თამთა კახაბერიძე მოხალისე ჟურნალისტია თურქეთის მოსაზღვრე პატარა სოფელ კირნათიდან. თამთა გენდერის თემებზე სკოლის მოსწავლეებთან მასალებს ამზადებს. მისი ინტერვიუები სკოლაში გენდერულ სტერეოტიპებს, ნაადრევ გათხოვებას და სხვა მისთვის ხელშესახებ და მტკივნეულ თემებს ეხება.

მან ჟურნალისტიკის სასწავლო კურსი გაზეთ “ბათუმელებში” გაიარა და ახლა ინტერნეტ პორტალ “პრეს კაფე”-სთვის სიუჟეტებს ამზადებს. მედია წიგნიერების პროექტი IREX-ის მხარდაჭერით განხორციელდა. თამთა ამბობს, რომ მედია წიგნიერება მას საქართველოში მცხოვრები ქალების პრობლემების უკეთ დანახვაში დაეხმარა და ამ საკითხების მედიაში გაშუქებაც ასწავლა.

“უფრო თავდაჯერებული გავხდი, უფრო კომუნიკაბელური, უფრო აქტიური. ისეთ რაღაცებზე დავფიქრდი, რაზეც იქამდე არ ვფიქრობდი, ან ვფიქრობდი, მაგრამ ‘მე რას შევცვლი?’ და რაღაც ასეთი მომენტი მქონდა რაღაც რაღაცებზე. რაც მთავარია, მაშინ პირველად მივხვდი, რა არის ჟურნალისტი, ნიუსრუმში შევიხედე, ნამდვილი ჟურნალისტების ცხოვრება ვნახე… ყველაზე მაგარი ეს იყო!” – ამბობს თამთა.