Home თავის მოვლა

თუ უკვე იმდენად დიდი გოგო ხარ, რომ დანამდვილებით იცი: ბავშვებს კომბოსტოში არ პოულობენ, არც სუპერმარკეტში ყიდულობენ და არც წეროებს მოჰყავთ, დროა, კიდევ რამდენიმე ფართოდ გავრცელებული მითი გამოააშკარავო ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებით.

ქვემოთ ყველა ის ძირითადი „გამოგონება“ ჩამოვთვალე, რის შესახებაც თვითონ მსმენია. გადახედე და თუ გეცნობა, იჩქარე, ეს მითები რეალური წარმოდგენებით ჩაანაცვლო.

პირველი სქესობრივი კონტაქტის დროს არ ორსულდებიან

რატომ, სპერმატოზოიდები თავს უცხოდ გრძნობენ და მორიდებულად იქცევიან?

ძალიან საშიში მითია გამოუცდელი გოგოებისთვის და, რა თქმა უნდა, ყველანაირ საფუძველს მოკლებულიც. დედა შეიძლება პირველივე სექსუალური გამოცდილების შედეგად გახდე, იმის მიუხედავად, ხარ თუ არა მზად ამისთვის.

ამასთან დაკავშირებით, გამახსენდა კიდევ ერთი, არ ვიცი, რა ტიპის ლოგიკიდან გამომდინარე, გულუბრყვილო (აბა, ბნელს ხომ არ დავარქმევ :)) შეხედულება: თუ ორგაზმს არ განიცდი, ფეხმძიმედ არ დარჩები!

ვფიქრობ, კომენტარი ზედმეტია.

orsuloba0

თუ ბავშვს ძუძუთი კვებავ, არ დაფეხმძიმდები

ფრიად სარისკო წარმოდგენაა. მშობიარობის შემდეგ მენსტრუალური ციკლის აღდგენის ვადები ძალიან ინდივიდუალური და, შესაბამისად, განსხვავებულია. ზოგს, მიუხედავად იმისა, რომ შვილი ბუნებრივ კვებაზე ჰყავს, შესაძლოა რამდენიმე თვის შემდეგ განუახლდეს მენსტრუაცია, ზოგს კი მართლაც არ ჰქონდეს ძუძუთი კვების მთელი პერიოდის მანძილზე. ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ სისხლდენის დაწყებამდე ორი კვირით ადრე უკვე შესაძლებელია დაფეხმძიმება.

არ შეიძლება ორსულმა ბევრი იმოძრაოს, იცეკვოს, ირბინოს, იცუროს…

პირიქით, ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს ორგანიზმის მომზადებას მშობიარობისთვის. რაც უფრო ნავარჯიშევია ორგანიზმი, მით უფრო იოლად მიმდინარეობს ნაყოფის გამოდევნა, თუმცა, ბუნებრივია, ყველაფერში ზომიერების გრძნობაა საჭირო: სიმძიმეების აწევაში დაოსტატება და მყინვარწვერის დაპყრობა, უმჯობესია, ცხრა თვით გადადო.

orsuloba

ორსულობისას სექსზე უარის თქმა მოგიწევს!

აბსოლუტურად მცდარი აზრია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზედმეტი დატვირთვა საფრთხეს უქმნის ორსულობას: საშვილოსნოს ტონუსი მომატებულია, პლაცენტის წინამდებარეობაა და ა.შ. ამ შეზღუდვების შესახებ, წესით, ექიმმა უნდა გაგაფრთხილოს, სხვა მხრივ კი, შენ და შენს პატარას ნამდვილად არაფერს დაგიშავებთ ორგაზმისას სისხლში გადმოსროლილი ენდორფინებით გამოწვეული ბედნიერების შეგრძნება. დანარჩენი კი, ჩვენი ავტორის, -ის ამ მშვენიერ სტატიაში შეგიძლია წაიკითხო.

პირველი მშობიარობა ყველაზე რთულია, დანარჩენი – გაცილებით იოლი

ძნელი სათქმელია. თუ ქალის ორგანიზმი ჯანმრთელია, ფიზიკურად სათანადოდ მომზადებული, ნაყოფის მდებარეობა ნორმალურია და ორსულობა ფიზიოლოგიურად მიმდინარეობს, სავარაუდოა, რომ მშობიარობაც გართულებების გარეშე ჩაივლის.

მართალია, მომდევნო მშობიარობები უფრო ხანმოკლეა, ვიდრე პირველი და ორგანიზმიც, მიღებული გამოცდილების საფუძველზე, დატვირთვას უფრო ადვილად უმკლავდება, მაგრამ თუ ორსულობებს შორის საკმაოდ დიდი დრო, მაგალითად 10 წელი გავიდა, განმეორებითი მშბიარობა დიდად არ განსხვავდება პირველისგან.

ექიმების დაკვირვებით, საუკეთესო დრო მომდევნო ბავშვის გასაჩენად 3-5 წელიწადია.

ულტრაბგერითი გამოკვლევა მავნებელია ბავშვისათვის!

არავის დაუმტკიცებია. მავნებელი სწორედ ამ გამოკვლევის ჩაუტარებლობაა, რადგან ის სპეციალისტებს აუცილებელ ინფორმაციას აწვდის ორსულობის მიმდინარეობის, ნაყოფის მდგომარეობისა და მისი მდებარეობის შესახებ. თუ რამე სახის პათოლგიასთან არ გვაქვს საქმე, ორსულობის პერიოდში 3-ზე მეტად არ მოგიწევს ამის გაკეთება, ხოლო თუ სიტუაციამ მოითხოვა, უარი არ უნდა თქვა, რადგან შენ და შენს მომავალ შვილს ბევრ პრობლემას  და გართულებას აგაცილებთ თავიდან.

მშობიარობის შემდეგ ქალი დეპრესიაში ვარდება

სულაც არა. ნამდვილი, მშობიარობისშემდგომი დეპრესია საკმაოდ იშვიათი ავადმყოფობაა. უბრალოდ, ქალი, ბავშვის დაბადების შემდეგ, სერიოზული ვალდებულების და მოჭარბებული საზრუნავის წინაშე ანუ ერთგვარი სტრესის მდგომარეობაში აღმოჩნდება-ხოლმე.

თუ ოჯახის დანარჩენი წევრების მხრიდან მხარდაჭერას იგრძნობს, როგორც წესი, რამდენიმე კვირაში, ყველაფერი ნორმაში დგება და დედაც ეჩვევა თავის ახალ მდგომარეობას. ამქვეყნად მოვლენილ არაჩვეულებრივ არსებას კი, თეთრად გათენებულ ღამეებთან ერთად, იმხელა სიხარული და ბედნიერების შეგრძნება მოაქვს, თან იმდენ ყურადღებას საჭიროებს, რომ ვინ მოგაცლის დეპრესიისა და მელანქოლიისთვის!

orsuloba

ორსულობისას, რაც მოგინდება, ყველაფერი უნდა ჭამო – ბავშვი ითხოვს!

ეჭვი მაქვს, ეს მითი ქალთა სქესის გემოთმოყვარე ინდივიდებმა თავად შეთხზეს :).

ის, რაც ორსულობამდე მავნებელი იყო ორგანიზმისათვის, მით უფრო არაფერს არგებს ქალს, რომელიც უკვე არა მარტო თავისი, არამედ ბავშვის ჯანმრთელობაზეცაა პასუხისმგებელი.  მენდე, მუცლად ყოფნის პერიოდში არცერთმა ბავშვმა არ იცის არც ნაღების ტორტის, არც ნაყინის გემო (ტყემალსა, მწვადებსა და კიტრის მწნილზე ენაც რომ არ დავასველო).

არც ისაა მართალი, ფეხმძიმეებს ორი ადამიანის მაგივრად კვებას რომ ურჩევენ. ნაყოფის ზრდა-განვითარება დედის მიერ მიღებული საკვების რაოდენობაზე ძალიან ნაკლებაა დამოკიდებული, აი, შენს ზრდას კი, ზომა-წონაში, გარანტირებულად უზრუნველყოფს.

ეცადე, ორსულობისას 8-10 კილოზე მეტი არ მოიმატო – არა მგონია, ბავშვის დაბადების შემდეგ თავზესაყრელი დრო გაგიჩნდეს ფიტნეს კლუბებში სიარულის ან სირბილისთვის, რაც აუცილებლად დაგჭირდება, თუ შემოთავაზებულ ლიმიტს მნიშვნელოვნად გადააჭარბებ.

აუცილებელი არაა, თავი დაანებო მოწევას, თუკი სიგარეტს ორსულობამდეც ეწეოდი

ვინც ეს გითხრა, მას არაფრად უღირს არც შენი, არც შენი შთამომავლობის ჯანმრთელობა. არავითარი სიგარეტი! მოწევას თავი არა მხოლოდ დაფეხმძიმების შემდეგ, მაშინვე უნდა დაანებო, როგორც კი ბავშვის ჩასახვაზე ფიქრს დაიწყებ. სხვათა შორის, ეს აკრძალვა შენ და შენს მეუღლეს ერთნაირად გეხებათ.

ორსულმა არაფრით არ უნდა უყუროს მძაფრსიუჟეტიან ფილმებს, არ უნდა იაროს დაკრძალვებზე და ა.შ. – ბავშვი მახინჯი დაიბადება!

სასაცილო , სატირალი რომ არ იყოს… არანაირი კავშირი ჩამოთვლილ გარემოებებსა და ბავშვის გარეგნობას შორის არ არსებობს. საკუთარ მაგალითზე ვიცი: ორსულობის მთელი პერიოდის მანძილზე პრაქტიკას გავდიოდი ბავშვთა სიმახინჯეების და ყბა-სახის ქირურგიის განყოფილებებში, ჩემი შვილი კი, ყველა პარამეტრით ნორმალური, და, ყვავის ბახალის კვალობაზე, საკმარისად ლამაზიც დაიბადა.

ამ მითის ერთადერთი გამართლება ისაა, რომ ორსულ ქალებს ზედმეტი სტრესისაგან იცავს, ეს კი, ეჭვგარეშე, სწორი მიდგომაა – ნერვიულობა არავის და არაფერს რგებს.

ორსულობისას თმის შეჭრა არ შეიძლება!

მიზეზი? როგორ არ ვეცადე, მაგრამ ვერავისთან გავარკვიე..

მე კი, თუ დამიჯერებ, გეტყვი, რომ არა მარტო შეჭრა, შეღებვაც შეიძლება (თუ ალერგიული არ ხარ, რა თქმა უნდა), ხოლო თუ შენი გარეგნული იერის გამო კომპლიმენტებსაც მიიღებ, განწყობასთან ერთად, იმუნიტეტიც აგიმაღლდება და უფრო იოლად დაიცავ თავს ნებისმიერი გართულებისაგან.

წინასწარ არაფრის ყიდვა შეიძლება ბავშვისათვის!

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამშობიაროდან გამოსვლამდე ყველაფერს მზრუნველი დედამთილი ან სხვა საქმეებისაგან მოცლილი ქმარი შეგიძენს და მოგიგვარებს, ოღონდ მერე არ იწუწუნო, რომ ახალშობილის საწოლის დიზაინი სრულიად არ შეეფერება შენი საძინებლის რემონტს, ხოლო საწოვარიანი ბოთლი თუ სათამაშოები ბავშვის ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებისგანაა დამზადებული.

orsuloba

მომავალი ბავშვის სქესის განსაზღვრა მუცლის ფორმითაა შესაძლებელი

წაწვეტებული და ლამაზი მუცელი თურმე ბიჭის დაბადებას „წინასწარმეტყველებს“, ბრტყელი და მოშვებული – გოგოსას. სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით პროზაულადაა: კარგად განვითარებული მუცლის კუნთები (განსაკუთრებით, თუ ეს პირველი ფეხმძიმობაა) ორსულობისას, მუცლის უფრო გამოკვეთილ ფორმას უზრუნველყოფს, ბრტყელი მუცელი კი უფრო ხშირად იმის მაჩვენებელია, რომ ნაყოფი გვერდულად წევს – როცა ის მდებარეობას შეიცვლის, მუცელიც შესაბამის ფორმას მიიღებს.

აი, ესაა, რაც გამახსენდა. იმედია, მოვახერხე და ორიოდე ცრურწმენისგან მაინც გაგათავისუფლე – სასიამოვნო ორსულობას, იოლ მშობიარობას და ბედნიერ დედობას გისურვებ, ჩვენს ჟურნალთან ერთად!

20 კომენტარი to this post
  1. Chemo qeto, ise xatovnad agwer yvelapers da iseti lamazi , msubuqi iumorit, rom vwdilob sheni arw erti starta ar gamovtovo……. Martalia me orsulobas da mshobiarobas didi xania davemshvidobe, mağram siamovnebit gavewani am " wrurwmenebs"

  2. Me erti wrurwmenaw viwi, romlis gamow xelchartuli brzola momixda , tumwa mainw ver davamtkiwe chemi simartle , radgan tu adamians chabechdili aqvs tavshi raime, ramdeniw ginda uchichine cheshmariteba, mainw ver daarwmuneb .axla ki mogaxseneb zemotnaxseneb wrurwmenas…….
    Turme nu ityvi da….. Nayopis sqesi damokidebuli yopila sawkverwxeze, turme erti sakverwxidan ganayopierebuli kverwxujredi mdedrobiti sqesisaa da meore sakverwxidan ganayopierebuli ….NANATRİ MAMROBİTİabaaaa

  3. მარჯვენა-მარცხენა საკვერცხეს ვინ ჩივის… როგორც აქედან ირკვევა, თურმე ზოგს ჰგონია, ბავშვის სქესზე ქალის კვერცხუჯრედია პასუხისმგებელი. ამიტომაც საყვედურობენ ხოლმე კაცები თავის ცოლებს, ბიჭი ვერ გამიჩინეო, არადა საკუთარი Y ქრომოსომა დააკვალიანონ სათანადოდ, ის ურჩევნიათ :D. მოიცა, რომელიღაც სტატიაში მეწერა ამაზე… აი, http://pink.ge/blogs/one-child-one-daughter/

  4. გოგო, შენი ბავშვი რომელი მხრიდანაა, გავარკვიოთ იქნება სქესი :D :D :D

  5. tmas pirvel fegmdzimobazec vigebavdi vichridi sashinelebata filmsac vuyurebdi samdzimarzec davdiodi aqtiurad movdzraobdi idealuri bavshi shemedzina :) dzudzuzec myavda 9tveze davfexmdzimdi exlac igive cxovrebis stilit var

  6. ძალიან კარგი სტატიაა,ქეთი,მარტო ერთ პოუნკტში შევიტანდი კორექტივებს: ორსულობისას თმის შეჭრა არ შეიძლება!
    თმის შეჭრისას ის უფრო ინტენსიურად იზრდება,რასაც ორგანიზმი კალცს ახმარს,რაც შეიძლება უკეთ ‘გამოეყენებინა’–ბავშვზე დაეხარჯა :)) ასე რომ ამ მხრივ დამაბალანსებელი იქნება თმის შეჭრის მერე კალცის შემცველი პროდუქტების მიღება.
    თმის შეღებვას რაც შეეხება—აქ საღებავს გააჩნია.რა თქმა უნდა ნატურალურ ნედლეულზე დმზადებული საღებავი პრაქტიკულად უვნებელია,აი გამაღიავებლები კი(რაც ბუნებრივი არ არსებობს) რომლებიც აქტიურ ქიმიურ ელემენტებს შეიცავენ,არ შეიძლება უსაფრთხო იყოს,ამიტომ ძლიერ გაღიავებას უნდა შეელიოს დედიკო ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში.

  7. kargi statiaa sxvatashoris martalia mec gamigia modzraoba ar sheidzlebao mara me dzalian bevrs vmodzraobdi da cekvitac micekvia amit myavs jamrteli bavshvi da dzalian uyvars cekva

  8. nu vici rom mitia magram piradat ramdenjerac gadavamowme yoveltvis gaaamartlaxolme am bolo mitma. tan arc vicodi eseti gavrcelebuli tu iyo, me chemi daqalis dedam maswavla aprikidan iyo mojadoqro tipsha :D

  9. საინტერესო სტატიაა, ზოგს მართლაც ესაჭიროება ამის ცოდნა,მხოლოდ ერთი რამ გამოგრჩათ და ეტყობა არ გსმენიათ და თუ შეიძლება დავამატებ :) თურმე არსებობენ ადამიანები რომლებიც ორსულობის დროს არ ბანაობენ ანუ 9თვე, ამბობენ ბავშვი იზრდება მუცელშიო :D კინაღამ გავიგუდე სიცილით ეს რომ გავიგე, კარგით რა ეს ვის მოაფიქრდა თავში>? აბა ტალახმა უნდა შეგჭამოს? არ შეიძლება ეგეთი რამე. და რაც შეეხება ტანსაცმლის ყიდვას და მამებს რომლებიც წინასცარ ზეიმობენ შვილის დაბადებას ეს ნამდვილად არ არის ცუდი ნათქვამი, ჯერ ყველაფერმა მშვიდობით ჩაიაროს და ღმერთმა არ ქნას ცუდად დასრულდეს, შეიდზლება ერთი ან ორი ხელი ტანსაცმელი იყიდო დანარჩენი რა გეჩქარება? მშობიარობის მერეც ცხოვრება გრძელდება. ან კიდევ ყოფილა გოგოსი უყიდიათ და ბიჭი დაბადებულა :) ყველაფერი ხდება,მესმის ცუდი არ უნდა იფიქრო მაგრამ ზედმეტი არაფერი ვარგა. მაპატიეთ დიდი კომენტარი გამომივიდა :)

შენ რას იტყვი?