Home ურთიერთობები

მნიშვნელობა არა აქვს, რეალობის რამდენ ბალიან შემოტევას გაუძლებს – ადრე თუ გვიან, გინდა თუ არ გინდა, ყველა ოცნების კოშკი ინგრევა.

იმიტომ, რომ მას, როგორც გეგონა, თურმე ისე არ უყვარხარ.

იმიტომ, რომ გამოუსწორებელი მექალთანე ყოფილა.

იმიტომ, რომ შენს არცერთ თხოვნას ანგარიშს არ უწევს.

იმიტომ, რომ ჩამოყალიბებული ალკოჰოლიკი აღმოჩნდა.

იმიტომ, რომ შენთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები არ ჰქონია.

იმიტომ, რომ… იმიტომ!

რა აზრი აქვს იმ უამრავი მიზეზის ჩამოთვლას, ქალების ქრონიკულ გულისტკივილს და სასიყვარულო ურთიერთობებში იმედგაცრუებას რომ იწვევს, მით უმეტეს, თუ ყველაფრის წინდაწინ ცოდნა და თავიდან აცილება შეუძლებელია.

ocneba

მართლაც, წინასწარმეტყველი თუ არა ხარ, აბა, საიდან მოგივა თავში აზრად, რომ ბიჭს, რომელიც, გაპიწკინებული ჰოლივუდის ღიმილით, უდახვეწილეს თაიგულს გჩუქნის და  ყურში უტკბეს კომპლიმენტებს ჩაგჩურჩულებს, დედაშენის შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოხსენიების სურვილი გაუჩნდება მხოლოდ იმ უბრალო მიზეზით, რომ ჩაი საკმარისად ცხელი არ მიართვი ან საჭირო ფერის პერანგი არ გაუმზადე ჩასაცმელად, შენთან ერთად თეატრში წამოსვლას „საძმოში“ ლუდის დალევას ამჯობინებს ან მოგზაურობისთვის შეგროვილ ფულს ერთ ღამეში დახარჯავს, მისი მამაკაცური „ღირსების“ სარეაბილიტაციო, რომელიმე საეჭვო რეპუტაციის დაწესებულებაში, ვთქვათ, კაზინოში?

აბა, ვინ გეტყვის დაზუსტებით, როგორ უნდა მოიქცე, რომ უსიამოვნო მოულოდნელობებისგან საიმედოდ იყო დაცული და მსგავს სიტუაციაში არ აღმოჩნდე?!

არ ვიცი.

მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრა, როგორ არ უნდა მოიქცე!

მართალია, ერთი შეხედვით ყველაფერში გარკვევა, შენ კი არა, შენზე ბევრად გამოცდილებსაც გვარიანად უჭირთ, მაგრამ ვინ გიშლის – მეორედ, მესამედ, მეათედ ან მეასედაც კი შეხედო შენს რჩეულს, სხვადასხვა კუთხიდან და განსხვავებულ სიტუაციებში?

შეხედო და შეგნებულად არ თქვა უარი იმაზე, რომ და-ი-ნა-ხო!

მით უმეტეს, რომ, ძალიან ხშირად, ყველაფერი ზედაპირზე, მთლად ჩვენ ცხვირწინ დევს (ქალურ საუბრებში ყურადსაღები სიხშირით გამოყენებული ფრაზა „მაშინვე უნდა მივმხვდარიყავი“ სწორედ ამ ფაქტის აღიარებას წარმოადგენს) და არც არავინ ცდილობს, დაგიმალოს… ერთადერთი, ვინც თვალსაჩინო და ეჭვშეუვალ ფაქტებს შენი თვალისათვის შეუმჩნეველს ხდის, სიყვარულისთვის მზადმყოფი, მაგრამ მეტისმეტად მოუთმენელი, შენივე გული და გონებაა.

warmosaxva

ქალური ლოგიკა რომ არანაირ კრიტიკას არ უძლებს, ისევ ქალებმა ვაღიარეთ დიდი ხნის წინ, მაგრამ გაცილებით დიდ გაუგებრობაში ჩვენივე წარმოსახვა ანუ ქალური ოცნება გვაგდებს ხოლმე. გამოტყდი, განა არასოდეს ყოფილხარ სიტუაციაში, როცა:

  • ოცნებაში, მხოლოდ იმის გამო, რომ ლამაზი კუნთები აქვს, მამაკაცი, შენი გულისთვის ყველაფერზე წამსვლელ, უშიშარ რაინდად წარმოიდგინე;
  • მის მოყოლილ ანეკდოტზე ერთადერთხელ გაგეცინა, დაქალებს კი ტვინი წაუღე იმაზე ლაპარაკით, რომ მასზე უფრო მხიარული და გონებამახვილი ადამიანი არ გინახავს;
  • პაემანზე მდიდრულ რესტორანში დაგპატიჟა და ეჭვი აღარ გეპარება, რომ ბილ გეიტსის მოწილე თუ არაა, რამე „ძალიან მაგარი“ ბიზნესი მაინც აქვს… აქ ან საზღვარგარეთ;
  • დარწმუნებული ხარ, ქალები მისი გულის მოსაგებად ყველაფერზე მიდიან – რა მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ ამის შესახებ იმ ქალების კი არა, მხოლოდ და მხოლოდ შენი რჩეულის მონაყოლიდან შეიტყვე;
  • ფიქრობ, რომ სათვალე განათლების მისაღებად გაწეული კოლოსალური შრომის შედეგია და არა მხედველობის თანდაყოლილი სისუსტის.

თუ ერთხელ თავის ნებაზე მიუშვი, მერე და მერე ხომ სულმთლად დაუკრეფავში გადადის ეს ოცნება:

შემთხვევით დაინახე, დიშვილი სკოლაში როგორ მიიყვანა, ე.ი. გიჟდება პატარებზე (არადა, ეს მის ცხოვრებაში პირველი და უკანასკნელი შემთხვევა იყო და წინ არცთუ ისე უწყინარი ოჯახური სცენა უძღოდა).

ხანდახან წარმოსახვა იმნაირად თავხედდება, იმასაც კი გაჯერებს, რომ მისი უყურადღებობა მხოლოდ და მხოლოდ დაღლილობით ან მოუცლელობითაა გამოწვეული, მიუხედავად იმისა, რომ შენი ორთავ თვალით ხედავ, როგორ პოულობს დროს და ენერგიას, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მეგობრებთან ერთად მოსალხენად (აბა, რა ჰქნას, ცხვირზე მურს ხომ არ ჩამოისვამს), სხვა ქალებთან თავშეუკავებელი ფლირტის მცდელობა კი მათი აქტიურობის (გამოიწვია და რა ექნა) ან სასმელის “მოულოდნელი” ზემოქმედების (დათვრა და კაცის ამბავი ხომ იცი) შედეგია.

ცოტაც და…

უხეშობა უშუალობაში გერევა, უსაქმურობა – უიღბლობაში, მფლანგველობა – უშურველობაში.

კარგი, რა, კარგი… ჩემო კარგო :).

თავის მოტყუებას არ გირჩევნია, ახირებაზე (სხვა სახელს ამას ვერ დაარქმევ) უარი თქვა და ისეთი ადამიანის ძებნას შეუდგე, ვის გამოც გაწითლება არ მოგიწევს და აღარც, შენი აზრით, საჭირო და აუცილებელი, მაგრამ აშკარად არარსებული თვისებების ოცნებით შევსება დაგჭირდება?

ცხოვრება ხომ არც ისეთი გრძელია, რომ დრო უაზრო იმედებისა და მერე, ამ იმედების მსხვრევით გამოწვეული, ტკივილების მოსაშუშებლად არ გენანებოდეს. რამდენჯერ შეიძლება გახდე ავად ერთი და იგივე სნეულებით – განა უკეთესი არ იქნება, წარმოსახვის უნარი რეალობიდან გასაქცევად კი არა, უკეთესი რეალობის შესაქმნელად გამოიყენო?!

ჰოდა, შევთანხდეთ: ამ სტატიის კითხვას რომ დაასრულებ, მტკიცე გადაწყვეტილებით და ყურადღებით ჩახედე თვალებში მას, ვინც ამჯერად სტუმრობს შენს ოცნებებს და თუ იქ არეკლილმა საკუთარმა გამოსახულებამ არ დაგაკმაყოფილა (უტყუარი ნიშანი იმისა, რომ მის გვერდით არ ხარ, ვის გვერდითაც უნდა იყო), ღიმილით დაემშვიდობე და გზა უშიშრად გააგრძელე – მთავარია, საკუთარი თავი არ დაკარგო, დანარჩენს კი… „ვინც ეძებს, ის პოულობს!“

17 კომენტარი to this post
  1. Eka Zukakishvili რას ამბობთ, ეკა – მართლა იფიქრეთ, რომ ამ სტატიის ავტორი თავს ვინმეს გაამწარებინებს? :D ცოტა მწარე ენით დაწერილი – კი… მაგრამ სხვანაირად არ გამოვიდოდა და…:)))))))))

  2. კარგი სტატიაა ქეთი, და სამწუხარო ფაქტია, რომ ქართველი მამაკაცების უმეტესობა სწორედ ასეთია. ბევრი წლები და დიდი გარდატეხაა ალბათ საჭირო, ქართველი კაცის მენტელიტეტის შესაცვლელად, მაგრამ მანამდე მშობლების მიდგომაა შესაცვლელი აღზრდის მეთოდთან დაკავშირებით. სწორედ ''დედიკოების'' და''მამიკოების''-გან გატუტუცებული ვაჯკაცები ყალიბდებიან ასეთებად და მერე თვითონაც რო აღარ მოწონთ საკუთარი გაზრდილი შვილები მეუღლეებს აბრალებენ, თითქოსდა მათ გაუფუჭეს ნერვები. ქალი რო ქმარს ელემენტარული ყოფითი პირობების შექმნას მოთხოვს, არიქა ფუფუნება მოუნდომებია და იწყება მთელი სანათესაოს ამხედრება მის წინააღმდეგ, დეიდების და მამიდების აღზევება, თითქოს ამდენი ნაკლის მქონე ადამიანს კიდევ დაცვა ჭირდებოდეს. მთელი უბედურება და პრობლემა ისაა რომ ვალდებულებების ატანა არ შეუძლიათ. ოჯახი ხომ დიდი პასუხისმგებლობა და დიდი შრომის გაწევაა, ურომლისოდაც არანაირი იდილია არ იქნება.

  3. რა, ავთანდილ, ოცნება? :) ვინ თქვა? უბრალოდ, ქალების ჟურნალში აღმოჩნდით… თქვენდაუნებურად ანდა შეგნებულად (ეს უფრო მეტად გაგავახარებს, რა თქმა უნდა) :))

  4. პასუხისმგებლობისა და შრომის გარეშე რა იქნება, ნინო, მაგრამ ამ სტატიით არც მამაკაცების და, მით უმეტეს, მათი მშობლების დანამუსება არ მქონია ჩაფიქრებული :) – ამაზე სხვა დროს ვისაუბრებთ, მინდოდა, პირველ რიგში, ქალებისთვის შემეხსენებინა, რომ თავის მოტყუება ნამეტანი დიდი დაუდევრობა და უპასუხისმგებლობაა საკუთარი ცხოვრების, საკუთრი მიზნების და საკუთარი ბედნიერების წინაშე.

  5. Ketiiiiii, rogorc yoveltvis aghprtovanebuli var, ase zustad rogor aghcer xolme situaciebs gadavirie, ai me sul axlaxans davangrie chemi koshki, yvela meubneba ro dzalit davngrie da unda davacebo mara ar vapireb, mirchevnia is iseti kargi iyos magram chemgan shors vidre aseti cudi da chamtan axlos :D ase rom sheni statia ,,vasha umushevari var" exla gadamezarda vai me samsaxuri sascrafooood da dzirs koshkebi, me xom simaghlis meshinia :D
    P.S. ox rogor mompxan xolme guls Keti raaaaaa :*

  6. Eka Zukakishvili gamcarebuliso????? ui ara mgonia, tkven jer rogorc chans dzalian maghal koshkshi xart, tu odesme gadmoinacvlebt axlos micastan da realobasta, mere ar icucunot tavidanve rato ver mivxvdio :) (ar micyonot Eka, araperi piraduli)

  7. ra sheudzliat mxolod kalebs? kacistvis iseti kargi tvisebebis mecera rac realurad ar akvt? ki getanxmebit, magram ramdeni kaci vici motyuebuli da ocnebit gatacebuli realobas ro ver aghikvaaams :D sabednierod arseboben aseti kalebic ro danarcheni kalebis saxelit shurs idzieben xolme zo-zogiert damsaxurebul mamakacze :D (isev araperi piraduli, ubralod sityvam moitana ) :P

  8. ჰო, სიმაღლის თუ გეშინია და არც ფრენა იცი, ისეთი სასახლე უნდა აიშენო, მყარი საძირკველი ჰქონდეს… ისე, სასახლეც არაა საჭირო, კაცმა რომ თქვას – მთავარია, გამძლე იყოს და ქოხშიც შეიძლება ბედნიერად ცხოვრება :) ან კარავში :)

    მადლობა, შოკო, ასეთი ერთგული მკითხველი რომ მყავხარ <3

შენ რას იტყვი?