საშუალოდ, ზრდასრული ადამიანის სხეულის 60% წყლისგან შედგება და ეს მარაგი სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია.

თუ ამ მონაცემს ორგანოებზე გადავიტანთ, მაშინ გული 73%, ფილტვი 83%, კანი 64% ხოლო ძვლები კი 31% წყლისგან შედგება.

მაშინ როდესაც გვგონია, რომ ყველაფერი კარგადაა, ჩვენი ორგანიზმი წარმოუდგენელ წყურვილს გრძნობს, მაგრამ ჩვენ მისი სიგნალების და მინიშნებების გაგება გვიჭირს.

გქონია ოდესმე დილით ახალგაღვიძებულზე ისეთი განცდა თითქოს როიალი დაგეცა, არადა კარგად და სრულყოფილად გეძინა?

ან იქნებ პირში ჩალაგამოვლებულივით გაგიღვიძია? დღის დასაწყისში აუხსნელი დაღლილობა თუ გიგრძვნია?

ყველა ეს ზემოთჩამოთვლილი პუნქტი გაუწყლოვნების, იგივე ორგანიზმის დეჰიდრაციის მანიშნებელია.

თუ ორგანიზმს აკლია წყალი – აკლია ენერგია. თუ აკლია ენერგია, ესე იგი უჭირს ფუნქციონირება. წყლის შემცველობა ისეთი ფუნქციებისთვისაა აუცილებელი როგორიც ტემპერატურის რეგულირება/ოფლიანობაა, საკვებიდან მიღებული სასარგებლო ნივთიერების ტრანსპორტირება ორგანოებში, სახსრების საპოხი საშუალების მომარაგება ტენით და კიდევ ბევრი სხვა.

მიიღე წყალი სუფთა სახით, ჩაი და ყავა არ გამოდგება

გაუწყლოვნებას მოსდევს ისეთი შესამჩნევი შედეგები, როგორიცაა:

ძილის არევა
ადრეული ნაოჭები
მუდმივი გადაღლილობა
კანის გამოშრობა უჩვეულო ადგილებში


წყლის დოზა და მისი აუცილებლობა დამოკიდებულია ცხოვრების წესზე, წონაზე, გარემოსა და სხვადასხვა ფაქტორებზე, თუმცა საშუალოდ, დღის განმავლობაში სასურველია 1-1.5 ლიტრი წყლის (სუფთა სახით) მიღება.

იმისთვის, რომ სახლის პირობებში მეტნაკლებად ზუსტად გაარკვიოთ რამდენად რეჰიდრირებულია შენი ორგანიზმი, არსებობს სხვადასხვა ხერხები:

პირველი არის ზემოთ ჩამოთვლილ კითხვებზე პასუხი. თუ ერთზე მაინც გაქვს დადებითი პასუხი, სამწუხაროა, მაგრამ შენ სასწრაფოდ უნდა მიხედო დეჰიდრაციის პრობლემას.
გამოსავალი: გაღვიძებიდან პირველ 15 წუთში აუცილებლად დალიე ოთახის ტემპერატურის 1-2 ჭიქა წყალი (გრილი იგულისხმება), ხოლო დღის განმავლობაში ეცადე, რომ ეს აქტივობა 3 საათში ერთხელ გაიმეორო დაძინებამდე.

მეორე არის შარდის ფერი. დიახ, ხანდახან ეს ძალიან სწორი და კარგი მაჩვენებელია. თუ შენი შარდი მუქი მოყავისფრო, მუქი კვერცხისგულისფერია, ვწუხვართ, მაგრამ წყალი კოკისპირულად გაკლია. (ფერები და გაუწყლოვნების დონის შემოწმება შეიძლება ამ ბმულზე – https://cle.clinic/2ABTU4E)
გამოსავალი: იპოვო წყლის კალკულატორი ვებ გვერდი ან აპლიკაცია და დაიწყო მიღებული სითხის თვლა, თან უნიტაზში ჩახედვაც არ დაგავიწყდეს.

მესამე არის ნაოჭები. რამდენად სწრაფად ქრებიან შენი მიმიკური ნაოჭები გაცინების შემდეგ? თუ ნაოჭები დიდი ხანი გემჩნევა, ერთი საიდუმლოს გამხელა მოგვიწევს – ჯერ არ ბერდები, მაგრამ თუ წყალს არ მიიღებ, ნაადრევი სიბერეც არ დააყოვნებს.
გამოსავალი: აუცილებლად მიიღე შენი ცხოვრების წესის შესაბამისი, იდეალური ოდენობის წყალი და გამოიყენე დამატენიანებელი ნიღბები.

და ბოლოს, თუ წყლის დალევა შენთვის ტანჯვასთან ან რაღაც შეუძლებელთან ასოცირდება, გვაქვს რჩევები, რათა სიზიფეს შრომა, რეალურ შედეგად აქციო.

1. აირჩიე ან შეიძინე ისეთი ჭურჭელი რომლიდანაც გაგიხარდება და გესიამოვნება დალევა.
2. წყალი აუცილებლად თან ატარე და სამუშაო მაგიდაზე დაიდე, ხელი მას თავისით მიწვდება.
3. თუ წყალი უგემურია. ჩაყარე შიგნით კენკრა, ლიმონი, კიტრი, პიტნა, ანანასი. არ გადაამეტო, მაგრამ ოდნავ არომატული წყლის დალევა რეცეპტორებს უფრო მეტად გაუადვილდებათ.
4. დაფიქრდი და გაიაზრე, რომ შენს ენერგიას, სილამაზესა და ჯანმრთელობას წყალი წყალივით სწყურია, იქნებ ამან გაგიადვილოს საქმე?!
5. დააყენე შემახსენებელი მობილურსა და კომპიუტერზე.
6. გამოიწვიე მეგობრები და შეეჯიბრე.


წყალი მაცოცხლებელი ძალაა და მის გარეშე ჩვენი სასიცოცხლო ენერგია ჯერ ბჟუტავს, შემდეგ კი სრულებით ქრება.

თუ შენ რამე სხვაც იცი, გაგვიზიარე კომენტარებში ან Pink Club-ში, საინტერესო იქნება.