პატარა შესავალი მისთვის, ვინც ეს სტატია გუგლის მეშვეობით იპოვა:

მისთვის, ვისაც ეშინია ტესტის გაკეთების, რადგან შესაძლოა აივ-დადებითი აღმოჩნდეს და არ იცის როგორ მოიქცეს. სანამ გზას გასწავლიდე, აუცილებლად უნდა იცოდე, რომ აივ ინფექცია დიაგნოზია და არა განაჩენი. აივ-დადებითი პირები ჩვენს გარშემო სამწუხაროდ უჩუმრად, მაგრამ თავისუფლად ცხოვრობენ, თითქმის ჩვეულებრივ. ამ დიაგნოზით ცხოვრება არ მთავრდება, მით უმეტეს დღეს, ჩვენს საუკუნეში.

ახლა კი რამდენიმე საკვანძო შეკითხვა, რომელსაც ძალიან ხშირად ვაწყდები და მინდა მანამ განვმარტო, სანამ იმ ამბის მოყოლას დავიწყებ, თუ როგორ გავიარე ტესტირება აივ-ინფექციაზე.

რა არის აივ-ინფექცია?

აივ (HIV) ვირუსული ინფექციაა, რომელიც ადამიანის იმუნური სისტემას უტევს, კონკრეტულად კი მის ე.წ CD4 უჯრედებს. ანტივირუსული მკურნალობის გარეშე ვირუსი იმდენ CD4-ს კლავს, რომ საბოლოოდ ორგანიზმის ინფექციისადმი ბრძოლის უნარი მინიმუმამდე ქვეითდება და ინფექციიის ბოლო სტადიასთან – შიდსთან, ანუ შეძენილ იმუნოდეფიციტის სინდრომთან (AIDS) მივყავართ.

შიდსი (AIDS) და აივ (HIV) ინფექცია ერთი და იგივეა?

არა და აი, რატომ: როგორც ვირუსის განმარტება გვეუბნება, აივი ვირუსული ინფექციაა, რომელიც მკურნალობის გარეშე მიგვიყვანს მდგომარეობამდე, რომელსაც ადამიანის შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი, ანუ შიდსი ჰქვია. აივ- ინფექცია ერთერთი და არა ერთადერთი მიზეზია, რის გამოც შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი შეიძლება განვითრდეს.

როგორ გადაეცემა აივ (HIV) ინფექცია?

აივი სგგდ ს, ანუ სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციას მიეკუთვნება, თუმცა შეიძლება ინფიცირებული ადამიანის სისხლთან კონტაქტითაც გადაგედოს. გადადების რისკის შემცველი აქტივობები პირობითად 3 ჯგუფად შეიძლება დაიყოს, იმის მიხედვით, რამდენად მაღალია ინფიცირების რისკი.

მაღალი რისკის შემცველი აქტივობები:

  • ვაგინალური ან ორალური სექსი აივ-დადებით პირთან – გახსოვდეს, რომ სგგდ-სგან მხოლოდ ბარიერული კონტრაცეფციის მეთოდი, ანუ კონდომი გიცავს. უფრო მეტი ინფორმაციისთვის გადახედე ჩვენს სტატიას კონტრაცეფციაზე, დაუცველ სქესობრივ კავშირზე, მოგვწერე ჩვენს გვერდზე ან შემოუერთდი Pink Club-ს.
  • აზიარო ნემსები ინტრავენური ნარკოტიკების მოხმარებისთვის – ამ გზით ვირუსი პირდაპირ ხვდება სისხლის მიმოქცევაში, რის გამოც გადაცემის რისკი ძალიან მაღალია.

დაბალი რისკის შემცველი აქტივობები:

  • დედიდან შვილზე გადაცემა ორსულობისას, მშობიარობისას და ძუძუთი კვებისას – დღევანდელ რეალობაში აღნიშნული რისკები, რაც ორსულთა მართვას უკავშირდება, მინიმალურია. ეს რისკი 1% -ზე ნაკლებია აშშ-ში. როგორც ქართულ ორსულთა ანტენატალური (ანუ მშობიარობამდე) მეთვალყურეობის პროტოკოლში ვკითხულობთ, პირველი ვიზიტისას ყველა ორსულს უტარდება სკრინინგი სხვადასხვა, მათ შორის აივ ინფექციაზეც, რაც აადვილებს ინფექციის ადრეულ გამოვლენას და ორსულობის სწორ მართვას, ასევე ახალშობილის დაავადების მაქსიმალურ პრევენციას ემსახურება. უნდა აღინიშნოს, რომ აივ ინფექცია საკეისრო კვეთის ერთ-ერთი ჩვენებაა, თუ არ გაქვთ ჩატარებული ანტივირუსული მკურნალობა. დამატებითი ინფორმაციას საკეისრო კვეთის ჩვენებებისა და გამონაკლისების შესახებ საკეისრო კვეთის ქართულ გაიდლაინშიც ამოიკითხავთ 4.8 ქვეთავად, რომელიც კონკრეტულად აივ ინფექციის დედიდან ბავშვზე გადაცემას ეხება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აივ ტესტირება ტარდება ჩასახვამდეც სკრინინგის სახით სხვა ინფექციებთან ერთად, თუ ქალი პრენატალური, ანუ ჩასახვამდელი შემოწმებისა თუ ბანალური გეგმიური ვიზიტისთვის მიმართავს გინეკოლოგს.
  • ბასრი საგანის ან ნემსის შერჭობა, რომლებიც გამოიყენებოდა აივ-დადებითი პირის მიერ – მაგალითად სამედიცინო ხელსაწყოები, რაც დიდი რისკია მედ-პერსონალისთვის, პირადი ჰიგიენის ნივთები, როგორიცაა საპარსი, სამართებელი, არასწორად ან გაუსტერილებელი სტომატოლოგიური და სილამაზის სალონის ინვენტარი და ა.შ;

ძალიან დაბალი რისკის შემცველი აქტივობები:

  • ორალური სექსი – ამ შემთხევაში გადაცემის რისკი მინიმალურია.
  • სისხლის (ან მისი კომპონენტების) გადასხმა, კანისა და ორგანოს ტრანსპლანტაცია აივ-დადებითი პირისგან – რადგანაც ამ შემთხვევაში ყოველთვის წინასწარ მოწმდება დონორი ძირითად ინფეციებზე, მათ შორის აივზეც.
  • აივ-ინფიცირებული ადამიანის ნაკბენი, დაზიანებული კანისა და სისხლის ან სისხლისშემცველი სითხეების კონტაქტი: ამ შემთხვევაში მინიმალური, თუმცა მაინც არის რისკი, რომ ვირუსი მოხვდეს სისხლის მიმოქცევაში და ადამიანი დაინფიცირდეს.

აივ ინფექცია კოცნით გადამედება?

არა. აივი კოცნით არ გადადის. ინფიცირებული ადამიანის ნერწყვი ვირუსს არ შეიცავს. ინფექციის გამომწვევი ვირუსი ადამიანის ორგანიზმის კონკრეტულ სეკრეტებშია იმ რაოდენობით, რომ გამოიწვიოს ორგანიზმის დაავადება. ესენია სპერმა, პრეკუმი ანუ პრეეაკულატი (სითხე, რომელიც გამოიყოფა ეაკუალციამდე მამაკაცის სასქესო ორგანოდან), სისხლი, ვაგინალური და რექტალური სითხეები და რძე. იმის თეორიული შანსი, რომ აივ ინფექცია გადაგედოთ პარტნიორთან ურთიერთობისას კოცნით, არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აივ-დადებითი პირის ღრძილები ან პირის ღრუ რაიმე მიზეზით სისხლმდენია და მეორე პარტნიორის ლორწოვანიც დაზიანებული. თუმცა მსგავსი გადაცემის დადასტურებული ოფიციალური შემთხვევა არ არსებობს.

გახსოვდეს! აივ ინფექცია არ გადაეცემა:

  • მეგობრობით და სიყვარულით
  • ჰაერითა და წყლით
  • მწერების ნაკბენით
  • ნერწყვით, ცრემლით ან ოფლით, რომელიც არ შეიცავს დაავადებული პირის სისხლსაც
  • ხელის ჩამორთმევით, ჩახუტებით, საერთო საპირფარეშოთი და აბაზანით, ჭურჭლით, სამოსით, გადაკოცნით
  • წყლის შადრევნებით
  • სხვა სქესუალური აქტოვობით, რომლებიც არ გულისხმობს სქესობრივ სეკრეტებთან კონტაქტს, მაგალითად შეხება, მოფერება და ა.შ;

გახსოვდეთ, რომ მკურნალობის ფონზე სრულიად შესაძლებელია სისხლში ვირუსის თითქმის ნულოვანი კონცენტრაციის მიღწევა, რაც იმას გულისხმობს, რომ შესაბამისი მედიკამენტის მიღებისას აივ დადებითი ადამიანი აღარ არის გადამდები და მისი იმუნიტეტი ჯანსაღი ადამიანისას უტოლდება. სრულად შესაძლებელია, აივ ინფიცირებულმა ადამიანმა დაგეგმოს ოჯახი, ჰყავდეს ჯანმრთელი პარტნიორი და შვილები.

რას გულისხმობს აივ ინფექციის ტესტირება? რა ანალიზს იღებენ ტესტისთვის? ჩანს სისხლის საერთო ანალიზში?

ამ კითხვას ყველაზე ხშირად მისვამენ. აივ ინფექციაზე საჭიროა სპეციფიკური ტესტირება, ის ჩვეულებრივ სისხლის და შარდის კვლევაში არ ჩანს, თუ არ ვეძებთ კონკრეტულ ვირუსს. პირველ ეტაპზე ტარდება სწრაფი ტესტი, რისთვისაც შენს სისხლს იღებენ. ტესტს მარტივი, ორსულობის დასადგენი ტესტის ფორმა აქვს. ტესტირებას ატარებს ექიმი-ლაბორანტი.

ევროპასა და ამერიკაში არსებობს HIV/AIDS სახლის სწრაფი ტესტებიც, რომლებსაც ამერიკის საკვებისა და წამლის (FDA) ადმინისტრაცია უწევს რეკომენდაციას. თუ არ ცხოვრობ საქარველოში, შეგიძლია, ეს ტესტი სახლშიც ჩაიტარო.

როგორ ჩავიტაროთ აივ ინფექციის უფასო სკრინინგი?

აივის სწრაფი ტესტირება ქალაქის მასშტაბით საშუალოდ 10-დან 20 ლარამდე ღირს შენთვის სასურველ რომელიმე ლაბორატორიასა თუ კლინიკაში, ასევე საოჯახო მედიცინის ცენტრებში და თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელია, ჩატარდეს. ასევე შესაძლებელია, სახლიდან გაუსვლელად მოგემსახუროს რამდენიმე ლაბორატორია და პასუხი ელექტრონულ  ფოსტაზე, ზედმეტი კონტაქტისა და კონფიდენციალობის დარღვევის გარეშე მიიღო. მე, როგორც მედ-პერსონალი, წელიწადში საშუალოდ ორჯერ ვიტარებ აღნიშნულ ტესტირებას, ასე რომ თითქმის ყველა მეთოდი გარდა ბინაზე გამოძახებისა მოსინჯული მაქვს.

რაც ეხება უფასო სკრინინგს, ამისთვის რამოდენიმე გზა არსებობს:

ორსულთა სკრინინგი

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პირველ ვიზიტზე ყველა ორსულს უტარდება აივ ინფექციის სკრინინგი, რასაც რიგ კვლევებთან და 8 გეგმიურ ვიზიტთან ერთად სახელმწიფო აფინანსებს.

სისხლისა და სისხლის კომპონენტების დონაცია

სისხლის გაღებისას შესაძლოა სხვისი და შენი სიცოცხლეც გადაარჩინო, რადგანაც ყველა დონორი მოწმდება აივ ინფექციაზე სწრაფი ტესტით. ბონუსად შენს სისხლის ჯგუფსა და რეზუსსაც გეტყვიან.

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის უფასო სკრინინგის პროგრამა

ეს ცენტრი 1989 წლიდან არსებობს. დღეისათვის აქ შესაძლებელია ინფექციონისტის უფასო კონსულტაცია, აივ ტესტირება და დადებითი პასუხის შემთხვევაში, შესაბამისი კვლევები და მედიკამენტები მიიღო, რაც ასევე უფასოა.

პირველ რიგში თავად ცენტრს უნდა მიმართო, რომელიც ყაზბეგის N16-ში, ინფექციური საავადმყოფოს ეზოშია განთავსებული. სამუშაო საათები 10:00-17:00, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. ცხელი ხაზის ნომრები:

  • მიმღები განყოფილება: 239 57 29
  • აივ/შიდსზე კონსულტაციის ცხელი ხაზი: 239 80 18
  • აივ/შიდსის ცენტრის ამბულატორია: 239 91 43
  • ვებ-საიტი: https://aidscenter.ge/

ძალიან სამწუხაროა, რომ რამდენიმე წესი, რასაც მე, როგორც პაციენტი ვისურვებდი, რომ დაცული ყოფილიყო, არ დამხვდა. აქვე წინასწარ აღვნიშნავ, რომ რაიმე სუბიექტური და ობიექტური ინტერესი ცენტრის მიმართ არ მამოძრავებს, ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია შეიცავს პირად გამოცდილებას და არ ემსახურება რეკლამას ან ანტირეკლამას.

კლინიკაში შესვლისას ვერსად იპოვი მინიშნებას, ვის უნდა მიმართო, საით წახვიდე, ამიტომაც ერთ-ერთი კარის შეღება და შეკითხვის დასმა გიწევს. რეალურად ადგილზე მომუშავე რამდენიმე ინფექციონისტიდან ერთ-ერთი მორიგე ყოველდღიურად მოსული პაციენტის მიღებაზე, დაავადების შესახებ ინფორმირებასა და ტესტირებაზეა პასუხისმგებელი.

5-10 წუთიანი ძიების შემდეგ ხვდები ექიმ ინფექციონისტთან და ტესტამდე ვერბალურ კონსულტაციას გადიხარ. სამწუხაროდ, კონფიდენციალობა აქაც ირღვევა, რადგანაც ხშირად, კაბინეტი მხოლოდ ერთ ექიმს არ ეკუთვნის, კარსაც ხშირად აღებენ უკითხავად.

ვერაფერს ვიტყვი თავად ექიმებზე – ჩემი ყოველი ვიზიტისას ერთნაირი გულისხმიერებითა და სიმშვიდით მიხსნიდნენ, რა არის აივ ინფექცია, რა შეიძლება იყოს სავარაუდო გადაცემის გზა და ა.შ. აზუსტებდენ სავარაუდო რისკის შემცველ ქცევებსა და კონტაქტებს (მაგალითად დაუცველი სქესობრივი კავშირი, ინტრავენური წამალდამოკიდებულება და ა.შ.);

გასაუბრების შემდეგ ექიმი აკეთებს შენი პირადობის მოწმობის ასლს, გივსებს ანალიზის ბლანკს, სადაც წერია შენი პირადი მონაცემები სრულად და ტესტის სახეობა. აღნიშნული ფურცლით ხვდები კლინიკის მეორე სართულზე, მედდასთან სპეციალურ ოთახში, აბარებ სისხლს კვლევისთვის და პასუხს ელოდები მომდევნო სამუშაო დღემდე. პასუხი თავად უნდა მოიკითხო, დადებითი შედეგის შემთხვევაშიც კი არავინ დარეკავს და შეგახსენებს.

პასუხის მოკითხვისას კი დგება შემდეგი ორი გარდაუვალი საკითხი:

რა ხდება, თუ პირველადი ტესტი უარყოფითია?

ჩვეულებრივ ცხოვრებას ვაგრძელებთ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უარყოფითი პასუხი არ ნიშნავს, რომ არ შეიძლება აივ მატარებელი ვიყოთ.

ვირუსს ახასიათებს ე.წ “ფანჯარა-პერიოდი”, ეს არის დრო, რომელიც ინფიცირებიდან ვირუსის სისხლში აღმოჩენამდე გადის და პრაქტიკულად უსიმპტომოა. აღნიშნული პერიოდი საშუალოდ 3 თვემდე გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პოტენციურად საშიში ქცევიდან, იქნება ეს დაუცველი სქესობრივი კონტაქტი თუ რაიმე სხვა,  გარკვეული დრო უნდა გავიდეს, რომ  ტესტმა ანტისხეულების “დაჭერა” შეძლოს. სწორედ აღნიშნულის, და არამხოლოდ,  პრევენციის მიზნითაა მოწოდებული აივ ტესტირება გეგმიურად, წელიწადში რამდენჯერმე. ამასთან უნდა გახსოვდეს, რომ შენი უარყოფითი პასუხი არ ნიშნავს, რომ შენი პარტნიორის ტესტის შედეგიც ავტომატურად უარყოფითი იქნება და არ უნდა გადამოწმდეს.

რა ხდება თუ პირველადი ტესტი დადებითია?

მთავარია, სიმშვიდე შეინარჩუნო! რამდენადაც ეს შესაძლებელია. აუცილებლად უნდა იცოდე, რომ ვინაიდან არსებობს ტესტის ცრუ დადებითი და უარყოფითი პასუხის ცნება, ყოველი დადებითი პასუხი სპეციალური იმუნობლოტინგის მეთოდით მოწმდება, რაც გულისხმობს სისხლში ვირუსის ანტისხეულების გამოვლენას სპეციფიური კვლევის საშუალებით. ამ პროცედურას დაახლოებით 1 კვირა სჭირდება.

რა ხდება, თუ მეორეული ანუ კონფირმაციული ტესტიც დადებითია?

მუნობლოტინგი აივ ინფექციის არსებობას ადამიანის ორგანიზმში საბოლოოდ ადასტურებს. ცხადია, მკურნალობის ჩატარება ან არჩატარება შენს სურვილზეა დამოკიდებული. თანხმობის შემთვევაში ხდები ცენტრის პაციენტი. გყავს პირადი ექიმი იფექციონისტი, რომელიც პირველ ეტაპზე იმუნიტეტის დონის შესაფასებლად შესაბამის კვლევებს გინიშნავს.

ვირუსის ტიტირი, ანუ რაოდენობა სისხლში და და სხვა საბაზისო კვლევები ზოგადი მდგომარეობის სწორად შესაფასებლადაა საჭირო. ამის შემდეგ აუცილებელ მედიკამენტოზურ მკურნალობას იწყებ, რაც უმეტესად საკმარისად შედეგიანია იმისთვის, რომ ჯანსაღი ადამიანის იმუნიტეტს მიაღწიო ვირუსის მინიმალური ან ნულოვანი ტიტირით, დღეში მხოლოდ ერთი ან ორი აბის მიღებით.

სამწუხაროდ, ამჟამად ვირუსისგან სრული განკურნება შეუძლებელია, თუმცა მიღწევადია ხანრძლივი რემისია ანუ უსიმპტომო პერიოდი. აღნიშნული მედიკამენტები სრულიად უფასოდ გეკუთვნის, ცენტრის ბაზაზე პირად ექიმთან და გეგმიურ პროფილაქტიკურ კვლევებთან ერთად.

აქაც ირღვევა წესი. თბილისის ცენტრში არსებობს ერთადერთი N9 კაბინეტი, სადაც წამლებს გასცემენ ყოველგვარი ბარიერისა და კონფიდენციალობის დაცვის გარეშე. მედიკამენტების მიღება ოჯახის ექიმის ან პოლიკლინიკის ბაზაზე ამ ეტაპზე შეუძლებელია, ოფოცოალური პროგრამით სხვა ადგილას მკურნალობას ვერ ჩაიტარებ. პრეპარატებს გარკვეული პერიოდის სამყოფ მარაგს ცხადია გატანენ.

ამავე სკრინინგისა და ანტივირუსული მკურნალობის ჩატარება ასევე შესაძლებელია რეგიონალურ საავადმყოფოებში ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში. აქვე გაითვალისწინე, რომ თუ ტესტი დადებითია, იგივე ტესტი შენმა პარტნიორმაც უნდა ჩაიტაროს. მისი ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში აუცილებლად უნდა გადაკონტროლდეს შედეგი ფანჯარა პერიოდის გასვლის შემდეგ.

რა იქნება მომავალში?

ყველა ადამიანს, ვინც აივზე და სხვა ინფექციებზე ტესტს იტარებს, პირველ რიგში, პასუხის შიში აქვს. მეც კი, რომელიც გეგმიურად ვიტარებ სკრინინგს წელიწადში რამდენჯერმე პროფესიული საქმიანობის გამო, ყოველ ჯერზე 2 კვირა მაინც მჭირდება ხოლმე, რომ ლაბორატორიამდე მივიდე. ყველას გვეშინია.

აუცილებლად უნდა იცოდე, რომ შენ არ ხარ ერთადერთი. შენს გარშემო ცხოვრობენ აივ დადებითი სტატუსის მქონე ადამიანები და ამ საკითხზე რაც უფრო ხშირად ვისაუბრებთ და მივიღებთ განათლებას, მით ნაკლებად შეგვზღუდავს და შეგვაშინებს სტატუსი და სტიგმა.

მედიცინა და მეცნიერება ყოველდღიურად განიცდის პროგრესს. აუცილებლად და მალე დადგება დღე, როდესაც აივ ინფექციას განვკურნავთ. მანამდე კი, ჯადოსნურად განკურნებული კაცისა და გენური ინჟნერიის საიმედო ამბავი Tedx-ზე მოისმინე:

გამოყენებული მასალა:

საკეისრო კვეთა, პროტოკოლი 
ანტენატალური მეთვალყურეობა, პროტოკოლი 
Infectious Disease Tests
HIV. gov
HIV Transmission