წონის დაკლება ჩვენი მკითხველებისთვის, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, მუდამ აქტუალური თემაა. დღეს ორი მათგანის შეკითხვას ვუპასუხებთ:

გამარჯობა, მჭირდება რამე სასარგებლო დიეტა, რომელიც ორგანიზმს არ დამიზიანებს. ვარ 16 წლის, 73 კილოგრამი და სასწრაფოდ მინდა დავიკლო წონაში. მადლობელი ვიქნები, თუ რამით დამეხმარებით.

მოგესალმები. ძალიან სასიხარულოა, როდესაც ადამიანი ზედმეტ წონას დროულად ებრძვის მანამ, სანამ ის გარკვეულ პრობლემებს შექმნის. თუმცა, არ მივესალმები თხოვნას იმის შესახებ, რომ წონის დაკლება სასწრაფოდ გინდა.

და აი, რატომ:

მოდი, პირველ რიგში განვმარტოთ, რომ დიეტა მარტო კვების შეზღუდვა არ გახლავს. ნებისმიერ ვითარებაში ის შენი სხეულისა და ფსიქიკისთვის სტრესიცაა. სამედიცინო რეკომენდაცია კი მკაცრია: არ შეიძლება დიეტის დაწყება ექიმის  მეთვალყურეობის გარეშე!

კარგი იქნებოდა, შენი სიმაღლეც გვცოდნოდა, გამოვითვლიდით სხეულის მასის ინდექსს (BMI) და ზუსტადაც გეტყოდით, რამდენი კილოგრამის მოცილება გჭირდება იმისთვის, რომ ჯანსაღი წონა გქონდეს.

საერთოდაც, 18-19 წლის ასაკამდე აქტიური დიეტა რეკომენდებული არ არ არის, რადგან ამ პერიოდში ორგანიზმი ჯერ კიდევ იზრდება და კომპლექსური კვების საჭიროებაც გაცილებით მეტია, ვიდრე ზრდასრულ ასაკში.

მეორე საკითხი პრობლემის სათავეა. წონის მატებას ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს მით უმეტეს, შენს ასაკში. ხშირად მიზეზი სასქესო და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დარღვეული სეკრეციაა, რასაც დიეტით ვერაფერს უშველი. რეალურად, თუ ჰორმონულ დარღვევებს არ უმკურნალე, დიეტა ეფექტური არ იქნება და შეიძლება პირიქით, წონაში უფრო მოიმატო. ამიტომაც ჩემი რჩევა იქნება, სასწრაფო და მკაცრ დიეტებს არ მიმართო რაც უნდა აუცილებელი იყოს ეს შენთვის ამ წუთას. კონსულტაცია ექიმ-ენდოკრინოლოგთან გაიარე, რომელიც ამ პრობლემის ეფექტურ დაძლევაში დაგეხმარება.

მესამე საკითხი სწრაფი დიეტების მავნებლობაა. შენ, როგორც Pink-ის მკითხველმა, აუცილებლად უნდა იცოდე, რომ წონის კლება და ცხიმის დაწვა სრულიად სხვადასხვა რამაა. სწრაფი და კუსტარული დიეტები, როგორც წესი, ორგანიზმიდან წყლის დაკარგვაზე და ამის ხარჯზე წონის შემცირებაზეა გათვლილი, ამიტომაც ვინაზღაურებთ ძალიან სწრაფად ამ წესით დაკლებულ კილოგრამებს და თანაც ორგანიზმს გამოშრობისა და გამოფიტვის საფრთხის წინაშე ვაყენებთ. ასევე დავამატებ, რომ ორგანიზმის 8-10% -იანი წყლის დანაკარგი სასიკვდილოა!

ერთადერთი, რაც შეგვიძლია გირჩიოთ და რაც შენს ჯანმრთელობას მხოლოდ სარგებლობას მოუტანს (სხვადასხვა დარღვევის ფონზეც კი), სწორი კვება და დღის რეჟიმია. ეცადე, აუცილებლად ისაუზმო დილით, შეზღუდო ტკბილეულის და გაზიანი სასმელების რაოდენობა, არ იკვებო ღამით, ფასტ-ფუდის ნაცვლად მიირთვა ხილი და ბოსტნეული, 2 ლიტრამდე წყალი მიიღო ყოველ დღე და რაც შეიძლება მეტი იმოძრაო. არჩევანი შენზეა: შეგიძლია, ფიტნესით დაკავდე, ირბინო, იცეკვო, ველოსიპედით იარო ან ისეირნო.

გახსოვდეს, ნებისმიერი აქტივობა წვავს კალორიებს! წარმატებებს გისურვებთ!

სალომე:

მადლობელი ვიქნები თუ დიეტოლოგის რჩევებს დაწერთ, როგორ დავიკლოთ წონაში, ოღონდ ვარჯიშის გარეშე და პლუს ისიც რომ იყოს გათვალისწინებული, რომ ვთქვათ, ყოველდღე საღამოს გიწევს სახლში მოსვლა… ხშირად ვკითხულობ თქვენს რჩევებს და უმეტესად ეს რჩევები ოპტიმალურ გამოსავალს წარმოადგენს. მადლობელი ვიქნები თუ ამაშიც დამეხმარებით. მადლობა წინასწარ.

ძალიან ცუდია, როდესაც წონის დაკლებას ვცდილობთ და არასწორი დღის რეჟიმი გვაქვს. დამერწმუნე, მეთოდი, რომელიც ისე დაგაკლებინებს წონაში, რომ არ ივარჯიშო, მთელი დღის განმავლობაში არაფერი ჭამო და გვიან საღამოს ივახშმო, არ არსებობს.

თუმცა იმედს ნუ დაკარგავ. გამოსავალი არსებობს, მაგრამ რაღაცების დათმობა ნამდვილად მოგიწევს. პირველ რიგში, იმას გირჩევდი, რაც ჩვენს პირველ ადრესატს ვურჩიე: აუცილებლად მიმართე ექიმ-ენდოკრინოლოგს, რომ არ გამოგეპაროს ჰორმონალური დარღვევები. აუცილებლად გამოთვალე შენი სხეულის მასის ინდექსი და ნახე, თავსდება თუ არა შენი წონა ჯანსაღი ნორმის ფარგლებში.

რაც შეეხება წონის უსაფრთხო კლებას ასეთ პირობებში, პირადი გამოცდილებით შემიძლია გითხრა, რომ ტკბილეულის შეზღუდვა, საუზმე დილით, რუხი პური და პატარა კონტეინერი, რომლითაც სამსახურში ან სასწავლებელში წაიღებ საკვებს, ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია შენს მდგომარეობაში.

მესმის, კონტეინერი საკვებით ჩვევის ჩამოყალიბებას ითხოვს, თუმცა როდესაც ჯანმრთელობაზეა საუბარი, აჯობებს, დათმო. ასევე, დღის განმავლობაში დასანაყრებლად მშვენიერი საშუალებაა იოგურტი, მაწონი და ხაჭო, თუმცა გაითვალისწინე, რომ რძის პროდუქტები დაბალპროცენტიანი ცხიმის შემცველობით უნდა შეარჩიო (3% -მდე).

წინა წერილის მსგავსად, ფიზიკურ აქტივობასაც ნუ დაივიწყებ. სტატისტიკის თანახმად, არსებული წონის შენარჩუნებისთვის კვირაში 20 წუთიანი სირბილიც საკმარისია. ამიტომაც გირჩევდი, შაბათ-კვირას ან სამუშაო დღის ბოლოს მაინც გამოძებნო ცოტა დრო სირბილისთვის. თუმცა ამასაც თუ ვერ ახერხებ, შეგიძლია, უარი თქვა ლიფტებზე, სამსახურამდე ან სასწავლებლამდე რაღაც მანძილი ფეხით გაიარო, საღამოობით ისეირნო და ა. შ. მოკლედ მაქსიმალურად იმოძრავე და ამისთვის ნებისმიერი საშუალება გამოიყენე.

ჩაერთე:

  • შენი შეკითხვები და ისტორიები გამოგზავნო ელექტრონულ ფოსტაზე – hello@pink.ge
  • მოგვწერე სოციალურ ქსელებში – FacebookInstagram
  • დაემატე ჩვენს ჯგუფს და შეუერთდი საინტერესო დისკუსიებს – PINK CLUB

სტატიები “ჯანსაღი წონის” შესახებ: