ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული თვითიზოლაციის და მზის სხივების ნაკლებობის გამო, ზოგიერთ ქვეყანაში ჯანდაცვის ექსპერტებმა D ვიტამინის საკვებ დანამატად მიღების შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნეს. მოდი, ვნახოთ, რას წარმოადგენს D ვიტამინი და გჭირდება თუ არა მისი დამატება კვების რაციონში.

რა არის D ვიტამინი?

D არის ცხიმში ხსნადი ვიტამინი. ის თვითგამომუშავების ან საკვებიდან მიღების შემდეგ შენს სხეულში დიდი ხნის განმავლობაში ინახება.

D ვიტამინი საკვებში ორი ძირითადი ფორმით არსებობს [1]:

  • ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) – გვხვდება ზოგიერთ ცხოველურ საკვებში, მაგალითად ცხიმიან თევზში და კვერცხის გულში. D3 ასევე ადამიანის კანის ქოლესტერინის მიერ მზის აბაზანის დროს გამომუშავდება.
  • ვიტამინი D2 (ერგოკალციფეროლი) – გვხვდება ზოგიერთ მცენარეში, სოკოში და საფუარში.

სისხლში D ვიტამინის დონის გაზრდისთვის, D3 (ქოლეკალციფეროოლი) თითქმის ორჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე D2 (ერგოკალციფეროლი) [2, 3].

რატომ გვჭირდება D ვიტამინი?

D ვიტამინი მნიშვნელოვანია კალციუმის შესაწოვად. ის აუცილებელია ჯანსაღი ძვლებისთვის, კბილებისთვის და კუნთებისთვის. მისმა ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ძვლის დეფორმაციის დაავადება, რომელსაც ბავშვებში რაქიტი ეწოდება, ხოლო მოზრდილებში მსგავსი ძვლის სისუსტის მდგომარეობა – ოსტეომალაცია.

ზოგიერთი კვლევა ვარაუდობს, რომ D ვიტამინს აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტები და მისი დეფიციტის თავიდან აცილება ხელს უწყობს ჩვენს თავდაცვას გაციებისა და გრიპის წინააღმდეგ, თუმცა არ არსებობს იმის ზუსტი მტკიცებულება, რომ D ვიტამინი იმუნურ სისტემას აძლიერებს.

ვინ არის D ვიტამინის ნაკლებობის რისკ ჯგუფში?

  • ჭარბი წონის მქონე ადამიანები
  • მუქი ფერის კანის მქონე ადამიანები
  • ვეგანები/ვეგეტარიანელები
  • ეკვატორიდან შორს მცხოვრები ადამიანები
  • გულის ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები
  • მოხუცები
  • მუდამ სახლში მყოფი ადამიანები
  • მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დამცავი კრემების ყოველდღიურად მომხმარებელი ადამიანები

რა არის D ვიტამინის ნაკლებობის ნიშნები და სიმპტომები?

D ვიტამინის ნაკლებობის ძირითადი ნიშნები და სიმპტომებია:

  • ხშირი გაციება და ინფექციებით ავადმყოფობა.
  • დაღლილობა და გადაქანცვა
  • ძვლების და ზურგის/წელის ტკივილი
  • დეპრესია
  • ჭრილობების შეუხორცებლობა
  • ძვლოვანი მასის კარგვა
  • თმის ცვენა
  • კუნთების ტკივილი

როგორ მივიღო D ვიტამინი მზისგან?

Photo by Matheus Vinicius on Unsplash

D ვიტამინი თვითგამომუშავდება კანში არსებული ქოლესტერინის მიერ, მზის ულტრაიისფერი B (UVB) სხივების ზემოქმედების შედეგად [4]. იგი სხეულში კვირების ან თვეების განმავლობაში ინახება. როგორც წესი, კვირაში რამდენჯერმე მზის აბაზანების მიღებით, საჭირო D ვიტამინის დოზას სრულად აინაზღაურებ.

გასათვალისწინებელია, რომ საკმარისი დოზის მისაღებად საჭიროა სხეულის დიდი ნაწილის გაშიშვლება. მხოლოდ სახისა და ხელების მიფიცხებით D ვიტამინის გაცილებით ნაკლები რაოდენობა წარმოიქმნება. გარდა ამისა, თუ ფანჯრის მიღმა დარჩები, ან მზისგან დამცავ საშუალებებს გამოიყენებ, შენი კანი ვიტამინ D-ს ნაკლებად ან საერთოდ ვერ გამოიმუშავებს [5].

მიუხედავად იმისა, რომ D ვიტამინის დოზის გადაჭარბება შეუძლებელია, მზეზე დიდხანს ყოფნა მაინც არ არის რეკომენდებული. მზის სხივების ზემოქმედების შედეგად, შესაძლოა კანის ძლიერი დამწვრობა განვითარდეს. მზისგან დამწვრობამ კი შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება და გაზარდოს კანის კიბოს განვითარების რისკი [6, 7).

მზის აბაზანების დროს აუცილებლად დაიცავი თავი ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. თუ მზეზე დარჩენას დიდხანს აპირებ, მზისგან დამცავი საშუალებების გარეშე შეგიძლია პირველი 10–30 წუთის განმავლობაში გაჩერდე (ეს დრო დამოკიდებულია მზის რადიაციაზე და შენი კანის მგრძნობელობაზე). ამ დროის გასვლის შემდეგ კი დამცავი კრემი გამოიყენე.

თუ ისეთ ადგილას ცხოვრობ, სადაც საკმარისი მზის სხივები არ არის, ან სახლიდან ძალიან იშვიათად გადიხართ (განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში და თვითიზოლაციის დროს) საჭმლიდან ან საკვები დანამატებიდან D ვიტამინის მიღება აბსოლუტურად აუცილებელია.

როგორ მივიღო D ვიტამინი საკვებიდან?

D ვიტამინის მიღება მხოლოდ საკვებიდან რთულია. მას შეიცავს ცხიმიანი თევზი და კვერცხის გული. ზოგიერთი საუზმეული, ბურღულეული, მარგარინი და იოგურტი შეიძლება ხელოვნურად იყოს გამდიდრებული D ვიტამინით (დააკვირდით ეტიკეტს).

ქვემოთმოცემულ ცხრილში წარმოდგენილია საუკეთესო პროდუქტები ვიტამინი D3-ის მისაღებად [8]:

საკვებირაოდენობა% RDI
ვირთევზას ღვიძლის ზეთი, 1 ჩ/კ (15 ml)1,360 IU / 34 mcg227%
ორაგული, მოხარშული (85 grams)447 IU / 11 mcg75%
თინუსი, წყალში დაკონსერვებული (85 grams)154 IU / 4 mcg26%
საქონლის ღვიძლი, მოხარშული (85 grams)42 IU / 1 mcg7%
1 დიდი კვერცხის გული41 IU / 1 mcg7%
1 სარდინი, ზეთში დაკოსერვებული, გაწურული23 IU / 0.6 mcg4%
RDI = წილი დღიურ ნორმაში

სად შეიძლება ვიყიდო საკვები დანამატი?

D ვიტამინის დანამატები ფართოდ არის ხელმისაწვდომი აფთიაქებში, D ვიტამინის ან მულტივიტამინური კომპლექსის სახით. დააკვირდი ეტიკეტს. ეტიკეტზე ჩამოთვლილი ინგრედიენტებში უნდა ეწეროს D3.

თუ აპირებ საკვები დანამატის მიღებას, რეკომენდებული რაოდენობაა 10 მიკროგრამი დღეში. აქვე გაითვალისწინე შემდეგი დოზირებები:

  • 1-10 წლის ასაკის ბავშვებს უნდა მისცეთ დღეში არა უმეტეს 50 მიკროგრამისა
  • ჩვილებს (12 თვემდე ასაკში) არ უნდა მისცეთ დღეში 25 მიკროგრამზე მეტი
  • მოზრდილებმა უნდა მიიღონ დღეში არაუმეტეს 100 მიკროგრამისა

ზოგჯერ, D ვიტამინის დეფიციტის დადასტურებული დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, ექიმის მიერ უფრო მაღალი დოზებია რეკომენდებული.

ზოგიერთი ადამიანი, რომელსაც გარკვეული სამედიცინო მდგომარეობა აქვს, მაგალითად თირკმელების პრობლემები, ვერ მიიღებს D ვიტამინს.

შეუძლია ვიტამინ D-ს შეაჩეროს კორონავირუსი?

არა, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ იგი ამცირებს კორონავირუსით დაავადების რისკს ან ამცირებს სიმპტომებს.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ პანდემიის დროს ვიტამინის მიღებამ შესაძლოა სარგებელი მოუტანოს ადამიანების ერთ გარკვეულ ჯგუფს, რომელთაც უკვე აღენიშნებათ ვიტამინის დეფიციტი ორგანიზმში. ასევე, შესაძლებელია D ვიტამინის დეფიციტი სხეულში წლების განმავლობაში უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს.

რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ D ვიტამინის 4000 UI დოზის მიღება ყოველდღიურად ამცირებს რესპირატორული დაავადებების რისკს.[9, 10, 11]