Home ურთიერთობები

საპირისპირო სქესთან მეგობრობაზე საზოგადოების აზრი ორადაა გაყოფილი და სადაც ეს თემა წამოიწევს წინ, ყოველთვის კამათის მიზეზი ხდება: ერთნი ამტკიცებენ რომ ასეთი რამ არ არსებობს, ან ის, რაც მეგობრობად გამოიყურება, არაა გულწრფელი მეგობრობა ერთ-ერთის ან ორივეს მხრიდან, მეორენი კი მათ დარწმუნებას ცდილობენ იმაში, რომ მეგობრობაში სქესს სულაც არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და შესაძლებელია საპირისპირო სქესთან ისევე იმეგობრო, როგორც საკუთართან, ეგ კი არა, მავანნი ამ მეგობრობას უფრო მყარადაც მიიჩნევენ.

შეუძლიათ ქალს და მამაკაცს რომ მხოლოდ მეგობრები იყვნენ?

შეუძლიათ ქალს და მამაკაცს რომ მხოლოდ მეგობრები იყვნენ?

მე პირადი გამოცდილების გაზიარებას ვაპირებ შენთვის…

ეს საკითხი ჩემ ცხოვრებაში პირველად სკოლაში წამოიჭრა, სერიოზული კამათი მოხდა კლასში, სიტუაცია სტანდარტული იყო, როგორც ხდება ხოლმე და როგორც ზემოთ აღვწერე, მე მტკიცედ მჯეროდა რომ გოგოს და ბიჭს შორის მეგობრობა ისეთივე ბუნებრივი მოვლენა იყო, როგორც ორ გოგოს ან ორ ბიჭს შორის, შესაბამისად, ზემოთ ხსენებულთაგან მეორე ბანაკის ინტერესს ვიცავდი და ვიყავი უმრავლესობაში, რაც ძალიან მახარებდა. მიუხედავად იმისა, რომ ღრმად მწამდა, რომ მართალი ვიყავი, პირადი გამოცდილება არ მქონდა, ახლოს არ ვიყავი არცერთ ბიჭ ან გოგო მეგობართან. მარტოობის მოყვარული ბავშვი ვიყავი, უცნაურ ადამიანად რომ აღიქვამენ ხოლმე გარშემომყოფნი და რთულ ხასიათს მიაწერენ, აი ისეთი.

სტუდენტობა იყო პერიოდი, როდესაც პირველი გამოცდილება მივიღე ამ საკითხში და შემდეგ მრავალფეროვანი „კოლექცია“ შემიგროვდა…

მოგიყვები რამდენიმე მაგალითს:

1. პირველი ბიჭი მეგობარი პირველ კურსზე, თითქმის პირველსავე დღეს შევიძინე, აღარც მახსოვს, როგორ მოხდა ჩვენი დამეგობრება, მაგრამ ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით, რაც გამოიხატებოდა ერთად დიდი დროის გატარებასა და ერთმანეთისთვის საიდუმლოებების გაზიარებაში: ჩემ მეგობარს თავისი ჯგუფელი გოგო უყვარდა, რომელიც იგივეთი არ პასუხობდა (როგორც შემდეგ აღმოჩნდა, უბრალოდ იპრანჭებოდა), მეც გატაცებული ვიყავი ჩვენი საერთო ნაცნობით, რომლისადმიც ჩემი მოკლე ჭკუით „სერიოზული გრძნობა“ მქონდა.

მაშინ 17-18 წლის ვიყავი და ყველაფერს უფრო მუქ ფერებში აღვიქვამდი. ჩემი მეგობარი ბიჭის სიმპათიასთანაც კარგი ურთიერთობა მაკავშირებდა და რაღაც პერიოდის შემდეგ მასთანაც ზუსტად ისევე ვყვებოდი ჩემ პირად ისტორიებს, როგორც ბიჭ მეგობართან. ეს გოგო ძალიან მომწონდა პიროვნულად, ნაზი და თბილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა და ძალიან გამიხარდა, როცა ჩემ მეგობარს სიყვარულითვე უპასუხა, მიხაროდა რომ წყვილი, რომელსაც ასე ვქომაგობდი, შედგა!

original

აქვე პატარა გადახვევას გავაკეთებ, იმ შემთხვევისთვის, თუ ჩემი ნაცნობი არ ხარ:

მე ვარ გოგო, რომელიც არცერთი კრიტერიუმით არ ჯდება „საბედისწერო ქალის“ ტიპაჟში, საკმაოდ ფრთხილი და თავდაჭერილი ვარ ურთიერთობებში და იმ პერიოდში ჩემი პატარა ასაკიდან და ურთიერთობებში გამოუცდელობიდან, თუ კომპლექსებიდან გამომდინარე არათუ ზედმეტ ხვევნა-კოცნას, კალთაში ჩაჯდომას და ა.შ. ფიზიკურ კონტაქტებს, არამედ ხანგრძლივად თვალებში ყურებასაც კი ვერიდებოდი…

ჰო, სწორად მიხვდი რისკენაც მიმყავს საუბარი…

მას შემდეგ, რაც წყვილი შედგა, დაიწყო მითქმა-მოთქმა, რომ ვითომდა რაღაც გვაკავშირებდა მე და ჩემ მეგობარს,  მე მქონდა ცალმხრივი გრძნობა მის მიმართ, თუ რაღაც ასეთი. გარეშე პირთა შეხედულება ამ საკითხზე სულ არ მადარდებდა, მაგრამ ამ ჭორების წყარო ჩემი მეგობრის სატრფო აღმოჩნდა – გოგო, რომელმაც იცოდა, რომ სხვა ბიჭის მიმართ მქონდა გრძნობები (რომ მახსენდება, გულიანად მეცინება, რადგან ეს ისტორია თავიდან ბოლომდე ძალიან ბავშვურია და მაშინ მართლა ბავშვები ვიყავით)… ამით ავხსენი ამ გოგოს სიტყვამწარეობის გამოხტომებიც, რომელიც ბოლო დროს მას უტევდა, ასე ნაზსა და სათნოს, როგორც მანამდე ვფიქრობდი.

ყველაზე მეტად კი მეგობრის პოზიციამ გამაოგნა, რომელიც არც ცდილობდა რამის უარყოფას, საერთოდ უმოქმედება ამჯობინა და საბოლოოდ მიმახვედრა, რომ ის მე მეგობრად არ გამომადგებოდა. ჰოდა, მეც დავსვი მსუყე წერტილი, გავწყვიტე ყოველგვარი კონტაქტი ორივესთან, ახსნა-განმარტებების მოთხოვნა-ჩაბარების გარეშე და არცერთს არასდროს უცდია გაეგო, რატომ შევიცვალე მათ მიმართ ასე. გოგოს ალბათ იმიტომ, რომ მოეშვა, უხაროდა „კონკურენტის“ ჩამოშორება. ბიჭს იმიტომ, რომ უპრინციპო ადამიანი იყო და თან ალბათ მეგობარი მხოლოდ იმისთვის სჭირდებოდა, ცალმხრივ სიყვარულზე რომ უნდა ეწუწუნა… ასე იყო თუ ისე,  მე დავრჩი ძალიან იმედგაცრუებული და გულნატკენი, მაგრამ როგორც მჩვევია მალე „დავიკიდე“ ეს ხალხი და გავაგრძელე გზა შემდეგ მეგობრებამდე.

2. ჩემი შემდეგი ახლო მეგობარი (არ მიყვარს მე ეს სიტყვა ძმაკაცი/ დაქალი და რა ვქნა) ბიჭი ერთ-ერთ ფორუმზე გავიცანი… რაიონიდან იყო, ჩემზე რამდენიმე წლით უმცროსი, ემოციური და დეპრესიისკენ მიდრეკილი ადამიანი, ძალიან ნიჭიერი, ბუნებით ხელოვანი, თბილი და ყურადღებიანი ბავშვი. თბილისში როცა ჩამოდიოდა, ბევრ დროს ვატარებდით ერთად, ვუყვებოდით ერთმანეთს ჩვენს ამბებს…

1_16613

ის ზუსტად იმ ასაკში იყო, მე რომ ვიყავი წინა მეგობრობის დროს და ისეთივე ან უფრო მეტად მგრძნობიარე, როგორიც მე ვიყავი მისი ხნის… ჰქონდა რამდენიმე გატაცება, მაგრამ ჩემი წინა მეგობრისგან განსხვავებით, გოგოებთან მისი ურთიერთობა ჩვენ მეგობრობას არ ვნებდა, ისევე როგორც ჩემი მაშინდელი ურთიერთობა შეყვარებულთან. იყო ეჭვიანობის მომენტები მისი გოგოების მხრიდან და ჩემი ბიჭისგანაც. მაგრამ მან, როგორიც ნამდვილ მეგობარს, თან ვაჟკაცს და რაინდს შეეეფერება, ზუსტად ისეთი პოზიცია დაიჭირა და ჩვენი მეგობრობა დარჩა ურყევი. არც მეგონა, რომ რამე შეარყევდა… ბოლო-ბოლო იპოვა ჩემმა მეგობარმა ნამდვილი სიყვარული, გახდა ლაღი და ხალისიანი, მოეხსნა ეს გარდატეხის ასაკის დეპრესიები და მეც ძალიან მიხაროდა მისი სახეცვლილება. ერთ დღესაც მესიჯით გამაგებინა, რომ ცოლად მოიყვანა შეყვარებული (მგონი 20 წლის იყო მაშინ, ან 19-ის). მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების სასტიკი წინააღმდეგი ვარ, მთელი გულით მივულოცე გაბედნიერება და ვუსურვე ჰარმონიული თანაცხოვრება.

მეგობრისგან ყურადღება მომაკლდა, ვიცი მეტყვი ბუნებრივიაო, მეც ასე მეგონა და ვიყავი ჩუმად რამდენიმე თვე, მერე ცოტა ხანი ავბუნტდი და პირდაპირ ვკითხე, რა შეიცვალა ჩვენ მეგობრობაში ასეთი, რომ თვეობით არ მკითხულობდა და თბილისში ჩამოსულმა დრო ვერ გამონახა ჩემ სანახავად. რომ ადამიანი, რომელიც იფიცებოდა, რომ ჩემნაირი მეგობარი არ ჰყოლია, თბილისში ამ ვიზიტისას შეხვდა ბიჭ მეგობრებს და ჩემთვის ცოლის გაცნობა არ მოფიქრებია. პასუხი იყო, არაფერი შეცვლილაო, დრო არ მქონდაო და ა.შ. მოკლედ თავის მართლება… დასკვნა აქაც იგივე გამოვიტანე, ამ ადამიანსაც მხოლოდ მსმენელი სჭირდებოდა და რადგან ამ თვისებით უხვად „დამაჯილდოვა“ განგებამ, ამიტომ აღმოჩნდა ჩემ გვერდით. ურთიერთობა აქაც ერთი ხელის მოსმით გავწყვიტე, წავშალე და დავბლოკე ყველა სოც.ქსელიდან და მას შემდეგ ის ისევე არ გამოჩენილა, როგორც მანამდე არ ჩანდა. მიუხედავან ამისა, პირველი შემთხვევისაგან განსხვავებით, ეს ადამიანი ეხლაც ძალიან მიყვარს და მის გულშემატკივრად ვრჩები, რადგან მის მიმართ უფრო დედა-შვილური დამოკიდებულება მქონდა თითქოს, თუმცა სულ არაა საჭირო, რომ მან ეს იცოდეს.

იმედია, ძალიან არ მოიწყინე და ბოლო ამბავსაც წაიკითხავ… ხომ არ იფიქრე რომ ვცდილობ დაგარწმუნო საპირისპირო სქესთან მეგობრობის არარეალურობაში? სულაც არაა ასე, არცერთ ურთიერთობაში არ ვყოფილვარ დაზარალებული. ვთვლი, რომ ისინი მეტს კარგავდნენ და საერთოდაც ნაკლებად იყვნენ მეგობრობის ნიჭით დაჯილდოებულები, მე კი ამ ნიჭის წყალობით არასოდეს ვარ მარტო და არც ის რწმენა დამიკარგავს, რომელზე თხრობითაც დავიწყე წერა.

3. აი მესამე მაგალითი კი სულ ცხელ-ცხელია, ახალთახალი. ჩემი მეგობარი ძალიან საინტერესო ადამიანი იყო. ღრმა და იუმორით აღსავსე, მისი მძიმე ცხოვრების მიუხედავად. ეს იყო ადამიანი, რომელსაც იშვიათად ვხედავდი, მაგრამ 24 საათიანი მიმოწერა გვქონდა, ულევი თემატიკით. ამ თემებში მისი კაზანოვური მიდრეკილებებიც შედიოდა და ჩემი შიშებიც, გაშიშვლებული კომპლექსებიც, საიდუმლოებებიც. ის იყო ძალიან გულწრფელი და ძალიან მენდობოდა, მოკლედ ის ისეთი მეგობარი იყო, როგორად ყოფნასაც მეც ვცდილობ და ამიტომაც გვაკავშირებდა ყველაზე ხანგრძლივი მეგობრობა, ყველაფრის და ყველას მიუხედავად. ეს იყო მეგობრობა, როცა მანძილზე გრძნობ ადამიანის განცდას და უსიტყვოდ ხვდები, რომ როცა ხუმრობს, შეიძლება ძალიან ცუდ ხასიათზეა მაშინ…

წინა მეგობრობებისაგან განსხვავებით ეს ურთიერთობა უფრო ვირტუალური იყო, დიდ დროს არ ვატარებდით ერთად, არც ვსეირნობდით, ძალიან იშვიათად ვხვდებოდით საერთო ნაცნობების წრეში.

საბოლოოდ ჩემი ტრაგიკული წარსულის მქონდე პიერომ იპოვა თავისი ლურჯთმიანი მალვინა და დაქორწინდა, სულ ახლახანს… ეს მეგობრობაც ნელ-ნელა ქრება და წინა მაგალითისგან განსხვავებით არაფერს ვცდილობ მის შესანარჩუნებლად – ვიცი არ გამოვა და უბრალოდ არ მსურს წინასწარ გაწერილ სცენარს მივყვე, რადგან ვხვდები, ეს ურთიერთობა აღარასდროს იქნება იმის მსგავსი, რაც იყო, სხვაგვარი კი არ მჭირდება. ეს იყო ყველაზე ღრმა მეგობრული კავშირი, რაც აქამდე ბიჭთან მქონია, მანამ, სანამ ურთიერთობა აირეოდა, ეს იყო მეგობრობის იდეალი ჩემთვის და აქ, სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, გული არ მწყდება არაფერზე.

პიერო და მალვინა (ზღაპრიდან "ბურატინო")

პიერო და მალვინა (ზღაპრიდან “ბურატინო”)

თუ ამ ამბების შემდეგ შენ ჩათვალე, რომ მე ეგოისტი, მესაკუთრე და ჭირვეული ადამიანი ვარ, ბევრს ვითხოვ მეგობრებისგან, კატეგორიული ვარ და როცა სითბო და ყურადღება მაკლდება, ხალხს თავიდან ვიშორებ – მე არაფერს უარვყოფ აქედან და არ დავიწყებ საპირისპიროს მტკიცებას, რადგან ჩემ ირგვლივ არის ხალხი, ვისი არსებობაც თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე…“მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ.“

გაინტერესებს შევიცვალე თუ არა აზრი საპირისპირო სქესთან მეგობრობაზე სკოლის შემდეგ? არ შემცვლია :) არც იმას ვიტყვი, რომ ამ სამ ადამიანს, რომლებზეც მოგიყევი, მეგობრობა საერთოდ არ შეუძლიათ, ალბათ უბრალოდ ჩემთან მეგობრობა ვერ შეძლეს, ალბათ მიზეზებიც იყო ამის, მაგრამ მე არ მაინტერესებს, ჩემი რადიკალური ბუნება საშუალო ურთიერთობებს ვერ იტანს და ამიტომ რაოდენობას ყოველთვის ხარისხი მირჩევნია.

მართალია ყველა ურთიერთობა, ისევე როგორც ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და შეიძლება მე სულაც არ გამოვდგე მრჩევლად, ერთს მაინც გეტყვი: თუ იპოვი ადამიანს, რომელთან ურთიერთობაც გსიამოვნებს, მიუხედავად ასაკისა, სქესისა და ა.შ., იმეგობრე მასთან, არ აქვს მნიშვნელობა, როგორი გაგრძელება და გამოსავალი ექნება ამას, რადგან თითონ ურთიერთობის პროცესი ღირს ამად.

8 კომენტარი to this post
  1. შენ მიერ მოყვანილი არცერთი მაგალითი არ არის იმის დასტური/უარყოფა,რომ საპირისპირო სქესის ადამიანებს შორის მეგობრობა არსებობს, არცერთ მათგანთან რაიმე მეგობრობიდან "გადახვევის" მაგალითი არ აღგიწერია,თქვენი ურთიერთობა არაფერში გადაზრდილა. )) იგივე შემთხვევა შეიძლება გოგო მეგობართანაც დაგემართოს,როცა ის გათხოვდება და ქმარი სულელურ აკრძალვებს დაუწესებს.
    პ.ს: გოგოსა და ბიჭს შორის მეგობრობა არსებობს,თუ მათ ერთმანეთისადმი ლტოლვა არ აქვთ :)

  2. რაც წავიკითხე დავასკვენი, რომ მესაკუთრე და ეგოისტი ხარ :D ჩემსავით, მაგრამ მგონი არ უნდა იყოს ეგ ცუდი. მეც მყავს ამ ბოლო ტიპის ბიჭი-მეგობარი და გული დამწყდა დასასრულზე, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ცოლების ბრალია ეგ ძირითადად, გამიგია, რომ ბიჭ-მეგობრებსაც შორდებიან ცოლის მოყვანის შემდეგ, გოგოებს ხომ მით უმეტეს, თან თუ ლამაზიცაა, ოოო… რა არის იცი? ამბობენ კაცები მიდიან და მოდიან, მაგრამ მეგობრები სულ ჩვენთან არიანო და იმედია გვყავს/გვეყოლება ასეთი სამუდამო მეგობარი.

  3. წავიკითხე და შემეშინდა ცოტათი.
    ჩემი 4 ყველაზე ახლობელი ადამიანიდან 2 მამრია…
    მსგავსი პრობლემა ჩემი მეგობრის შეყვარებულთან მეც მქონია, არადა, მათი ამბავი ჩემი წამოწყებული მაინც არ ყოფილიყო…
    ალბათ, უფრო ეჭვიანობის მომენტი აქვთ ცოლებს/შეყვარებულებს იმ დროს, როცა ჩვენ უფრო უკეთესად ვუგებთ მათ მეორე ნახევრებს, ვიდრე ისინი თავად და ქვეცნიბიერად გვიცილებენ…
    არ ვიცი, ასეთი საფრხე მომავალშიც თუ დამემუქრა, რას ვიზამ. ალბათ, შენი არ იყოს და, ვერაფერს, ვეცდები ჩემი მეგობრის მეორე ნახევრის მეგობარიც გავხდე…
    ჰმ. ავნერვიულდი :)))

  4. მესმის შენი … მარა ბიჭია თუ გოგო ამას მნიშნელობა არ აქვს მემგონი :)) გოგო მეგობართან არსდროს მოგვსვლია მსგავსი რა?? …

  5. მე მყავდა საუკეთესო მეგობარი ბიჭი. წლების განმავლობაში 24 საათიდან 6-7 საათს ერთად ბოდიალში ვატარებდით და დანარჩენ დროს მესიჯობასა და ტელეფონზე საუბრებში. მერე უკვე ორივეს გვყავდა შეყვარებულები და როდესაც ჩვენი “მეორე ნახევრები აეჭვიანდნენ”, ურთიერთობა ოდნავ შევამცირეთ. მერე ერთხელ ერთმანეთს მონატრებულებმა ერთად დავლიეთ და.. ეგ იყო და ეგ.. სამუდამოდ დავკარგე ის ადამიანი.. დღემდე ვკონტაქტობთ ძალიან იშვიათად (ყოველთვის ის მეხმიანება, მე – არასოდეს!) და რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, მაინც ბოლომდე გულახდილები ვართ ერთმანეთთან და თითქმის ყველა დეტალი ვიცით დღემდე, თუმცა ცხოვრების გზას მაინც ცალ-ცალკე მივუყვებით.. ამჟამად მყავს მეგობარი ბიჭები, მაგრამ ისეთი სიახლოვით აღარავის ვუშვებ.. ვნება პირველი მტერია საპირისპირო სქესთა მეგობრობაში და ძალიან გული მტკივა ეს რომ ასეა….

  6. Me mxolod imas vityvi rom myavs ori megobari bichi, erti fizikurad shorsaa meorestan ki ukve 7wliani urtiertoba makavshirebs da mjera rom es arasdros dasruldeba. Sheidzleba yoveldge ver mivwero ver vnaxo da ver movuyve yvelaferi mara roca vnaxulob is isetivea rogorc adre, iseve vusment ertmanets rogorc 7wlis win. Iseve gvagelvebs ertmanetis grdznobebi da emociebi rogorc mashin roca gaviget rom unishi ertad k9vxvdit da chvenze bednieri adamiani ar dadioda qveyanaze. Ase rom bichis da gogos megobroba arsebobs da es chveulebrivad gamartlebaa rogorc siyvarulshi, ubralod unda naxo iseti adamiaji vinc martla shedLwbs megobrobas da shennairi iqneba

  7. შენს მიერ მოყვანილი მაგალითები, სულაც არ ამტკიცებს იმას რომ გოგოსა და ბიჭს შორის მეგობრობაა არ შეიძლება… შეიძლება შენ გერე დაგემართა მაგრამ ეს იმას ხო არ ნიშნავს რომ ყველას ასე დაეართება? ! მე მჯერა რომ ბიჭსა და გოგოს შორის მეგობრობა არსებობს, საბედნიეროდ დღეს-დღეისობით მყავს ნაღდი მეგობარი ბიჭი (ეგეთ წოდებული ძმაკაცი) ეომელსაც თვალდახუჭული ვენდობი!!! <3

შენ რას იტყვი?