სათაფლიისა და კახეთის შემდეგ განვიხილავთ ერთ უმშვენიერეს ადგილს, სადაც როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის შვებულებისა თუ არდადეგების გატარება საუკეთესო იდეაა მეწყვილესთან ერთად.

აბასთუმანი თბილისიდან 220 კილომეტრში მდებარეობს და სამთო-ბალნეოლოგიურ კურორტად ითვლება, თუმცა, იქ გამაჯანსაღებელი აბაზანების გარდა, სხვადასხვა ღირშესანიშნაობაცაა. 

წიწვოვანი ტყის ჰაერი საუკეთესოა ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის, თანაც ტყეში წელიწადის ნებისმიერ დროს ულამაზესი სანახაობა იშლება.

აბასთუმანში სეზონი აპრილში იწყება და ოქტომბრის ბოლოსათვის სრულდება, მაგრამ დარწმუნებით შეიძლება ვთქვათ, რომ იქ  თოვლიანი პერიოდის გატარებაც არანაკლებ სასიამოვნო და საინტერესოა.

რა სჯობს ძვირფას ადამიანთან ერთად წიწვოვან, თოვლით დაფარულ ტყეში სეირნობასა და ულამაზესი ხედებით ტკბობას?! ამასთანავე, ობსერვატორიის მონახულებას და სრულად ახალი სამყაროს გაცნობას.

აბასთუმნის ობსერვატორია

ზომიერად მშრალი ჰავა სხვადასხვა სახის ტურების ჩატარების საშუალებას იძლევა. მოსანახულებელი ადგილები კი მრავლადაა: თამარის ხიდი, აბაზანების შენობა, მცირე ზარზმა, სიმონსონის წყარო, გიორგი რომანოვის ზამთრის და ზაფხულის სასახლე, გლაზენაპის კოშკი, ობსერვატორია, ხიბლის კარიბჭე, ზეკარის უღელტეხილი, ალპური ზონა, მამლის მთა და სხვა.

ამასთანავე, თუ ექსტრიმის მოყვარული წყვილი ხართ, შეგიძლიათ სხვადასხვა სალაშქრო ატრიბუტიკით აღიჭურვოთ და მოიაროთ დაბა ადიგენი, მესხეთის ქედი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის უკიდურესი დასავლეთი შესასვლელი და საგუშაგო. ასევე, ზეკარის უღელტეხილიც, რომელიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფარგლებშია მოქცეული.

აბასთუმანში ღამის გათევისათვის არჩევანის გაკეთება დიდ სასტუმროებსა და საოჯახოებს შორის მოგიწევთ, თუმცა ეს უკანასკნელნი  არანაკლებ სერვისსა და კომფორტს შემოგთავაზებთ.

ასე რომ აბასთუმნის ჰავა და ბუნება სასიამოვნო და ძალიან კომფორტულ დასვენებას გპირდებათ.