თითქმის 3 თვე გავიდა, რაც ბოლოს დარბაზში ვივარჯიშე.

ამ დრომდე პირადად ჩემთვის წარმოუდგენელი იყო ვარჯიშის გარეშე ერთი დღეც კი (კვირა დღის გარდა).

პანდემიის ჟამს სპორტდარბაზში ვარჯიშის მოყვარულებს რთული დრო დაგვიდგა და ახალი რეალობის წინაშე დავდექით: #დარჩისახლში პირობებში, როგორმე, ვარჯიშიც სახლში უნდა გაგვეგრძელებინა.

თავიდან, თითქოს რთული არ ჩანდა, თუმცა, სახლში ვარჯიშის დაწყების ბევრმა მცდელობამ ვარჯიშის ისეთი მოყვარულისთვისაც კი, როგორიც მე ვარ, ბევრჯერ წარუმატებლად ჩაიარა. მრავალმა პრობლემამ იჩინა თავი: ფართის სიმცირე, ხელსაწყოების ნაკლებობა, არასათანადო იატაკი და ა.შ. ასევე, კორონავირუსის გავრცელების პირველ პერიოდში, მაინცდამაინც, არც სავარჯიშო განწყობაც იყო.

დროთა განმავლობაში პატარ-პატარა ხერხებს მივაგენი, რომლებიც სულ ცოტა მაინც მეხმარება სახლში ვარჯიშის მოტივაციის გაზრდაში. მინდა ეს მარტივი რჩევები შენც გაგიზიარო:

1. წინასწარ განსაზღვრე დრო ვარჯიშისთვის

თუ ბევრი თავისუფალი დრო გაქვს, შეგიძლია შენს განწყობას მიენდო და იმ დროს ივარჯიშო, როცა მოგინდება, მაგრამ რეალობაში ეს იშვიათად გამოდის: თითქმის ყოველთვის, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ვარჯიშის დიდი სურვილით არ იწვი, რაღაც ხელისშემშლელი ფაქტორი გამოჩნდება, რასაც ვარჯიშის გადადების საბაბად გამოიყენებ. ამიტომ, სჯობს, წინასწარ გქონდეს დაგეგმილი და განსაზღვრული ვარჯიშის დრო. ეს დრო, შეძლებისდაგვარად, მხოლოდ და მხოლოდ ვარჯიშს დაუთმე.

2. წინასწარ განსაზღვრე ვარჯიშის სახეობა

წინასწარ განსაზღვრული დროის გარდა, ასევე, კარგი იქნება, წინასწარ გქონდეს განსაზღვრული რომელ ვარჯიშებს შეასრულებ. შეგიძლია ზეპირად დაიმახსოვრო ან სადმე ჩამოწერო რა ვარჯიშებს, რამდენჯერ და რამდენ მისვლას გააკეთებ. თუ ვარჯიშის წინასწარი გეგმის შენით შედგენა გიძნელდება, ინტერნეტსივრცეში უამრავი მზა პროგრამაა, მათ შორის ქართული. მე ჩემ ფავორიტებს შემოგთავაზებ:

  • ჩემპიონთა აკადემიის ინსტაგრამ-გვერდი: აქ შემოთავაზებულია 5 დღიანი პროგრამა, რომლის გაკეთებაც თავისუფლადააა შესაძლებელი სახლში და მოიცავს წრიულ ვარჯიშებს. ასევე სისწრაფისა და მოქნილობის ვარჯიშები, რომლებიც მაღალი ინტენსივობისაა და „კალორიების წვაში“ გვეხმარება.
  • წრეს ინსტაგრამ-გვერდი: აქ ნახავ პრესის, ზურგის, ზედა ტანის, საჯდომისა თუ მთლიანი სხეულის ვარჯიშებს.
  • World Class Georgia IGTV არხი: თითქმის ყოველდღე ლაივში გადის სხვადასხვა სახის ვარჯიშები, შეგიძლია შეუერთდე კიდევაც.

3. მოიმარაგე სავარჯიშო მოწყობილობები

თუ გაქვს საშუალება, კარგი იქნება, თუ დამატებით სავარჯიშო მოწყობილობებს შეიძენ, მაგალითად, პარალონს, რეზინებს, გირებს და ა.შ. ეს დაგეხმარება, რომ ვარჯიში ბევრად უფრო კომფორტული, მრავალფეროვანი და შედეგიანი გახადო. თუმცა, თუ ამის საშუალება არაა, არც ესაა პრობლემა – არსებობს უამრავი ვარჯიში, რომელიც არ საჭიროებს დამატებით ხელსაწყოებს.

4. ზუმი ან ვიდეოკონფერენციისთვის განკუთვნილი ნებისმიერი სხვა აპლიკაცია

ზუმი არამარტო კონფერენციებისა თუ სამსახურებრივი შეხვედრებისთვისაა კარგი, არამედ ჯგუფური ვარჯიშებისთვის. თუ მარტოს გეზარება ვარჯიში, შეგიძლია, მეგობრებთან ერთად ზუმის გამოყენებით დისტანციურად სცადო.

5. მუსიკა ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოტივატორია

სწორად შერჩეული მუსიკა ერთიორად ზრდის განწყობას და ენერგიის მოზღვავებაში გეხმარება. ამიტომ, კარგი იქნება, თუ წინასწარ შეადგენ ფლეილისტს რიტმული და ხალისიანი კომპოზიციებისგან, ან სულაც არახალისიანებისგან: მთავარია, შენ მოგწონდეს.

ეს რჩევები განსკუთვნილია იმისთვის, ვისაც სურს ვარჯიში სახლში და ვერ ახერხებს. არა, არც “სიქსფექისა” და არც „ზაფხულის ტანის“ დაყენებისკენ მოგიწოდებ! უბრალოდ შეგახსნებ, რომ ვარჯიში საკუთარი თავისთვის ბედნიერების მინიჭებისა და ჯანმრთელობისთვის ხელისშეწყობის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

თუ შენ რამე სხვაც იცი, გაგვიზიარე კომენტარებში ან Pink Club-ში, საინტერესო იქნება.