ალბათ, დამეთანხმებით, რომ ჩვენს დროში სიგამხდრე, ისევე როგორც ჭარბი წონა, ბევრი ქალბატონისთვის წარმოადგენს პრობლემას. არსებული და გავრცელებული სტერეოტიპების გამო მათ ხშირად უწევთ ისეთი კომენტარების მოსმენა, (უმეტეს შემთხვევაში სრულიად უცნობი ადამიანებისგანაც კი) როგორებიცაა – „საჭმელს არ გაჭმევენ?“, „ქალს ცოტა ხორცი უნდა ჰქონდეს“ და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეში სიგამხდრე არა თუ მოსაწონი, არამედ განდიდებულიც კია, ის ხშირად უკავშირდება ჯანმრთელობის პრობლემებს. ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში წონის არ/ვერ მომატება უკავშირდება გენეტიკურ ფონს, ხოლო გარკვეული ნაწილისთვის სიგამხდრის მიზეზი თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადება ხდება.

და მაინც, როდის აქვს ადამიანს არასაკმარისი წონა?

როგორც წესი, მრავალი ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები მოგვიწოდებენ, გამოვიყენოთ სხეულის მასის ინდექსი, იგივე – BMI, იმისთვის, რომ გავიგოთ, რა შემთხვევაშია წონა ჯანსაღი. სხეულის მასის ინდექსი ყველაზე ფართოდ რეკომენდირებული გზაა სწორი წონის დასადგენად, რადგან ის ადარებს ადამიანის წონას მის სიმაღლესთან, მაგალითად: შეიძლება ადამიანი იყოს 90 კილოგრამი, თუმცა მისი სიმაღლის გათვალისწინებით, აღნიშნული მასა არ წარმოადგენდეს ჭარბ წონას და პირიქით.

დღეის მონაცემებით ითვლება, რომ ადამიანს აქვს არასაკმარისი წონა, როდესაც მისი სხეულის მასის ინდექსი – BMI არის 18,5-ზე ნაკლები.

რა რისკებთან არის დაკავშირებული არასაკმარისი წონა?

ჯანმრთელობის პრობლემების შექმნა სიგამხდრესაც ისევე შეუძლია, როგორც ჭარბ წონას, თუმცა გვერდითი მოვლენები ყველა ადამიანს არ ახასიათებს.

2016 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, არასაკმარისი წონა ზრდის ოსტეოპოროზის რისკს ქალებში, რაც ნიშნავს იმას, რომ ძვლები უფრო მყიფე ხდება და ნაკლებად ქმედითუნარიანი. გარდა ამისა, არასაკმარისი ვიტამინების მიღება დიდ ზიანს აყენებს თმის, კბილებისა და კანის სტრუქტურებს, რაც დამეთანხმებით, ქალების უმრავლესობისთვის ყველაზე სუსტ წერტილს წარმოადგენს. უმეტეს შემთხვევაში სიმპტომები გამოიხატება თმის ცვენაში, კანის სიმშრალესა და/ან სტომატოლოგიური ჯანმრთელობის პრობლემებში.

ორგანიზმის ფიზიკური სისუსტე, ხშირი ავადმყოფობა და მუდმივი დაღლილობაც შეიძლება არასაკმარისი წონის სიმპტომად მივიჩნიოთ. ყოველი ადამიანისთვის არსებობს კალორიების გარკვეული რაოდენობა, რომელიც არის საჭირო ჯანსაღი წონისა და ენერგიის შესანარჩუნებლად, ხოლო მაშინ, როდესაც ორგანიზმი არ იღებს თავის დღიურ ნორმას, ის სუსტდება, უფრო ხშირია გრიპისა და გაციების შემთხვევები, მცირდება სისხლის ოდენობა, რაც, თავის მხრივ, იწვევს ანემიას. 

არასაკმარისი წონის დროს ქალებში ხშირია მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებული პრობლემები – მისი შეწყვეტა  ან შეფერხება, ხოლო ორსულთა შემთხვევაში – ნაადრევი მშობიარობა.

გენეტიკური ფონი, მაღალი მეტაბოლიზმი, ხშირი ფიზიკური დატვირთვა, ქრონიკული დაავადებები – ეს იმ ფაქტორების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც წარმოადგენენ სიგამხდრის მთავარ გამომწვევ მიზეზებს. ხშირად ქრონიკულ დაავადებებს თან ახლავს ღებინება და დიარეა, რაც წონის მატებას უშლის ხელს, ხოლო, როცა საქმე ეხება მაღალი ფიზიკური დატვირთვის მქონე ადამიანს, ხელისშემშლელ ფაქტორს კალორიების სწრაფი წვა წარმოადგენს.

რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გაიზარდოს წონა?

  • წახემსება – დღიურად უფრო მეტი ცილებისა და ნახშირწყლების შემცველი პროდუქტის მიღება ხელს უწყობს წონაში მატებას, დღიურ კვებებს შორის შუალედებში წახემსება ნამდვილად დაგეხმარებათ, მიაღწიოთ სასურველ წონას.
  • რამდენჯერმე კვება – ბევრი ადამიანისთვის არა თუ რთული, წარმოუდგენელიც კია დიდი ოდენობით საკვების ერთ ჯერზე მიღება, ასეთ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია დღეში 4-5-ჯერ კვება, შედარებით მცირე ულუფებით.
  • დღიურ კვებაში დამატებითი საკვების შეტანა – ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა: ნუში, ჩია, სელის მარცვლები სხვადასხვა საკვებთან ერთად დამატებით გამოყენებისას, საკმაოდ კარგ შედეგს იძლევა და, თავის მხრივ, ბევრი კარგი თვისების გამო კარგ გავლენას ახდენს ორგანიზმზე.
  • მაღალკალორიული საკვების მიღება – არასაკმარისი წონის დროს უმჯობესია, უპირატესობა მივანიჭოთ მაღალკალორიულ საკვებს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი ხშირად შეიცავენ მავნე ნივთიერებებს, რომლებმაც შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიონ გულსა და სისხლძარღვებზე, ამიტომ თავი უნდა ავარიდოთ ისეთი საკვების მიღებას, რომელიც მრავლად შეიცავს შაქარს, ცხიმებსა და მარილს.

ხშირად ადამიანებს გვიჭირს, ვაღიაროთ, რომ პრობლემის წინაშე ვდგავართ ან უბრალოდ ვერ ვხვდებით, რასთან გვაქვს საქმე. აუხსნელი და სწრაფი კლება წონაში, მუდმივი დაღლილობა, მოუწესრიგებელი/შეწყვეტილი მენსტრუალური ციკლი ქალებში, ხშირი ღებინება – ეს სიმპტომები წარმოადგენს იმ მცირე ჩამონავალს, რომელთა ქონის შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

და ბოლოს, უნდა გვახსოვდეს, რომ პრობლემის მოგვარება მისი სათავიდან იწყება და თუ დროულად აღმოვაჩენთ წყაროს, გამოსავლის პოვნაც უფრო ადვილი გახდება. არასაკმარისი, ისევე, როგორც ჭარბი წონა, განაჩენი არ არის და სწორი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, სრულიად მოგვარებად საკითხს წარმოადგენს.

სტატიები “ჯანსაღი წონის” შესახებ: