებებს გთავაზობთ:

1. აადუღე მხოლოდ იმ რაოდენობის წყალი, რამდენიც გჭირდება

თუ ჭიქა ჩაი ან ყავა გსურს, აადუღე ერთი ჭიქის საკმარი წყალი. ხელმეორედ წყლის ადუღება რეკომენდირებული არ არის და შესაბამისად, ჩაიდანში დარჩენილი წყლის გადაღვრა მოგიწევს.

2. ბოსტნეული მოამზადე ორთქლზე

ამ შემთხვევაში, წყლის ნახევარს დაზოგავ. თუ პროდუქტი მაინც და მაინც წყალში უნდა მოხარშო, შეგიძლია ნახარში წყალი გააციო და მცენარეების მოსარწყავად გამოიყენო.

3. არ გარეცხო ბოსტნეული გამდინარე წყალში

აიღე ჯამი, აავსე წყლით, ჩაალბე ბოსტნეული და გარეცხე. ამის შემდეგ, გამდინარე წყალი გადასავლებად გამოიყენე.

4. სასმელი წყალი მაცივარში შეინახე

ძირითადად, ჭიქის წყლით ავსებამდე, რამდენიმე წუთს ველოდებით, სანამ ონკანში წყალი გაგრილდება, განსაკუთრებულად ზაფხულში. ამ მოქმედებისას უამრავ წყალს ვღვრით.

კარგი იქნება, თუ წყალს ბოთლით მაცივარში შეინახავ. ასეთ შემთხვევაში, ნებისმიერ დროს გექნება ცივი წყალი და არც ონკანის გაღება, წყლის გაგრილება და რაც მთავარია, წყლის ძვირფასი მარაგის უქმად ხარჯვა მოგიწევს.

5. თუ ჭურჭელს ხელით რეცხავ, არ მოუშვა ონკანი დიდი ხნით

ბავშვობაში, როდესაც წყალი გრაფიკით მოდიოდა, ჭურჭლის გარეცხვისას სპეციალურ ჯამს ვიყენებდით. არავის უყვარდა ჭურჭლის გარეცხვა.

დღეს აღნიშნულის ვერავის მოსთხოვ, მაგრამ კარგი იქნება, თუ გაქაფულ ჭურჭელს ერთად დააგროვებ, მეორე ნიჟარაში (ან ჯამში) ჩაალბობ საპნის გასაცლელად და ბოლოს ერთიანად გადაავლებთ წყალს.

6. დააგროვე სარეცხი

ეს ეხება როგორც ტანსაცმელს, ისე – ჭურჭელს. ეცადეთ, გასარეცხი ტანსაცმელი (ან ჭურჭელი) დააგროვო და შესაბამისი სარეცხი მანქანები სრულად დატვირთოთ. ეს წყლის გადახარჯვას თავიდან აგაცილებს.

7. დაკეტე ონკანი კბილების გახეხვისას

თუ ასე მოიქცევი, წუთში, საშუალოდ, 6 ლიტრ წყალს დაზოგავ.

8. შეაკეთე მჟონავი სანტექნიკა              

ხშირად შეამოწმე სანტექნიკა, როგორც სამზარეულოში, ისე სააბაზანოსა და საპირფარეშოში. თუ ჟონავს, მომენტალურად გამოცვალე.

9. შეცვალე სანტექნიკა

დღეს უკვე შეგიძლია ისეთი ონკანების, საშხაპის თავების, უნიტაზის ჩამრეცხების შეძენა, რომლებიც ნაკლებ წყალს მოიხმარენ. თუ ამის ფინანსები არ გაქვს, შეგიძლია, დაზიანებული უნიტაზის ზედა ნაწილში, იქ სადაც წყალი გროვდება, წყლით სავსე ქილა ჩადგა.

ასევე, ონკანებიდან წყალი ნაკლები წნევით მოუშვი.

10. შეამცირე შხაპის ხანგრძლივობა

15+ წუთის ნაცვლად ეცადე, ეს დრო შეამცირო და 7 წუთამდე დაიყვანო.

რა ჯობია დამღლელი დღის შემდგომ ცხელ შხაპს?! რა და სავსე აბაზანაში ჩაწოლა!

თურმე, მთლიანი აბაზანის ავსებაც კი უფრო ეკონომიურია, ვიდრე შხაპის მიღება, განსაკუთრებით 15 წუთის ან მეტი ხანგრძლივობის.

11. არ გამოიყენო უნიტაზი როგორც სანაგვე ყუთი

გაგიკვირდება, რამდენი ადამიანი იყენებს უნიტაზს სანაგვედ. თუნდაც, ხელსახოცებისთვის, სიგარეტის ნამწვებისათვის, ბამბისა და სხვა ათასი წვრილმანისა თუ მსხვილმანისათვის.

გარდა იმისა, რომ აღნიშული ქცევა თავისთავად მავნეა გაყვანილობისა და კანალიზაციისათვის, ყოველ ჯერზე უნიტაზის ჩარეცხვა წყლის მარაგზეც უარყოფითად აისახება.

12. ეზო და ბაღი სიგრილეში მორწყე

გრილ ამინდში წყალი ნაკლებად ორთქლდება, შესაბამისად, მიზნის მისაღწევად უფრო ნაკლები წყალია საჭირო, ვიდრე ცხელ ამინდში.

13. გამოიყენე მულჩა ხისა და მცენარის ირგვლივ

მულჩირება – ეს არის ნიადაგის გადაფარვა დანაკუწებული ხის ქერქებით ან სხვადასხვა საშუალებით. წითელი ნაფოტები თუ გინახავს ქალაქში – გამწვანებულ ადგილებში – ეს მულჩაა. ძირითადად მიწის ზედაპირის დასაცავად იყენებენ და ამავდროულად ის წყლის ნიადაგის ტენიანობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, საოცრად ლამაზია.

14. შეაგროვე წვიმის წყალი

სოფლებში, სადაც წყლის პრობლემაა, წვიმის წყლის მოსაგროვებლად ეზოში სპეციალური ღია ავზები აქვთ. ამ წყლის გამოყენებას, შემდგომ, მრავალი დანიშნულებით ახერხებენ.

15. ბილიკების გადასარეცხად ცოცხი გამოიყენე

რამდენჯერ გამოგიყენებია წყლის ჭავლი ბეტონის ბილიკიდან ან ასფალტიანი გზიდან ფოთლებისა და სხვა ნარჩენების გადასარეცხად?

ბევრ სპეციალიზირებულ ბრენდს აქვს დანადგარი, რომელიც წყალს წნევის დახმარებით ზოგავს – ნაკლები წყლით ახერხებს იმას, რასაც ჩვეულებრივი წყლის მილი სამჯერ მეტ წყალს ანდომებს. მაგრამ, დედამიწისათვის ყველაზე ნაკლები ზიანის მომტანი გამოსავალი ცოცხის გამოყენებაა. 

თუ შენ რამე სხვაც იცი, გაგვიზიარე კომენტარებში ან Pink Club-ში, საინტერესო იქნება.