თავის მოვლის საშუალებების მწარმოებელი ბრენდი Dove უკვე რამდენიმე წელია ეწევა სარეკლამო კამპანიას, რომლის მიზანია მომხმარებელს აჩვენოს ბუნებრივი სილამაზის უპირატესობები.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვებით მიღებული შედეგით, ქალების მხოლოდ 4% თვლის, რომ ის ლამაზია. სწორედ ამ შედეგს ეძღვნება Dove-ის ვიდეორგოლი “Dove Real Beauty Sketches”, რომელიც ატარებს იდეას, რომ სინამდვილეში უფრო ლამაზები ვართ, ვიდრე წარმოგვიდგენია.

ეს იყო ერთგვარი ექსპერიმენტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ქალმა და მხატვარ-კრიმინალისტმა, რომელსაც მანამდე არც-ერთი მათგანი არ ჰყავდა ნანახი. თავდაპირველად, მონაწილეებმა საკუთარი თავი აღწერეს, რის მიხედვითაც მხატვარმა შექმნა მათი პორტრეტები, ხოლო შემდეგ დახატა ისინი სხვების წარმოდგენით.