Home ურთიერთობები

არეული

ხანდახან ძალიან ვიღლები. ვზივარ თბილ ოთახში მარტო, ბევრი საქაღალდეებით გაძეძგილ პატარა ოთახში, უბრალოდ მარტო. მარტო, ჩემს აზრებთან. მე ხომ ასეთი ვარ, აქ კი არა, წვეულებაზეც შეიძლება თავი მარტო ვიგრძნო.  ძალიან მარტოსული ვარ და თითქოს მივეჩვიე კიდეც ამ ამბავს და წესით არც უნდა ვწუწუნებდე, მაგრამ მაინც…

სკოლაში ერთი ბიჭი მომწონდა.  უფრო სწორად, მიყვარდა, თუმცა ამაში საკუთარ თავსაც კი ვერ ვუტყდებოდი. მაშინ ვერ ვხვდებოდი, რა მომწონდა მასში ასე ძალიან, რა მიზიდავდა ამ ადამიანში. დღეს კი უკვე ვიცი. ეს ის თავისუფლების შეგრძნება იყო, მისგან ასე უხვად რომ იფრქვეოდა. მის გვერდით მეც  თავისუფალი მეგონა თავი. მეცნიერები ამბობენ, რომ  “პრინცესებს ყოველთვის ხულიგნები უყვარდებათ”. მე ხომ მაშინ პრინცესა ვიყავი, იმიტომ კი არა, რომ ყველაზე ლამაზი და სასურველი ვიყავი. არა, ყველაზე მოწესრიგებული, წყნარი, მორიდებული, ზრდილობიანი, ასე თუ ისე, ჭკვიანი ნამდვილად ვიყავი და სწორედ ამიტომ მომწონდა ადამიანი, რომელიც ჩემგან ყველანაირად განსხვავდებოდა. იყო მხიარული, თავხედი, ყოველთვის ამბობდა თავის სათქმელს, არავის და არაფერს უშინდებოდა, უკრავდა, მღეროდა, ხატავდა, მოკლედ, ნამდვილი შემოქმედი იყო. თუ ამ ყველაფერს მის ქერა თმებს, ლამაზ თვალებს და ათლეტურ აღნაგობას დავუმატებთ არცაა გასაკვირი რომ თავიდან მისით აღფრთოვანდი და მოვიხიბლე, ბოლოს კი შემიყვარდა. მე ხომ შინაგანად ყოველთვის მინდოდა ასეთი თავისუფალი ვყოფილიყავი. გარეგნულად ასეთი დავარცხნილი და თავზე ბაფთა შებმული, გაუთოვებული ტანსაცმლით იმას ვნატრობდი, რომ ჩემი შინაგანი ამბოხი გარეთ გამომეშვა. ამიტომ ეზოში ყოველთვის ბიჭებთან ვთამაშობდი, ვჩხუბობდი, დავძვრებოდი ხეებზე, არასოდეს მიზიდავდა გაპრანჭვა და ვინმესთვის თავის მოწონება, მაგრამ სკოლაში ისევ ისეთი ვიყავი,  ჩუმი და მოწესრიგებული.

არეული

სკოლის დამთავრება ჩემთვის ნამდვილი შოკი იყო. იმიტომ კი არა, რომ სკოლაში სიარული და სწავლა მიყვარდა, ვხვდებოდი, რომ მას ვეღარ ვნახავდი და დაველაპარაკებოდი ასე ხშირად და გული მიკვდებოდა. ყველას გასაკვირად, “ბოლო ზარზე” ყველაზე მხიარული და ბედნიერი ვიყავი, რაც ფრიადოსან და მოწესრიგებულ გოგოს არ შემეფერებოდა მაშინ, როცა ისინიც კი ტიროდნენ, ვისაც სკოლაში სიარული მთელი 11 წლის მანძილზე ჭირის დღესავით სძულდათ და მეორე გაკვეთილზე მოსულები მესამის დაწყებამდე იპარებოდნენ. მე სახლში ვიჯერე გული ტირილით და ეს სულ სხვა რამეს დავაბრალე.

მეორე შოკი სკოლის დამთავრებიდან რამოდენიმე წელიწადში გადავიტანე, როცა ერთ აღდგომა დღეს მეგობართან გასულს ქუჩაში ჩემი ძველი ნაცნობი შემხვდა, იმ ბიჭთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. მოვიკითხეთ ერთმანეთი, ძველი დრო გავიხსენეთ, ცოტა ნასვამი იყო და ალბათ ამით გათამამებულმა მითხრა როგორი კარგი გოგო ხარ, ამიტომაც მომწონდი სკოლაში რომ სწავლობდი, მაშინო, თან გამიცინა, მეც გამეცინა და ვუთხარი, აქამდე გეთქვა, იქნებ თვითშეფასება მომმატებოდა თქო.  მაგას როგორ გავბედავდი, როცა მთელმა ბიჭებმა ვიცოდით რომ “იმას” უყვარდიო. კინაღამ იქვე წამივიდა გული როცა “იმის” სახელი ახსენა ვინც მე თვითონ ამდენი წელი მიყვარდა. კიდევ მომინდა მეტის გაგება და რაღაცეების გამოკითხვა დავუწყე, მაგრამ მან პირში წყალი ჩაიგუბა, ისედაც ბევრი წამოვროშე, დიდი ბოდიში, ეგ არ უნდა მეთქვა შენთვისო.

მას მერე უცნაური შეგრძნებით დავდივარ. საკუთარ თავს თითქოს ცხრალკიტულის უკან ვამწყვდევ, შემდეგ გამოღწევას ვცდილობ და ამ კლიტეებს სათითაოდ ვტეხავ.  ბოლო კართან მისული უღონოდ უკანვე ვბრუნდები სიმარტოვეში.

თითქოს ჩემი თავი სქელკანიან ნაჭუჭში მყავს გამოკეტილი და მერე ვდარაჯობ ცხრათავიანი დრაკონივით, სრულ სიბნელეში. ნაპრალიც კი არ არის, რომ სინათლის სხივი შემომივიდეს და ასეც მირჩევნია.

არეული

მას მერე ვცდილობ “ის” დავივიწყო. ვიცი, რომ თავისი ცხოვრება აქვს. ხანდახან იმასაც კი ვფიქრობ, რომ ასე სჯობდა , რომ ჩვენი ურთიერთობა არ შედგა, არც კი დაწყებულა. მას თავისი საქმე აქვს, რომელიც უყვარს. მე კი ჩემი თავი ჯერაც ვერ მიპოვია და ერთ ადგილას გაჩერება არ შემიძლია. ის ისევ ზედმეტად თავისუფალია, მე ჩემს ამბოხს მოზომილად  ვუშვებ გარეთ, მას ცოლი ყავს, მე კი ყველას თავიდან ვიცილებ. მან უკვე მეორე ცოლი მოიყვანა და მე კი ვცდილობ მასზე საერთოდ არ ვიფიქრო.

შეიძლება წელიწადი ისე გავიდეს, რომ მე “ის” საერთოდ არ დავინახო,  მის შესახებ ვერაფერი, ვერ გავიგო, მიუხედავად იმისა, რომ ერთ ქალაქში ვცხოვრობთ,  გვერდი-გვერდ უბნებში . ამ დროს მგონია, რომ დავივიწყე, “ის” კი ყოველთვის ამ დროს გამოჩნდება ხოლმე, ძლიერი, კეთილი, მეგობრული, მხიარული. მოვა და როგორც პატარა ბავშვს, ისე დამელაპარაკება, თმებს ამიწეწავს და ისე გამიღიმებს, მგონია მზე ანათებს, ქვეყანა მასთან ერთად იცინის და არ შემიძლია მის გვერდით მოწყენილი ვიყო. წავა და  აფორიაქებულ სულს (ვიცი ფიქრობ რა ბანალურიაო) და მასზე ფიქრებს  მიტოვებს. ვხვდები, რომ საკუთარი თავის დარწმუნება იმაში, რომ “მასზე” აღარ ვფიქრობ, სისულელეა.  მასზე ფიქრი და ოცნება ისე მჭირდება, როგორც ჰაერი და ვხვდები, რომ მასზე ისევე შეუმჩნევლად და გაუცნობიერებლად ვფიქრობ, როგორც ვსუნთქავ, ყველგან და ყოველთვის. მინდება, რომ შევიცვალო, უფრო უკეთესი გავხდე, ვცდილობ, ვწვალობ, ვაკეთებ, “ის” კი მოვა და მეტყვის – ისევ ისეთი ხარ- და მე მიხარია, რომ ისევ ისეთი ვარ და კარგია, რომ არ შევცვლილვარ. აუცილებლად ამჩნევს თმის ახალ ვარცხნილობას და სხვა სიახლეებს, მაგრამ მეუბნება “შენ ვერ შეიცვლები, ასეთი ყველაზე კარგი ხარ”.

16 კომენტარი to this post
  1. ის ისტორიაა ბევრს რომ გადახდენია, და არავის დაუწერია ასე ყველას დასანახად :)

    • გამოდის ადამიანები უფრო მეტი რამით ვგავართ ერთმანეთს ვიდრე გვგონია :)

      • გეთანხმები…. დარწმუნებულიც ვარ ბევრს ჰქონია ასეთი სიყვარული…. გამბედაობა არ გვყოფნის ადამიანებს … :))))))))))))))))))

        • როცა დავწერე ჩემს რამოდენიმე თანამშრომელს წავაკითხე, მეთქი ნახეთ რაღაც ისტორია არისთქო, არ მითქვამს ჩემი დაწერილი რომ იყო და ყველამ თქვა რა ნაცნობი სიტუაციაა, ჩემსას გავს, ისიც ასე იქცევა, :) ამიტომაც დავწერე, იქნება ამის მერე მაინც მეყოს გამბედაობა და ჩემი შანსი აღარ გავუშვა ხელიდან :)

          • ეჰ მეც მომასწრო მაგ მომენტს როდესაც მოვიკრეფ გამბედაობას :))))

    • ვფიქრობ, რომ უბრალოდ ძველ, ტკბილ მოგონებებს ვეჭიდები და ფუჭია თავის დაიმედება, :) თანაც მისთვის თქმა არაფერს შეცვლის, და ისე ამ პოსტის მეშვეობით ჩემი სათქმელი ამოვთქვი და რაღაცნაირად მომეშვა :)

  2. იცი ძალიან მომინდა მეპასუხა შენთვის. იმიტომ კი არა რომ რაიმე განსაკუთრებულის თქმა მინდა, არა უბრალოდ შენში ჩემს თავს ვხედავ.. არსებობენ ადამიანები,რომელთა რომანტიული გული და გონება ყოველგვარ საზღვრებს სცილდება.. ერთ ერთი მეც ვიყავი.სულ პატარა ვარ ჯერ, 23 წლის მაგრამ მაინც წარსულში ვსაუბრობ,იმიტომ რომ აწმყო აღარ მაქვს. უნივერსიტეტში ჩაბარებიდან სულ მალე სიყვარული მეწვია, პირველი, ძალიან ძლიერი და ამაღელვებელი.. როგორც იტყვიან თავი დამაკარგვინა.ყველაფერს გავაკეტებდი მის გამო,რომ დასჭირვებოდა უყოყმანოდ მოვიკლავდი თავს.. 1 წელი და რამდენიმე თვე ვიყავით ერთად, მე9ე ცაზე ღრუბლებში დავფრინავდი,უბედნიერესი ვიყავი,მაგრამ მალე მომიწია მიწაზე დაშვება, აღმოჩნდა რომ ფეხმძიმედ ვიყავი,მან კი მიმატოვა. არაფერი უთქვამს,უბრალოდ წავიდა..გავიდა დრო,ბევრი რამ გადავიტანე და ბოლოს პატარა ანგელოზი ბიჭუნა მეყოლა.აზრი არ აქვს იმის თქმას რომ მთელ ღამეებს ტირილში ვათენებდი ისე მენატრებოდა,გამთენიისას ჩამეძინებოდა ხოლმე, ხან სულ არა.. ბოლოს დრომ დამავიწყა,ან შემაჩვია უმისობას და მთლიანად ბავშვზე გადავერთე,კარგი დედა ვარ,პატარას არაფერი აკლია, არც მიჭირს.. მაგრამ აი მოულოდნელად ისევ შემიყვარდა.ნახევარი წლის წინ, არ დაიჯერებთ და მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი.ის ისეთი თბილი იყო,არც ზედმეტად უკადრებია რამე, ისეთი კარგი ბუნების, ძალიან თბილი და მოსიყვარულე.. სულ მასთან მინდოდა ყოფნა, მიუხედავად იმისა რომ მეტჯერ აღარ მინახავს მთელ ღამეებს საუბარში ვათენებდით ხოლმე. უამრავ რამეს იმიზეზებდა და არ მნახულობდა,არ ვიცოდი რატომ,ან უკეთ, ვიცოდი მაგრამ საკუთარ თავს არ ვუტყდებოდი.. ბოლოს გუშინ ვისაუბრეთ, მან ბოლოს და ბოლოს გაბედა და მითხრა სიმართლე.. მიუხედავად იმისა რომ ულამაზესი გოგო ვარ,ქუჩაში ყველა თავლს მაყოლებს და უკლებლივ ყველას მოვწონვარ,- მაინც ვერ შემიყვარებდა.. იმიტომ რომ ბავშვი მყავს, მას კი უმწიკვლო გოგონა სჭირდება გვერდით, ნამდვილი ქალიშვილი..მე კი მხოლოდ პიზიკურ ურთიერტობაზე შეიძლება მქონდეს პრეტენზია. მეუბნებოდა რომ ვერასოდეს მიიღებდა პატარას როგორც თავისას, მიუხედავად იმისა რომ ანგელოზივით ბავშვი მყავს,ყოველთვის სხვაგვარად შეხედავდა და ბავშვიც დაიტანჯებოდა. მეუბნებოდა რომ ის სხვაგვარად აღზარდეს და ვერ გააკეთებს იმას რაც იცის რომ არ უნდა გააკეთოს. მითხრა რომ მისთვის ამაზრზენია იმ გოგონას შეყვარება რომელიც სხვასთანაა ნამყოფი.. მოკლედ მთელი ღამე ისევ ტირილში გავათენე,ისევ ხელი მკრეს, გამთელეს, გადამაგდეს, ათასი საზიზღრობა მიწოდეს, როცა ასეთი არ ვარ.. კარგი დედა ვარ, პატიოსანი,არ მაქვს არანაირი გარეშე ურთიერთობები.. მაგრამ მაინც ვისჯები,ისევ და ისევ, იმ უზომო სიყვარულისთვის რომლითაც ოდესღაც მიყვარდა..ალბათ მუდამ ასე იქნება.მუდამ ასეთი წაბილწული ვიქნები ყველას თვალში,იმიტომ რომ მყავს შვილი.. მიუხედავად იმისა რომ მე მხოლოდ სიყვარული მჭირდება მაინც არავის ემეტება ის ჩემთვის.. ისევ და ისევ გულს მტკენენ გამუდმებით.. მომახარა რომ სხვა გოგოებსაც ხვდება, ქალიშვილი თუ შეხვდა და მოეწონა ცოლადაც მოიყვანს. მე კი ვისჯები და ხელს მკრავენ,ლაფში მსვრიან იმის გამო რომ უგონო სიყვარული შემიძლია.. იმის გამო რომ სიყვარულით ვცხოვრობდი და სიყვარული იყო ჩემი მაცოცხლებელი.. ძალიან ცუდად ვარ და ვერ შევძელი არ დამეწერა.. ვიცი რომ ის არასოდეს იქნება ჩემი, და მას ყოველთვის შორიდან უნდა ვაკვირდებოდე.მის ბედნიერებასა და სიხარულს, ოგონდ სხვასთან,სხვის გვერდით. სხვას აჩუქებს იმ სიყვარულს,რომელიც ჩემი არასოდეს იქნება.. მას სხვა ეყვარება

    • მაპატიე, ჩემო კარგო, მაგრამ ახლა ხომ პატარა აღარ ხარ?! უნდა ხვდებოდე, რომ მამაკაცი, რომელიც აპკის მიხედვით აფასებს ქალს, მამაკაცი არ არის – უგულო და უგუნური არსებაა, რომელიც ცხოვრებაში ვერ მიიღებს ქალისგან ისეთ სიყვარულს, რისი მიცემაც შენ შეგეძლო. ძალიან ბევრი ღირსეული მამაკაცია ჩვენ ირგვლივ, ცოტანი არიან, მაგრამ მაინც აუცილებლად შეხვდები ვინმეს, მანამდე კი ერთადერთი მამაკაცი, ვინც შენი სიყვარულის ღირსია, შენი შვილია, სხვა არავინ.

  3. ძვირფასო MaggieD.,
    თავს უფლებას მივცემ და ცოტას გაგიწყრები.
    საერთოდ როგორ შეგიძლია ასეთ მამაკაცზე იფიქრო? როგორ შეგიძლია შენი გული და ოცნებები მიუძღვნა ისეთ ადამიანს, რომელიც შენში ქალს კი არა, მხოლოდ აპკს ხედავს?
    როგორღაც არ გაგიმართლა და უღირსი ადამიანი შეგხვდა, თორემ უამრავი ღირსეული მამაკაცია საქართველოში, ვინც მართლა აფასებს ისეთ ცნებებს, როგორიცაა ერთგულება, პატიოსნება, მეგობრობა, გამგებიანობა, სითბო და სიყვარული.
    არ დაკარგო იმედი და ეძებე ისეთი ადამიანი, ვინც იმის გამო შეგიყვარებს, რომ შენ პიროვნება ხარ, დამოუკიდებელი, ლამაზი და თბილი ქალი. ამასთანავე საუკეთესო დედა.
    დამიჯერე, ეგეთ ვიგინდარებს, როგორზედაც ჰყვები, სამუდამოდ დაგავიწყებს ნამდვილი, მოსიყვარულე მამაკაცი.
    შენი თავის ფასი იცოდე!

  4. yvelaferi wavikitxe…. komentarebis chatvlit da getanxmebit….
    adamiani pirovnulad unda uyvardet da igebdnen da ara raimis gamo…
    dznelia da rtulia ,rom cxorvebashi aseti gansacdelebi shegxvdat..magram damijere girseuli win aris..

შენ რას იტყვი?