დღევანდელი სტატიის თემა ბაზალეთის ტბის მიმდებარე საკურორტო ატმოსფერო იქნება.

ბაზალეთის ტბა დუშეთის მუნიციპალიტეტში, ქალაქ დუშეთის სამხრეთით 5 კილომეტრზე მდებარეობს. ტბის  მაქსიმალური სიღრმე 7 მეტრია.

გაზაფხულსა და ზაფხულში  წყლის ტემპერატურა დაახლოებით 25 °C-მდეა, რაც შესაძლებელს ხდის მასში ბანაობას. ხოლო ტბის ერთი ნაპირი დაფარულია ლელქაშით და თევზჭერისათვის საუკეთესო ადგილია. 

მზის გულზე გარუჯული ფეხებით წყალში დგომა, ჩუმი, უდრეკი საუბრები და ტივტივაზე დაკვირვება შენთვის და შენი პარტნიორისთვის მშვენიერი განტვირთვა იქნება.

თუ ტბის პირას მხოლოდ შაბათ-კვირას დაგეგმავთ წასვლას (დედაქალაქიდან ახლოა და ეს ადვილად ასრულებადი), მაშინ აუცილებლად დაგჭირდებათ კარავი და თბილი საძილე ტომრები, მზის ჩასვლის შემდეგ ტემპერატურა მკვეთრად ეცემა. საკვები ჯობია ქალაქიდან წაიღოთ, თუმცა ადგილზეც იყიდება სხვადასხვა ნუგბარი, ხოლო შორიახლოს სასტუმროების  არჩევანიცაა.

ტბის სიახლოვეს არის ტურისტული კომპლექსები, კომფორტული და ფეშენებელური სასტუმროები, რომელთა უმეტესობაც საკუთარ სანაპიროებს ფლობს და იქ თქვენ სრული კომფორტი გელოდებათ (სპა სალონებით, სატრენაჟორო დარბაზებითა და ჩოგბურთის კორტითაც კი).

ბაზალეთზე დღის განმავლობაში მოწყენა არ გიწერიათ. შეგიძლიათ პარტნიორთან ერთად ნავი იქირაოთ და ტბის შუაგულში შესცუროთ, იქ კი რომანტიული საუბრისათვის (ხოლო საღამოს საათებში, არა მხოლოდ…) ზუსტად შესაფერისი ადგილია.

აქვე შეგახსენებთ რომ ტბაში მრავლადაა თევზი და სხვადასხვა წყალმცენარე, ასე რომ ნუ შეშინდებით, თუ ცურვისას რაიმე უცხო და სლიპინა მოგედებათ შიშველ სხეულზე.

სასიამოვნო და გრილ დასვენებას გისურვებთ!