Home ურთიერთობები

ახალ წელს გილოცავ, Pink Magazine-ის მკითხველო! საკმაოდ გვიან და უდისციპლინოდ, მაგრამ – გულით! :)

დიდი ხანია, არ შევხვედრივართ, მაგრამ მაინც ზუსტად ვიცი:  ჯერ კიდევ ფიქრობ, რომ აქამდე თუ არა, 2013 წელში მაინც…  იანვარში თუ არა, ივლისის საზღვაო სეზონზე ან, სულაც, დეკემბერში… აუცილებლად იპოვი მას –  მხოლოდ შენთვის შექმნილს და გამოგონილს, უნაკლო და იდეალურ მამაკაცს!

idealuri1

ძალიანაც კარგი, მხოლოდ ერთი მოკრძალებული შეკითხვა მექნება შენთან:  იცი როგორ გამოიყურება ის მამაკაცი?

აბა, აბა… ყურადღებით გისმენ!

ლამაზი, ძლიერი, ჭკვიანი, მდიდარი…  როგორი ნაცნობი ფორმულაა!  არაერთხელ მომისმენია, ოცნებით ზეაპყრობილი თვალებითა და იდუმალი ინტონაციით წარმოთქმული.

და… რას ნიშნავს ლამაზი? მე, მაგალითად, ნიკ ვუიჩიჩი მომწონს ძალიან. შენც? ძლიერი… როგორია ძლიერი მამაკაცი? ან ჭკვიანი? აინშტაინის ინტელექტის კოეფიციენტი გაკმაყოფილებს თუ უფრო ნაკლებსაც დასჯერდები? მდიდარს რა სავალდებულო კაპიტალი უნდა გააჩნდეს?

ერთი ძველისძველი სიმღერის სიტყვები და მოტივი ამომიტივტივდა გონებაში (იმ დროს დიადი საბჭოეთის, ასეთივე დიდ და დიად, დედაქალაქში ვცხოვრობდი, ბედის უკუღმართობით, და იმდენი ატრიალეს წინ დაუკან ტელევიზიით, სანამ საფუძვლიანად არ ჩამებეჭდა გონებაში):

„Чтоб не пил, не курил и цветы всегда дарил,

ტარა-რა-რა-რა-რა-რა (აქ რა იყო აღარ მახსოვს)… тёщу мамой называл!“

აი, ასე – კონკრეტულად და გასაგებად  – იყო განსაზღვრული პოტენციური მეუღლისთვის აუცილებელი თვისებების ნაკრები? შენ კი…  არ გეჩვენება, რომ მეტისმეტად ბუნდოვანი წარმოდგენები გაქვს? უფრო სწორად, საერთოდაც არ გაქვს წარმოდგენა, ვის დაეძებ :).

უცნაურად  ალოგიკური არსებები ვართ ეს ქალები, თორემ ჰკითხე ნებისმიერ არაიდეალურ მამაკაცს და დაფიქრებაც არ დასჭირდება, ისე უცებ მიხვდება და გიპასუხებს: თუ არ იცი, ვის ეძებ, ვერც ვერასოდეს მოძებნიო.

ამას წინათ, ფეისბუქზე, აი, ამ ფოტო-ანეკდოტს გადავაწყდი – სულ მამაკაცები აზიარებდნენ, ხალისით და  ჩვენი გულის გასახეთქად.

idealuri2

ამათ დასაცინად როგორ უნდა გავიხადოთ საქმე?!  წამო რა, კაცებისგან თავისუფალ ადგილას – სამზარეულოში გავიდეთ (შენ – შენთან, მე – ჩემთან – აბა, ამ სიცივეში გარეთ ხომ არ გამოგიყვან), გონებრივი დატვირთვის შესამსუბუქებლად, თითო ფინჯანი ყავა ან ჩაი მოვიმზადოთ და იდეალური მამაკაცის აღწერა მოვიფიქროთ.

მერე ჩვენ მიერ შექმნილი აზრრობოტის (ეს სიტყვა ექსპრომტად მოვიგონე, შეგიძლია სხვა ტერმინით ჩაანაცვლო) განუსაზღვრელი რაოდენობის ასლი გავაკეთოთ და ჩამოვურიგოთ მეგობრებს, მეზობლებს, თანამედროვე ხანუმებს თუ ოჯახური ურთიერთობის სპეციალისტებს – ცდა ბედის მონახევრეაო, ხომ გაგიგია? ჰოდა, ეგრე.

საიდან დავიწყოთ? თუ წინააღმდეგი არ იქნები – გარეგნობიდან. ქალებს თვალებში გაქვთ ჭკუაო, – სულ ამას არ გვაყვედრიან? :) თუმცა არა მგონია, მამაკაცებს მხოლოდ ქალის მტრედივით მშვიდი ხასიათი იზიდავდეთ – ნემსის ყუნწში ძვრებიან ხოლმე ნებისმიერი, სრულიად უხასიათო, მაგრამ  გრძელფეხება და მოკლეკაბიანი ლამაზმანის გულის მოსაგებად. ჩვენ კი თავგამოდებით გვიმტკიცებენ, რომ საკმარისია მამაკაცი მაიმუნზე ოდნავ ლამაზი იყოს.

 ეს – მათი აზრით. ჩვენი აზრით?

ცოდვა გამხელილი სჯობს – ძალიან ძნელია, ამ თემაზე ჩამოყალიბებული აზრი იქონიო, რადგან საკმარისია, ამა თუ იმ მამაკაცთან ურთიერთობაში ქიმია ამოქმედდეს, რომ ნებისმიერი აზრი თავიდან გეფერთხება, მისი კუნთების გარშემოწერილობაც ყურადღების გარეშე გრჩება, ცხვირის ფორმაც და ისიც, თუ რომელ მაღაზიაში აქვს ფეხსაცმელი შეძენილი.

ამაზე გამახსენდა… ოღონდ არ დამცინო: ერთხელ  არანორმალურად  მომეწონა მამაკაცი, რომელსაც გარდერობში, ჩემდა ჭირად და სავალალოდ, მხოლოდ თეთრი წინდები ჰქონდა. წარმოიდგინე: თეთრი წინდა ნებისმიერი ფერის შარვალთან! ამაზე უარესი რაღა უნდა დამმართნოდა :D, მაგრამ… მსოფლიოში აღიარებული სილამაზის ექსპერტი რომ ჩამოსულიყო სპეციალური ვიზიტით და ჩემთვის იმის დამტკიცება მოენდომებინა, მამრობითი სქესის მასზე სიმპათიური ეგზემპლარებიც არსებობენ ბუნებაშიო,  დამიჯერე, ვერაფერს გახდებოდა.

ხედავ, რას გვიშვრება ქიმია?! 

მოკლედ, თუ შენი და შენთვის საინტერესო მამაკაცის სხეულები იმ ნივთიერებებისგან შედგება, რომელთა შორისაც ქიმიური რეაქცია შესაძლებელია, ყველაფერი რიგზეა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი… ვერასოდეს მოიწონებ და ვერასოდეს მიგიზიდავს, თუნდაც „მისტერ პლანეტა დედამიწა“ იყოს.

ახლა ძლიერების თაობაზე ჩამოვყალიბდეთ.

ყველა ქალს აბოდებს ძლიერ დასაყრდენზე, მაგრამ ვინ არის ძლიერი მამაკაცი? ვისაც მეტი კუნთური მასა აქვს, მტკიცე სოციალური იმიჯი თუ შეურაცხადივით მიზანსწრაფულია?

ეს ყველაფერი შეიძლება რაღაც დონეზე მოგვწონდეს კიდეც, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ მამაკაცს გადაწყვეტილების მიღება და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება შეეძლოს. იმის შემოწმება კი, აქვს თუ არა ამის უნარი, ძალიან ადვილია.

კაცი, რომელიც გამუდმებით ორჭოფობს, ინიციატივის გამოჩენა უჭირს (გამონაკლისს წარმოადგენს ურთიერთობის საწყისი ეტაპი, როცა იგი, უბრალოდ, ფრთხილობს) და სხვის აზრზეა დამოკიდებული, როგორც წესი, ძალიან სუსტი აღმოჩნდება ხოლმე ნებისმიერ ურთიერთობაში და საღად მოაზროვნე  ქალთა საზოგადოებაში ამ კანდიდატურის განხილვას ნურც ეცდები.

რაც შეეხება, მამაკაცის ჭკუას, გინდ დაიჯერე, გინდ არა და, ზემოთ ნახსენებ, ინტელექტის კოეფიციანტთან  არანაირი პირდაპირი კავშირი არ გააჩნია, ძალიან ხშირად – სწორედ, პირიქით: რაც უფრო ინტელექტუალურია იგი, მით უფრო უჭირს გონიერების გამოჩენა. მამაკაცის უმთავრესი გონიერება კი იმაში მდგომარეობს, რომ მიხვდეს: „ქალი ან უნდა გააღმერთო, ან მიატოვო“. ესეც ერთ-ერთმა ჭკვიანმა მამაკაცმა თქვა, თუ კარგად მახსოვს და არ მეშლება.

გადახედე კაცობრიობის გამოცდილებას: ისტორიული ფაქტები, ხელოვნების შედევრები, ლეგენდები – ერთხმად ღაღადებენ, რომ ნამდვილი მამაკაცი რაინდია, რომელიც ქალს ვირტუალურ კვარცხლბეკზე აყენებს და ეთაყვანება. ასეთი მიდგომა ზოგს იდეალიზმის გამოვლინება ჰგონია, სინამდვილეში კი,  მეტისმეტად პრაგმატულია: თაყვანისცემა სასურველის მიღების ყველაზე მოკლე გზაა :).

ხოლო თუ კაცი სულ რაღაცას მოითხოვს შენგან, მეწვრილმანეა და უხეში, ყურადღების გამოჩენა მხოლოდ სარკეში დანახული არსებისადმი შეუძლია ან ბუნებით მოძალადეა… ყოველდღიურად  ჰკლავს შენში ქალს, საკუთარ თავში კი – მამაკაცს. ხვდები არა, ამ შემთხვევაში რაც უნდა ჰქნა – უკანმოუხედავად გაექეცი!

მოიცა, არ დამიმთავრებია! 

მდიდარია თუ არა კაცი, მაგას უჩემოდაც მიხვდები? ღმერთმა ჰქნას, თუმცა მეეჭვება. თუ გინდა, დავნიძლავდეთ, რომ ფულიანში აგერევა. აბა, მდიდარი სხვა ვინაა? კარგი, გეტყვი:  მდიდარი ის კაცია (კომბლე ის კაცია… :)), ვისაც მდიდრული საჩუქრების გაკეთება შეუძლია შენთვის და არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ბევრი ფული ექნება თუ ცოტა.

მდიდრული საჩუქარი ცოტა ფულით როგორ უნდა გაგიკეთოს? მშვენივრად. სიმართლე თუ გინდა, ეს ყოველგვარი თანხის გარეშეც შესაძლებელია.

არ ვიცი, შეიძლება, ჩემი რომანტიკული ხასიათის ბრალია, მაგრამ ყველაზე მეტად რომელი საჩუქრები დამამახსოვრდა, იცი, ცხოვრებაში? – ორი სავსე მუჭა ნაძვის კევი, ბავშვობის თაყვანისმცემელმა მთელი საათი ტყეში ბოდიალის შემდეგ რომ მომიგროვა; ჩემს გასაოცებლად, რამდენიმე დღის განმავლობაში ნაძებნი, არანორმალურად ლამაზი პეიზაჟი და სხვადასხვა პიროვნების მიერ, ექსკლუზიურად ჩემთვის ნათქვამი, რამდენიმე სიტყვა, რომელთა შეფასება საერთოდ  შეუძლებელია.

ხოლო თუ კაცი გამუდმებით იმაზე არ ფიქრობს, რომ საჩუქრები (ნამდვილი საჩუქრები და არა სავალდებულო-საიმიჯო) გაგიკეთოს :), რა მნიშვნელობა აქვს, რა რაოდენობის ფული ექნება ანგარიშზე?!

დედააა… რა წერად გავიკრიფე!  არადა, დასაწყისში მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ იდეალური მამაკაცი არ არსებობს და კიდევ კარგი, რომ ასეა, თორემ, მერწმუნე, მასთან 15 წუთსაც ვერ გავძლებდით – აბა, რა არის საინტერესო პიროვნებაში, რომელიც, იცი, აღარასდროს შეიცვლება? ასე რომ, ჩვენთვისვე აჯობებს, ეს სიტყვა გონებიდან ამოვიგდოთ.

მთავარია, გვერდით ნამდვილი მამაკაცი გყავდეს: ლამაზი, ჭკვიანი, მდიდარი და ა.შ.   დაამატე ჩვენს აზრრობოტს, რაც გინდოდეს… მერე რა, რომ ჩემი სტატიაა – კომენტარის უფლება ვინ წაგართვა?!  ;)

მერე კი, თუ სხვა საახალწლო იდეა არ გაქვს, რაკი სინამდვილეში ვერ შევხვდებით, ფილმში მაინც ვნახოთ იდეალური მამაკაცი :))

დააწკაპე ფოტოზე და ერთად ვუყუროთ სუპერ “პინკურ” მელოდრამას!

idealuri3

27 კომენტარი to this post
  1. ნწ… ნუ იქნება იდეალური, მაგრამ IQ უნდა ჰქონდეს 140 თუ არა 135 მაინც. სხვაგვარად, თვითონვე იგრძნობს თავს დაჩაგრულად :)

    • “თვითონვე იგრძნობს თავს დაჩაგრულად” შესანიშნავი არგუმენტია :)

  2. “მე ვერ გავხდები ისეთი, როგორიც შენ გინდა , სანამ შენ არ გახდეები ისეთი როგორიც მინდა”-მარტინ ლუთერ კინგი
    არც ქალები არიან იდეალურები და არც მამაკაცები.
    რაღაცაზე თვალი უნდა დავხუჭოთ ყველამ.

    • როგორ ვფიქრობ, იცი, თამი? – თვალის დახუჭვა არაფერზე ივარგებს, მაგრამ არარეალური მოთხოვნებიც არაფერში გვარგია ქალებს. ჯობია, მთავარს და აუცილებელს აკმაყოფილებდეს, დანარჩენს ეშველება.

  3. ერთხელ ვიბადებით და ისიც თვალ დახუჭულმა ვიცხოვროთ თამი :) ?!

    • თუ მე რამეში ვერ გამიგებ მაშინ სხვა გზა გექნება საპოვნელი ეგ არის და ეგ…ვინ იმსახურებს ცხოვრების შეწირვას ? :) მე თუ შენ ? :) არცერთი…

  4. ერთმანეთს თუ იპოვის ორი ადამიანი იქნებიან დამერწმუნე ;) მაგრამ დედამიწაზე სრულ სამოთხეს ნუ დაუწყებ ძებნას…

  5. მე აუცილებლად შევხვდები იდეალურ მამაკაცს! დარწმუნებული ვარ რომ ასე იქნება, თუ არადა, ოღონდაც ვინმე მყავდეს და თვალებს დავიბრმავებ პოზიცია არ მაწყობს. იდეალურში ვგულისხმობ ჩემთვის იდეალურს, თორემ ზოგადად იდეალური არავინ და არაფერია :)

    • მთავარია, იცოდე, რა არის შენთვის იდეალური და კარგად ეძებო :). მომწონს შენნაირი მიზანსწრაფული ქალები, ალექსანდრა ;)

      • გმადლობ, ქეთი … მე ვიცი, თან დეტალებში ვიცი, მაგრამ ასეთი არსებობს თუ არა, ეგ არ ვიცი ჯერ დანამდვილებით :D მე იმედი მაქვს რომ არსებობს და ვიპოვით ერთმანეთს:)

    • რა ბედნიერებაა! გილოცავ და მოგვიყევი მასზე – იქნებ სხვებსაც რამე ენიშნოთ ;)

  6. იდეალური მართლაც არავინაა, მთავარია, შენთვის იყოს იდეალური ის მამაკაცი. მაგრამ ყურადღება ყველა ქალისთვის ელემენტარულია, გაღმერთება კი – აუცილებელი. ძალიან დავიბენი ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ………

  7. qeti sayvarelo, rogor minda shentan ertad nebismier sakitxze vrwlad saubari, romeliw zalian did siamovnebas momanichebs(imedia shenw analogiurs ganiwdi)…….samwuxarod ar maqvs axla dro vrwlad saubrisa, mogkled ki chemi gamowdilebidan gamomdinare getyvi…….idealuri ar arsebobs, magram dayopilni arian kategoriebad.
    1.kawebi_isini mxolod sqess gamoxataven.
    2.Kawebi_sqesis garda me iwian.
    3.mamakawebi_romlebiw mxolod sqesit ki ar azrovneben, pawa tvinsaw axmaren(samwuxarod isini umwiresobashi arian) :)

  8. გენაცვალე შენ ამის დამწერო!!
    სანამ სტატიას წავიკითხავდი, მანამდე დავაკომენტარე ფეისბუქზე და აღვნიშნე "ჩვენთვის იდეალური" თქო… თორე მე ვისთანაც ურთიერთობა მქონდა, ჩემი გარშემომყოფებისთვის იდეალური კი არა, არ ვიცი რა იყო… :)))
    ძალიან მომეწონა სტატია… თან რაღაც ჩემებური ადამიანი ხარ გეტყობა…წერის სტილით დაწყებული, რომანტიულობის ჯანსაღი შეგრძნებებით დამთავრებული… <3 <3
    მეც მაგას ვამტკიცებ სუულ, რომ იდეალური ადამიანი არ არსებობს… და თუ არსებობს ჩემს მტერს შეხვდა ეგეთი…
    ზედმეტად მოწესრიგებული, ყველა წესისა და საზოგადოებრივი ნორმის ზედმიწევნით შემსრულებელი და თმაგადაწკეპილი ტიპი წარმომიდგენია ეგ "იდეალური", რაც წარმოდგენისთანავე არ მომწონს…
    რაც შეეხება სიმდიდრეს აბსოლიტურად გეთანხმები… ჩემთვის მორთმეულ საჩუქრებს შორის, გაზაფხულის თქეშ წვიმაში, სახელდახელოდ დაკრეფილი იასამანი მახსოვს ყველაზე მეტად და დამრეცი ფერდობიდან ამოტანილი გვირილები… რომელ ბრენდ მაღაზიაში შეძენილ სუნამოს, თაიგულს ან სხვა რამეს არ მირჩევნია?…
    კაცმა 1 წამით მაინც რომ შეძლოს და წაიკითხოს ქალის გულსა და ტვინში რა ხდება, მაშინვე მიხვდება, რომ ყველაფერი მარტივი, ელემენტარული და არც ისე რთულად შესასრულებელი გვხიბლავს… :)))) მე ასე ვარ ყოველ შემთხვევაში…

  9. როგორც ერთ ანეკდოტშია, არა? – იდეალური მამაკაცი არ სვამს, არ ეწევა, ქალებში არ დადის, არ ეჭვიანობს, არ გაბრაზებს და არ არსებობს :))

  10. ლელა, შენი კლასიფიკაცია ფასდაუდებელია :). განსაკუთრებით მე-3 კატეგორია მომეწონა :))

  11. ვის სჭირდება გრამატიკა, როცა ასეთ "ცხელ" თემებს განვიხილავთ :) გაიხარე, ლელა.

  12. მარტო შენ არა, თათა :). თითქმის ყველა ქალი ასეთია, ოღონდ ხშირ შემთხვევაში თვითონაც კი არ იცნობს საკუთარ თავს.

    რა კარგად თქვი: "ზედმეტად მოწესრიგებული, ყველა წესისა და საზოგადოებრივი ნორმის ზედმიწევნით შემსრულებელი და თმაგადაწკეპილი ტიპი წარმომიდგენია ეგ "იდეალური", რაც წარმოდგენისთანავე არ მომწონს…" ამას ვეღარაფერს დავამატებ.

    დიდი მადლობა, ასეთი თბილი და გულიანი კომენტარისთვის <3

  13. არ მესმის ადამიანების რომლების ამბობენ არც სრულყოფილება და არც სრულყოფილები (იდეალურები) არ არსებობენო! არსებობს ადამიანებო, როგორ არ არსებობს…. ამ სიტყვის ლექსიკაში არსებობაც კი ადასტურებს ამას… <3 :D

შენ რას იტყვი?