კარადასთან მიდიხარ, აღებ და იწყებ ფიქრს, რა ჩაიცვა…

საკიდებზე უამრავი ტანსაცმელი კიდია, თაროებზე ალიაქოთია, მაისურები, სვიტრები, ჯინსები, შარვლები…  მაგრამ, მიუხედავად ასეთი მრავალფეროვნებისა, არ იცი, რა ჩაიცვა.

ძალიან დიდხანს მაწუხებდა ეს პრობლემა, სანამ, ერთხელაც, ყველაფერ ზედმეტს ხელი არ ვტაცე და გავაჩუქე ან გადავყარე.

თუ არ იცი, საიდან დაიწყო, ვეცდები ცოტა დაგეხმარო.

ნაბიჯი 1. მოაგროვე და დაახარისხე

გამოალაგე ყველაფერი გარდერობიდან,  კარადიდან, ტუმბოებიდან, კარადების ზედა სათავსოებიდან და ორ დიდ ჯგუფად დაახარისხე: შემოდგომა-ზამთრის და გაზაფხული-ზაფხულის.

გაშალე ეს ყველაფერი  საწოლზე ან რამე სხვა დიდ ზედაპირზე და საქმეს შეუდექი. თუ მაინცადამაინც ბევრი დრო არ გაქვს, შეგიძლია დასაწყისისთვის ერთი ჯგუფის, მაგალითად შემოდგომა-ზამთრის ტანსაცმელი დაახარისხო.

ნაბიჯი 2. ის, რასაც აღარასოდეს გამოიყენებ

ამოარჩიე ნივთები, რომელიც ამ სეზონზე ერთხელაც არ ჩაგიცვამს და დაუნანებლად გადადე “მოსაშორებელი” ნივთების ყუთში.

უკვე დროა, მოიშორო თავიდან რამდენიმე წლის წინ ნაყიდი ძალიან საყვარელი, მაგრამ უკვე გაცრეცილი მაისური, სულ ახალი ბოლოკაბა, რომელიც შარშან იყიდე დიდ ფასდაკლებაზე, მაგრამ ვერ მოირგე და ყიდვის დღიდან უქმად იმტვერება კარადაში. ან ჯინსი, რომელიც ორი წელია არ ჩაგიცვამს, მაგრამ კარგი ბრენდია და გენანება.

გამონაკლისი დაუშვი იმ ნივთებისთვის, რომლებიც:

  • არ გცმია იმიტომ, რომ მათი არსებობა არ გახსოვდა და ახლა თავიდან აღმოაჩინე
  • საღამოს კაბები, სადღესასწაულო ტანსაცმელი, საკარნავალო კოსტიუმები. ასეთი ტანსაცმელი ნებისმიერ დროს შეიძლება გამოგადგეს
  • სამოსი, რომელიც კარგ მოგონებებთან ასოცირდება. ბავშვობის კაბა, საყვარელი სკოლის დროიდელი სვიტრი, კაბა რომელიც მაშინ გეცვა, როცა შენი ბიჭი გაიცანი და ა.შ.
  • ის, რაც ძვირფასია. მაგალითად, ვინტაჟური სამოსი

ნაბიჯი 3. ეს ტანსაცმელი გიხდება?

აიღე სათითაო ნივთი იქიდან, რაც პირველ წმენდას გადაურჩა, მოიზომე, სარკეში ჩაიხედე და შეაფასე: ისევ გიხდება? ჯერ ისევ მოგწონს ეს ნივთი? იქნებ უკვე გაცვდა? ან იქნებ ცოტა გახდი ან მოსუქდი და ისე ლამაზად აღარ გადგას ტანზე?

ჩართე ამ პროცესში მეგობრები და  მოაწყე სახალისო მოდების ჩვენება. კითხე სხვებსაც, რას ფიქრობენ. ის ნივთები, რომლებიც გამოცდას ვერ გაივლის, ასევე უნდა მოიშორო თავიდან.

ნაბიჯი 4. შეუხამე და დაგეგმე

გადახედე დარჩენილ ნივთებს, აღმოაჩინე რა დაგაკლდა, რის შეძენას ისურვებდი. დააკვირდი დაწუნებულ ნივთებს, რომ მეორედ იგივე შეცდომები არ გაიმეორო და იგივე მოდელები აღარ იყიდო.

პ.ს. ზედმეტ, არასასურველ სამოსს რა უყო, შენ თვითონ გადაწყვიტე. ნაკლებად გაცვეთილი ან ახალი ნივთები შეგიძლია გააჩუქო.