დაკვირვებიხარ, სახის კანი სიცხეში როგორ იცვლება?

ტემპერატურის მატებასთან ერთად ფორები ფართოვდება, საღამოს კი ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს, ტალახის აბაზანები მიიღე და არ ჩამოგიბანია.

ყველას ერთნაირი სახის კანი რომ არ აქვს, ეს ისედაც იცი, მაგრამ თუ ზაფხულის და მისი თანმხლები სიცხის გამო შენს კომბინირებულ და სუფთა კანსაც მსგავსი პრობლემა ექმნება, მოდი, ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებ.

პირველი, რაც მსგავსი პრობლემატიკით მისულმა კოსმეტოლოგისგან მოვისმინე, სახის კანის დაბანას შეეხებოდა.

რეკომენდაცია ასეთი იყო: დილას და საღამოს – ძილის წინ სახის დაბანა ჩემი კანის ტიპზე მორგებული დასაბანი საშუალებით.

რაც შეეხება მსოფლიო პრაქტიკას, მედიცინა სახის კანის დაცვის ბევრ საშუალებას უწევს რეკომენდაციას. ზაფხულის მწველი მზისა და მაღალი ტემპერატურისგან კანის დასაცავად რამდენიმე მათგანი ყველა ტიპის კანისთვის გამოგადგება:

  • მოერიდე მზეზე დიდხანს ყოფნას –  გადაჭარბებულმა მზის ქვეშ ყოფნამ, შეიძლება  კანის დაბერებას, დანაოჭებას და სიმსივნის გაჩენასაც კი შეუწყოს ხელი.
  • დალიე წყალი – ეს არა მხოლოდ შენი კანისთვის, არამედ ორგანიზმისთვისაც სასარგებლოა.
  • კანის დაცვისთვის საუკეთესო საშუალება: აუცილებლად გამოიყენე მზისგან დამცავი საშუალება SPF 15 (არანაკლებ), თუ დღის განმავლობაში გარეთ იმყოფები, 2 საათში ერთხელ.
  • აუცილებლად გამოიყენე დამცავი საშუალება მზის ქვეშ წყალში ცურვისას.
  • ეცადე, დილის 10 სთ–დან საღამოს 4 სთ–მდე მზის სხივებს მოერიდო, ამ დროს მზე ყველაზე აქტიურ ფაზაშია.

ბონუს რეკომენდაცია: შეიძინე ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი მასალისგან დამზადებული, ღია ფერის სამოსი, რომელიც შენს კანსაც ისევე მოუხდება, როგორც მზის სეზონს!