პოსტკოიტალური კონტრაცეპტივი (Morning-After Pill) გამოიყენება როგორც არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების ერთ-ერთი საშუალება. პოსტკოიტალური კონტრაცეპტივი დაუცველი კავშირის შემდეგ თავის დაცვის ეფექტური საშუალებაა. გადაუდებელი კონტრაცეპტივის გამოყენება, როგორც წესი, ეფექტურია დაუცველი სექსუალური კონტაქტიდან 72-120 საათის განმავლობაში გამოყენების შემთხვევაში.

პოსტკოიტალური კონტრაცეპტივის გამოყენების საჭიროება დგება, როცა:

  • სექსუალური კონტაქტის დროს არ გამოგიყენებია სხვა ტიპის კონტრაცეპტივი;
  • გამოგრჩა ყოველდღიური კონტრაცეპტივის მიღება;
  • სექსუალური კონტაქტის დროს დაზიანდა კონდომი;
  • პარტნიორმა ვერ მოასწრო გარეთ ეაკულაცია;
  • გქონდა ძალადობრივი დაუცველი ვაგინალური სექსუალური კავშირი.

როგორ მოქმედებს პოსტკოიტალური კონტრაცეპტივი?

სექსუალური კონტაქტის შემდეგ განაყოფიერებას 5-6 დღე სჭირდება. პოსტკოიტალური კონტრაცეპტივის მოქმედება უკავშირდება განაყოფიერების შეკავებას.

ეს კონტრაცეპტივი შეიცავს ჰორმონულ ნივთიერებებს, რომელიც განაყოფიერებისთვის მზა კვერცხუჯრედის მომწიფებისა და საშვილოსნოში გამოსვლას აფერხებს. მასში შემავალი სხვა ნივთიერებები ასევე ახდენს საშვილოსნოში არსებული სიხის გაბლანტებას. ჩვეულებრივ, ოვულაციის დროს ეს სითხე გამჭვირვალე და სლიპინაა, რათა სპერმატოზიდმა ადვილად ააღწიოს ფალოპის მილებში, სადაც განაყოფიერება ხდება.

91c1e9f-3.cached

რამდენად ეფექტურია პოსტკოიტალური კონტრაცეპტივი?

პოსტკოიტალური კონტრაცეფციის უმრავლესობის ეფექტურობა 89 პროცენტია, როცა აბი მიიღება სექსუალური კონტაქტიდან 72 საათის განმავლობაში. მისი ეფექტურობა კლებულობს კონტრაცეპტივის მიღების დაგვიანებასთან ერთად.

გადაუდებელი კონტრაცეპტივი არ იწვევს ნაყოფის მოშორებას. სწორედ ამიტომ, თუ განაყოფიერება უკვე მომხდარია, ის ეფექტური აღარ არის.

რამდენად უსაფრთხოა პოსტკოიტალური კონტრაცეპტივის გამოყენება?

პოსტკოიტალური კონტრაცეფტივი უსაფრთხოა, თუმცა აუცილებელია მიღებამდე გაეცნო ანოტაციას. როგორც წესი, გადაუდებელი კონტრაცეპტივის გამოყენება დაშვებულია მხოლოდ ერთხელ ერთი მენსტრუალური ციკლის განმავლობაში.

იგი შეიცავს ძლიერ ჰორმონალურ ნივთიერებებს, რომლებმაც შეიძლება ქალის ორგანიზმის ბუნებრივ პროცესებში მნიშვნელოვანი ძვრები გამოიწვიოს. ამიტომ აუცილებელია, გამოყენებამდე კარგად გაეცნო ანოტაციას, ხოლო პირველ გამოყენებამდე შეუთანხმდე, ან კონსულტაცია გაიარო შენს გინეკოლოგთან.

რა შესაძლო გვერდითი ეფექტები ახლავს თან პოსტკოიტალური კონტრაცეპტივის გამოყენებას?

კონტრაცეპტივის გამოყენებამდე აუცილებლად გაეცანი ანოტაციის ნაწილს, რომელიც გვერდით მოვლენებს ეხება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა კონტრაცეპტივის მიღებასთან დაკავშირებული სიმპტომები ორსულობის სიმპტომებში აგერიოს. როგორც წესი, გვერდითი მოვლენები კონტრაცეპტივის მიღებიდან ერთი ან ორი დღის განმავლობაში შეინიშნება და მოიცავს:

  • ადრეულ ან დაგვიანებულ, გაძლიერებულ ან შემცირებულ მენსტრუალურ პერიოდს;
  • მკერდის ზომაში მომატებას, მგრძნობელობის გაზრდას, თავბრუსხვევას, თავის ტკივილს;
  • გულისრევას ან ღებინებას – თუ აბის მიღებიდან ორ საათში ღებინება დაგეწყო, კონტრაცეპტივი კარგავს ეფექტურობას და საჭირო ხდება მისი განმეორებით მიღება.

არ შეშინდე, თუ პოსტკოიტალური კონტრაცეპტივის მიღების შემდეგ მენსტრუალური პერიოდი დაგიგვიანდა. ეს კონტრაცეპტივის ერთ-ერთი შესაძლო გვერდითი ეფექტია. დაელოდე 5-7 დღე, ან ორსულობის დასადგენი ტესტი გამოიყენე.

მნიშვნელოვანია!

  • არ გამოიყენო პოსტკოიტალური კონტრაცეფცია, როგორც თავის დაცვის რეგულარული საშუალება.
  • გადაუდებელი კონტრაცეფცია არ გიცავს სექსუალური გზით გადამდები დაავადებებისგან.

არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად მრავალი სხვა უფრო უსაფრთხო და დაბალფასიანი საშუალება არსებობს, ამიტომ გადახედე ჩვენს სტატიას კონტრაცეფციის ტიპების შესახებ და მიმართე შენს გინეკოლოგს.

Cover Photo by Reproductive Health Supplies Coalition on Unsplash