ბევრ ჩვენგანს გვქონია შანსი წავსულიყავით სამოგზაუროდ ქვეყნის შიგნით თუ საზღვარგარეთ, მაგრამ ამ შესაძლებლობებისთვის არაერთხელ გვითქვამს უარი იმის გამო, რომ ვერავინ ავიყოლიეთ და დავიმგზავრეთ.

ერთხელაც ჩემს მოუცლელ მეგობრებზე განაწყენებულმა გადავწყვიტე, რომ მარტო წავსულიყავი ექსკურსიაზე და მივხვდი, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში.

მას შემდეგ ჩემი ყოველი მარტო გასვლა იწვევს კითხვებს: “მარტო არ გეზარება/გეშინია?”, “ეგრე როგორ ერთობი?”, “რა მუღამი აქვს მარტო მოგზაურობას?” და ა.შ.

ვეცდები, რამდენიმე კონკრეტული ფაქტით დაგისაბუთოთ, თუ რა ხიბლი აქვს და რატომ ჯობია მარტო მოგზაურობა.

პრიორიტეტი შენ ხარ

მარტო მოგზაურობა ის იშვიათი მომენტია, როდესაც შენი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტი შენი თავი და შენი სურვილებია. დატკბი ამ მომენტით. შენი ერთადერთი მიზანია, იზრუნო საკუთარ თავზე, მოუსმინო მას და აისრულო ის, რაც ყველაზე ძალიან გინდა.

მარტო ყოფნა არ ნიშნავს მარტოობას

მარტო სამოგზაუროდ წასულ ადამიანს რატომღაც მარტოსულად აღიქვამენ, რომელსაც მეგობრები არ ჰყავს. ეს ასე სულაც არ არის. ჩემს პირად მაგალითზე გეტყვი, რომ უამრავი მეგობარი მყავს და ყოველი მოგზაურობა ახალი მეგობრებით სრულდება.

მოგზაურობა საუკეთესო შანსია ახალი ადამიანების გასაცნობად, ახალი მეგობრების შესაძენად.

გაიცანი საკუთარი თავი

ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამშრომლები და ის ადამიანები, ვინც ჩვენს გარემოცვას წარმოადგენებ, ხშირად არ გვაძლევენ საშუალებას უკეთ გავერკვეთ საკუთარ თავში. მარტო მოგზაურობა კი საკუთარი თავის გასაცნობად და შესაყვარებლად საუკეთესო გზაა.

სპონტანურობა საინტერესოა

თუ მოგზაურობისას წინასწარ განსაზღვრულ მარშრუტს გადაუხვევ, ამით არავის გაანაწყენებ, იმიტომ რომ შენ მარტო ხარ და არავისთან გაქვს ვალდებულება ამა და ამ დროს მიხვიდე ვახშამზე, 10 წუთში შეწყვიტო მზის ჩასვლის ცქერა ან დაღლილობის გამო უარი თქვა კიდევ 7 კმ ფეხით გავლაზე. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ სპონტანურ გადაწყვეტილებას მიიღებ შენივე კომფორტისა და ინტერესების დასაკმაყოფილებლად.

ხარისხი და არა რაოდენობა

როდესაც ჯგუფთან ერთად მოგზაურობ, არ აქვს მნიშვნელობა ჯგუფის წევრების რაოდენობას, უნებურად დამოკიდებული ხარ მათზე. ჯგუფს არ უნდა ჩამორჩე, თუმცა მოგზაურობა ხომ ახალი აღმოჩენებისთვისაა.

ხშირად ის რაც სხვებისთვის შეუმჩნეველი რჩება, შენთვის ძალიან საინტერესო და მიმზიდველია. ზოგჯერ ეს ხელოვნების ნიმუშია მუზეუმში ან ხეებს შორის გაბმული ობობას ქსელი ბოტანიკურ ბაღში. მარტო მოგზაურობა კი საშუალებას გაძლევს ბოლომდე შეიგრძნო სამყარო, ბუნება და გარემო სადაც მოგზაურობ.

ასე რომ გადაწყვიტე, დაგეგმე, იმოგზაურე, შემდეგ კი შთაბეჭდილება გაგვიზიარე!