სჯობს იყო მარტო, ვიდრე ცუდ კომპანიაში.

შენი თავმოყვარეობა შესაძლოა შელახონ, შესაძლოა შენზე შურიც იძიონ და უსამართლოდ მოგეპყრონ, მაგრამ იცოდე, მას ვერავინ წაგართმევს, თუ საკუთარი ნებით არ დათმე. გამოსავალი ძალისხმევასა და საზღვრების დაწესებაშია.

მანიპულატორ ადამიანებს რა დალევს?! არ დათმო და როდესაც გავიწროვებენ, თავადაც შეავიწროვე. დასაწყისშივე უნდა ეცადო, განსაზღვრო შენი ტერიტორია. თუ ერთხელ გაუვიდათ,  შემდგომ უკვე გვიანია.

მიჰყევი პრინციპებს და დაიცავი თავი:

1. ჩაგვრა

ჩაგვრა (Bullying) მიუღებელია. არავის აქვს შენი პიროვნების შეურაცხყოფის უფლება. სამწუხაროდ, ზოგიერთი ადამიანი ვერ ისვენებს, სანამ შენს ეგოს არ გათელავს. რა უნდა ქნა? მიწაზე მყარად დადგე. დიდი მხნეობაა საჭირო, რათა მტრის წინაშე წარსდგე, ისევე, როგორც ოჯახის წევრებისა და მეგობრების პირისპირ – ეს უკანასკნელი განსაკუთრებით რთულია. არავის მისცე უფლება, თავი გაგრძნობინოს ჭიანჭველად. ამოიღე ხმა და დაიცავი თავი.

2.ნებისმიერი სახის ფიზიკური ძალადობა

ცემა დანაშაულია – სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას წარმოადგენს და გარკვეულ სანქციებს ითვალისწინებს. ბევრი ქალი ხდება ოჯახური ძალადობის მსხვერპლი. კაცთან, რომელიც ხელს აღმართავს შენზე, არ უნდა გაჩერდე. ასეთ ადამიანთან ბედნიერი ვერ იქნები. ნებისმიერ შემთხვევაში, შეგიძლია შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანოებს მიმართო, რათა მოხდეს შენი ფიზიკური ხელშეუხებლობის დაცვა.

ნუ გაატარებ ცხოვრებას ფუჭი იმედით, რომ მოძალადე შეიცვლება და სიტუაცია გამოსწორდება. აიღე შენი ცხოვრების მართვის სადავეები საკუთარ ხელში!

3.  ძალადობისა და სიძულვილის მხარდაჭერა

როგორც განდიმ თქვა, “თვალი თვალის წილ, მხოლოდ დააბრმავებს მთელს ქვეყანას.” გულში ბოროტება არ ჩაიდო, თორემ ნამცეცი ნამცეცს ეკვრის და სიძულვილად იქცევა, რომელიც შენვე შეგჭამს შიგნიდან. როდესაც ვიღაც გძულს, ორ საფლავს თხრი: შენთვის და მტრისთვის.
მიტევება მხოლოდ ჭკვიანი და ძლიერი ადამიანის უნარი და ნიჭია. ყველაზე დიდი რევანში ისაა, რომ ამ “საძულველი” ადამიანისგან მაქსიმალურად განსხვავებული იყო.

4.  ნეგატიურობა

უამრავი ადამიანია დედამიწაზე, რომელიც დიდი სიამოვნებით გაგიზიარებს საკუთარ ნეგატივსა და უცოდინრობას. გახსოვდეს, შენ პოზიტივი გჭირდება და ნეგატივის დიეტაზე ვერ შეჯდები, ამიტომ შენი გულისა და სულის ვინმესთვის განდობისას სიფრთხილე გმართებს. არ მისცე სხვებს შენი შთაგონების ჩახშობის საშუალება.

5.  ტყუილები

თუ ერთხელ მოგატყუეს, სირცხვილი მათ; თუ მეორედ მოგატყუეს, სირცხვილი – შენ. თუ ვინმეს სიცრუეში გამოიჭერ, უთხარი. რატომ უნდა ეგონოს, რომ ტყუვდები ანუ – სულელი ხარ. გახსოვდეს, გულწრფელი მტრის ყოლა სჯობს, ვიდრე მატყუარა მეგობრის.

6.  სასოწარკვეთილი რეპლიკები შენი შესაძლებლობების შესახებ

არ მისცე შენი შესაძლებლობების შესახებ სხვის მოსაზრებას იქონიოს ნეგატიური გავლენა შენს ქმედებებზე ან თვითშეფასებაზე. ასეთი რამ, შესაძლოა, მშობელი დედისგანაც კი მოდიოდეს. “შეძახილმა ხე გაახმოო” და ამიტომ, მაქსიმალურად შეზღუდე ასეთი “შეძახილების” ოდენობა: გნებავს ამ პიროვნებასთან საუბრით, გინდა საქმით დამტკიცებით, ან სულაც – ამ ადამიანთან სამუდამოდ დამშვიდობებით (თუ სიტუაცია იძლევა ამის საშუალებას).

7.  შენ ნაცვლად გადაწყვეტილების მიღების მცდელობა

საკუთარი ცხოვრების ბატონ-პატრონი თავად ხარ. არ მისცე სხვას ჩარევის საშუალება. კეთილმოსურნეებს მოუსმინე, ხოლო მათი დარიგების გათვალისწინება უკვე სხვა საქმეა. თუ საკუთარი ხელით გაიკეთებ ყელსაბამს და ჯაჭვს მიაბამ, მის სადავეებს სხვა იგდებს ხელთ და ვინ იცის, ბოლოს სად აღმოჩნდები. სცადე რისი გაკეთებაც გსურს, წადი, სადაც გინდა რომ წახვიდე. მიენდე ინტუიციას. მიეცი შანსი საკუთარ თავს.

და ბოლოს

არ დაგავიწყდეს, რომ ეს შენი ცხოვრებაა. შესაძლოა ყველა ადამიანის შენდამი ყოველი მოპყრობა ვერ გააკონტროლო, მაგრამ თავს ნურავის დაამცირებინებ. მათი სიტყვებისა და ქცევების გულთან ახლოს მიტანის საკითხსაც შენ წყვეტ, როგორც იმას, თუ ვის დატოვებ წარსულში და ვისთან იქნები მომავალში.

წარმატებას გისურვებ!


თუ ხარ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ან გაქვს ინფორმაცია ძალადობის შესახებ, დარეკე 112-ზე ან გადმოტვირთე მობილური აპლიკაცია SOS (ჩუმი განგაშის) ღილაკით. 🆘 Android 🆘 iOS
პოლიცია ნებისმიერ დროს მზად არის დასახმარებლად!