დადგა ზაფხული – როგორც იქნა! ცხელი ამინდი, თავისუფალი დრო, გართობა, მზე, ზღვა, დასვენება, მეგობრები ზღვაზე წასვლას და დაუვიწყარი შვებულების გატარებას გეგმავთ. რა სჯობს მხიარულ დასვენების დღეებს, რომლებზე მოგონებებიც მთელი წლის რუტინას გადაგატანინებს…

მაგრამ ამ დროს, ზღვისთვის მომზადებაზე ფიქრებში გართულს არც გახსენდება ის საფრთხეები, რამაც შეიძლება დასვენება ჩაგამწაროს.

მზის დაკვრა და სითბური დაკვრა რეალური საფრთხეა ზღვაზე დამსვენებელთათვის, თუმცა თუ წელს შვებულებით სარგებლობას არ აპირებ და ზაფხული შრომაში უნდა გაატარო, ეს რჩევები შენც გამოგადგება, რადგან დახუთულ ოფისში ჯდომაც დიდი რისკია.

რაც მეტი ინფორმაცია გაქვს, უფრო დაცული ხარ, ამიტომ სჯობს წინასწარ გაეცნო გზებს, რომლებიც ბევრ უსიამოვნებას აგარიდებს თავიდან.

მზის დაკვრა – მწვავე მდგომარეობა, რომელიც ვითარდება თავის გადახურებისას მასზე მზის სხივების უშუალო მოქმედების გამო: ფართოვდება თავის ტვინის სისხლძარღვები, ძლიერდება სისხლის მიდინება, შეიძლება ამას მცირე კალიბრის სისხლძარღვების გასკდომაც მოჰყვეს.

შედეგად თავის ტვინის სისხლის მიმოქცევა ირღვევა და ცენტრალური და პერიფეიული ნერვული სისტემის ფუნქციები.

მიზეზი ძირითადად ხდება მზეზე, ცხელ ამინდში დიდხანს გაჩერება შიშველი თავით და/ან სხეულით, მაგალითად გარუჯვისას ჩაძინება, ალკოჰოლური სასმელებით, აგრეთვე საკვებით დატვირთვა პლაჟზე.

როგორ გამოვიცნოთ მზის დაკვრა?

თავის ძლიერი ტკივილი, სახის გაწითლება, თავბრუსხვევა – მზის დაკვრის პირველი ნიშნებია, რასაც შემდეგ მოჰყვება გულისრევა და ზოგჯერ ღებინებაც, მხედველობის დაბინდვა, ხანდახან ცხვირიდან სისხლდენა, მოგვიანებით გონების კარგვა, სუნთქვის გაძნელება, გახშირებული პულსი.

მზის დაკვრას პარალელურად თან შეიძლება ახლდეს მზისგან დამწვრობის ნიშნებიც: დახეთქილი და დაწითლებული კანი, ბუშტუკები სხეულზე.

სითბური დაკვრა ასევე სხეულის გადახურების გამო ვითარდება. მაღალი ტემპერატურის გავლენით ძლიერდება სხეულის თბოწარმოების პროცესი, სითბოს გაცემა კი გაძნელებულია, რაც ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციებს უქმნის საფრთხეს.

მიზეზად შეიძლება იქცეს ყველაფერი, რაც ხელს შეუშლის ოფლის გამოყოფას და მის აორთქლებას: გარემოს მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა, ფიზიკური აქტივობა ტყავის ან სინთეტიკურ სამოსში, გადაღლა, გაუწყლოება, ცხელ ამინდში დიდხანს სიარული.

სითბური დაკვრის მიღება უფრო ადვილია, ვიდრე მზის დაკვრის, რადგან ამისთვის მზიანი ამინდი არაა აუცილებელი, სითბური დაკვრა თავისუფლად შეიძლება დახუთულ შენობაშიც დაგემართოს.

სითბურ დაკვრას ახასიათებს საერთო სისუსტე და ძილიანობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სხეულის ტემპერატურის მომატება ზოგჯერ 40 გრადუსამდეც, შეიძლება ღებინება და ფაღარათიც, თუ გადახურების მიზეზები არ იქნა მოცილებული, იწყება ბოდვები, ჰალუცინაციები, გონების კარგვა.

მანამდე შეწითლებული სახე ახლა უკვე ფერმკრთალი ხდება, ან მოლურჯო ელფერს იძენს, კანი გადახურებული, ზოგჯერ კი პირიქით, ცივია და ოფლიანი, პულსი ხშირი და სუსტი.

დროული დახმარების აღმოჩენის გარეშე, ორივე შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება.

თუ ასეთი სიმპტომებს ვინმეს შენ ირგვლივ შეამჩნევ, გამოიძახე სასწრაფო, მაგრამ გახსოვდეს, მის მოსვლამდე გაწეული დახმარება უფრო ეფექტურია, რაც ადრე ჩაერევი, მით უკეთესი, პირველი დახმარება ორივე მდგომარეობისათვის ერთნაირია:

  • დაზარალებულის სწრაფად გაყვანა ჩრდილში, ან კარგად ვენტილირებად შენობაში;
  • წელზემოთ გაშიშვლება და ზურგზე დაწვენა აწეული თავით;
  • თავზე ცივი კომპრესის დადება, სხეულის დაფარვა სველი გადასაფარებლით, ან უბრალოდ ცივი წყლის დაპკურება, დანიავება;
  • ცივი წყლის დალევინება;
  • გონების დაკარგვის და სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში ნიშადურის სპირტით დასველებული ბამბის მიტანა ცხირთან;
  • თუ სუნთქვა შეწყდა და პულსი აღარ ისინჯება – პირველადი, გადაუდებელი დახმარების დაწყება: ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟი.

სითბური და მზის დაკვრის რისკის ჯგუფებს ბავშვები, მოზარდები და მოხუცები მიეკუთვნებიან, მათი ადვილად მოწყვლადი თერმორეგულაციის გამო. ასევე, ადამიანები, რომლებსაც აქვთ ჭარბი წონა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, არ არიან შეჩვეულნი სიცხეს და ჭარბად მოიხმარენ ალკოჰოლურ სასმელებს.

პრევენცია:

  • მზის ქვეშ და ცხელ ადგილას დიდი ხნით გაჩერებისგან თავის შეკავება;
  • მზეზე გასვლისას თავის დაფარვა ქუდით, ქოლგით;
  • გარუჯვისა და ზღვაში ბანაობის ხშირი მონაცვლეობა;
  • სითხის უხვად მიღება;
  • საცხოვრებელი და სამუშაო შენობების კარგად განიავება, ვენტილაცია, ტემპერატურისა და ტენიანობის შენარჩუნება;
  • სწორად შერჩეული სამოსი: ღია ფერის საზაფხულო ტანსაცმელი, რომელიც კარგად ატარებს ჰაერს.

მშვიდობიან ზაფხულს გისურვებთ!