მდგრადი და ეთიკური გარდერობის ნულიდან შექმნის იდეა, ერთი შეხედვით, საშიში გამოწვევაა. მოგიწევს ტრენდების შეზღუდვა და შეჩვეულ ბრენდებზე უარის თქმა, რომ არაფერი ვთქვათ გაზრდილ ხარჯებზე.

თუმცა, ყველაფერი არც ისე რთულადაა, როგორც გეჩვენება. მდგრადი გარდერობის შექმნა გრძელვადიან პერსპექტივაში ნამდვილად მომგებიანი საქმეა და ამად ღირს.

მთავარია, დაიწყო და მიჰყვე ნაბიჯ-ნაბიჯ. მდგრადი გარდერობის დიდი ძალისხმევის გარეშე შექმნაში ექსპერტების მიერ შემოთავაზებული 10 მარტივი ნაბიჯი დაგეხმარება:

1. 30-ჯერ ჩაცმის ტესტი

ლივია ფირტმა, კომპანია „ეკო ერის“ (კომპანია, რომელიც ახდენს ბრენდების სერტიფიცირებას მდგრადობაზე)  დამფუძნებელმა წამოიწყო #30Wears (30-ჯერ ჩაცმის) კამპანია ხალხის წასახალისებლად,  რათა მათ შეიძინონ მხოლოდ ის ტანსაცმელი, რომელსაც ნამდვილად ჩაიცვამენ.

მთავარი მესიჯია: ყოველი შეძენისას დაფიქრდე ჩაიცვამ თუ არა კონკრეტულ სამოსს, სულ მცირე, 30-ჯერ მაინც. თუ პასუხი უარყოფითია, მაშინ ეს ნივთი არ გჭირდება. თავადვე გაგიკვირდება, რამდენჯერ მოგიწევს უარის თქმა.

ეცადე, უარი თქვა ისეთ სამოსზე, რომელსაც იცი, რომ მხოლოდ ერთხელ ჩაიცვამ ან ხვალ მოდიდან გავა. სანაცვლოდ, ეძიე უფრო ხარისხიანი და მოქნილი ტანსაცმელი, რომელიც უფრო დიდ ხანს გაძლებს და რომლის გამოყენებასაც მრავალნაირად შეძლებ.

2. იყავი ინფორმირებული

ყველაზე რთულია, იცოდე საიდან დაიწყო და უფრო მნიშვნელოვანი, იცოდე სად იშოპინგო.

დღეს, როგორც არასდროს ეს ბევრად მარტივია, ვინაიდან ყოველდღე უფრო და უფრო მეტი ბრენდი ცდილობს იყოს ორიენტირებული მდგრადობაზე. ამასთან, სოციალური მედია გეხმარება მწარმოებლებთან პირდაპირი კავშირის დამყარებასა და შენს კითხვებზე პასუხის მიღებაში.

შედეგად, შეგიძლია იმ მაღაზიებში იშოპინგო, რომელთა ღირებულებებიც ყველაზე მეტად შეესაბამება შენსას.

მეტად მნიშვნელოვანია, თუ ვინ ამზადებს შენს ტანსაცმელს. გამჭირვალობა გასაღებია, როდესაც საქმე ეხება მდგრადობას. ამგვარად, საჭიროა იცოდე, საიდან მარაგდება ბრენდი მასალით, რისგან მზადდება ეს მასალა და რამდენად მდგრადია წარმოების პროცესი. 

3. შეცვალე შენი მსოფლმხედველობა შოპინგისადმი

ყოველი ახალდამზადებული ტანსაცმელი ტოვებს ნახშრბადის კვალს, რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად ისახება დედამიწაზე და შემდგომ – ჩვენზე.

ვინტაჟური ტანსაცმლის ნახშირბადის კვალი კი უფრო ახლოსაა ნულთან. ვინტაჟურმა ტანსაცმელმა დიდი როლი ითამაშა მოდის მდგრადობისკენ სწრაფვასა და ნახშირბადის გლობალური კვალის შემცირებაში (წლიურად ახალი ნაჭრის წარმოებაში, შეღებვასა თუ გაუფერულებაში  დახარჯული ქვანახშირის ოდენობა შემცირდა 132 მილიონი მეტრული ტონით, წყლის მოხმარება კი – 6-9 ტრილიონი ლიტრით).

კიდევ ერთი ეკო-მეგობრული გზაა „გაქირავებადი მოდა“.  იმის გათვალისწინებით, რომ ყოველწლიურად 300,000 ტონა არასასურველი ტანისამოსი ნადგურდება და არ ხდება მათი გადამუშავება, ცხადია, რომ ჩვენი გარდერობის გაზიარება და წრიულ ეკონომიკაში წვლილის შეტანა, არც ისე ურიგო ნაბიჯია მდგრადი მომავლისაკენ.

წრიული ეკონომიკის კონცეფცია მარტივად, არის ეკონომიკური სისტემა, რომელიც მიმართულია ნარჩენების მინიმუმამდე შემცირებასა და რესურსების მაქსიმალურად გამოყენებისაკენ.

აღნიშნული კონცეფცია გამოწვევას უწყობს მოდის სწორხაზოვანი წარმოების გზას, რომელიც ნაგავსაყრელზე ჰპოვებს ბოლო სავანეს.  ყოველ ჯერზე, ახლის შეძენის ნაცვლად, ნივთის დაქირავება ნიშნავს ნაკლებ შენაძენს და ჩვენი პლანეტის ნაკლებად დაზიანებას.

4. ჩადე ინვესტიცია ტრანს-სეზონურ ტანსაცმელში

შეიძინე მხოლოდ ის ტანსაცმელი, რომელსაც მთელი წლის მანძილზე მოიხმარ. საზაფხულო სამოსზე ზედმეტად ნუ დაიხარჯები, რადგან ის მხოლოდ 3 თვის მანძილზე გამოგადგება. მით, უმეტეს, თუ ისეთ ადგილას ცხოვრობ, სადაც ზაფხული შედარებით უფრო მცირე ხანს გრძელდება. ასეთი ნივთი 30-ჯერ ჩაცმის ტესტსაც ვერ ჩააბარებს.

სამაგიეროდ, არ დაზოგო ფული ტანსაცმელზე, რომელიც ყველა სეზონს ერგება. მაგალითად: მაისური,  ჯინსი, კლასიკური კაბა, პიჯაკი – ნივთები, რომლებიც არ გადადის მოდიდან და ყოველთვის ტრენდშია. შედეგად, გაცილებით მდგრად გარდერობსაც მიიღებ.

5. გაეცი არასასურველი ტანსაცმელი

კარადაში უხმარად დებას, სჯობს, არასასურველი ტანსაცმელი გასცე შესაბამისი საჭიროების მქონე პირებზე. ასეთ შემთხვევაში, სიკეთე ორმაგდება. მათი გარდერობიც უფრო მდგრადი ხდება და გარდა ტანსაცმლისა, ეხმარები, გარემოსადმი ნაკლებად ზიანის მომტანი გადაწყვეტილებების მიღებაში. ამის გასაკეთებლად საუკეთესო საშუალებაა – „ერთი იყიდე, ერთი გაეცი“ პოლიტიკა. მიჰყევი მას და ყოველ ჯერზე, როცა ახალ რამეს შეიძენ, იმდენივე ძველი ნივთი სხვისთვის გაიღე.

6. მოუარე ტანსაცმელს, რათა უფრო დიდ ხანს გაგიძლოს

ცხადია და აუცილებელი – ნივთებს მოუარო. რა თქმა უნდა, უკეთესი ხარისხის ნივთები უფრო დიდხანს ძლებს (და სავარაუდოდ, უვლი კიდეც, ვინაიდან უფრო ძვირიც ღირდა). თუ სათანადოდ მოუვლი, უფრო იშვიათად გექნება ჩასანაცვლებელი.

სჯობს „შორი გზა მოიარო“ და ჯინსი გადმობრუნებულ მდგომარეობაში გარეცხო, ქაშმირის სამოსს კი განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ამიტომ, ნუ იჩქარებ ეტიკეტების მოშორებას. გარეცხვის წინ დააკვირდი წესებს.

7.  ისწავლე ტანსაცმლის შეკეთება (ან იპოვე კარგი მკერავი)

როცა რამე გაიხევა ან ფეხსაცმლის ქუსლი გატყდება, არ არის აუცილებელი ეგრევე სანაგვეში მოისროლო. ისწავლე, როგორ შეაკეთო ან/და გადააკეთო ტანსაცმელი და აქსესუარები. საქმის გასამარტივებლად პროფესიონალს მიაკითხე. კარგად დაფიქრდი, სანამ ძველის ნივთის დაზიანებას ახლის შეძენის გასამართლებლად გამოიყენებ.

შეაკეთე დახეული ჯინსი

8. მოახდინე ფოკუსირება ხარისხზე და არა რაოდენობაზე

მთავარია, სწორად დაგეგმო. რა თქმა უნდა, უკეთესი ხარისხისა და უფრო მდგრადი ნივთის შეძენა მეტად ძვირი დაგიჯდება, ვიდრე იაფფასიანი „ერთჯერადი“ ტანსაცმელია. მაგრამ, აქ მნიშვნელოვანია დამოკიდებულების, მსოფლმხედველობის შეცვლა.

60 იაფფასიანი და უხარისხო ნივთის ნაცვლად, რომელსაც არათუ 30-ჯერ, 2-ჯერაც არ ჩაიცვამ, სჯობს შეიძინო 10 ხარისხიანი ნივთი მთელი სეზონისათვის. ვინ იცის, ჯამში, იქნებ ფინანსები დაზოგო კიდეც. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ცხოვრების წესის ამგვარი ცვლილება დრამატულად შეამცირებს ნახშირბადის კვალს გარემოზე.

9. შეცვალე ფულის ხარჯვის წესი

შეცვალე არჩევანი. მორჩი ფიქრს ამგვარად: „არასდროს გადავიხდი ჯინსში ამხელა თანხას…“  ჩათვალეთ, რომ წელს მხოლოდ ჯინსის ერთ შარვალს შეიძენ, ან მხოლოდ ერთ ტანსაცმელს ამ თვეში და დაე, შეჩერდეს შენი არჩევანი მასზე. რამდენიმე სეზონის შემდგომ, გექნება მაღალი ხარისხის, მდგრადი გარდერობი, რომლითაც იამაყებ.

10. შეცვალე ხედვა

„მე არ ვფიქრობ, რომ სიტყვა „ეკოს“ გაგონებისას, ავტომატურად შვრიის ფერის სამოსი უნდა წარმოგვიდგეს გონებაში, რომელიც უზომოდ დიდია, უშნო და არ წარმოადგენს ფუფუნების საგანს ან აკლია დეტალები და სილამაზე.“ – წერს დიზაინერი და მდგრადი მოდის პიონერი სტელა მაკარტნი თავის ვებ გვერდზე, „მე არ ვფიქრობ, რომ თუ რამე ორგანულია, ის მაინც და მაინც მახინჯად უნდა გამოიყურებოდეს. რატომ არ შეიძლება, ამავდროულად, ლამაზიც იყოს?! თქვენ ვერ მოთხოვთ მომხმარებელს, წავიდეს კომპრომისზე. ეჭვი მეპარება, მათ უთხრათ – არ შეიძინოთ ის ძალიან ლამაზი და იაფი ქურთუკი, იმიტომ, რომ ის არ არის ორგანული, სანაცვლოდ, აგერ – ეს შეიძინეთ, რომელიც საშინლად გამოიყურება, მაგრამ სამაგიეროდ – ორგანულია”.

და ბოლოს, რაც უფრო მეტი ბრენდი გააცნობიერებს გარემოს დაცვაზე აქცენტირების მნიშვნელობას, მდგრადი ჩაცმა მით მეტად აღარ იქნება აღქმული, როგორც აუცილებელი კომპრომისი.

„მე არ ვფიქრობ, რომ თუ რამე ორგანულია, ის მაინც და მაინც მახინჯად უნდა გამოიყურებოდეს”