Home ვარსკვლავები

მსოფლიოს წამყვანი კინოთეატრები „Thor: The Dark Kingdom“-ის პრემიერებმა მოიცვა. ფილმზე არანაკლებ ინტერესს იწვევს მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობების ჩაცმულობა წითელ ხალიჩაზე.

ოსკაროსანი ნატალი პორტმანი, როგორც ყოველთვის, შეუდარებელია. ის არ ღალატობს „დიორს“, რომლის სუნამოების სახეა 2010 წლიდან.

კვირას ბერლინურ პრემიერაზე მას ეცვა „დიორის“ უნაზესი თეთრი გრძელი კაბა, წვრილი შავი ქამრით. შავი კლაჩი და სამკაულებიც “დიორის” ბრენდის იყო.

რამდენიმე დღით ადრე კი პარიზულ პრემიერაზე ის ულამაზესი შავი კაბით გამოცხადდა, რომელიც ყვითელი და ნარინჯისფერი ყვავილების პრინტით იყო გაწყობილი და Dior Spring 2013 კოლექციიდანაა.

ნატალის არც Dior Spring 2014 კოლექცია დარჩენია უყურადღებოდ. ლონდონურმა ცივმა ჰავამ აიძულა უმხრებო ტოპის ნაცვლად, შავი გრძელ-სახელოებიანი ბლუზა გამოეყენებინა, რომელიც იდეალურად შეესაბამებოდა გრძელ, მბზინავ ვერცხლისფერ ქვედაბოლოს.

2011 წელს მსახიობი ფრანგ ქორეოგრაფ ბენჯამინ მილფედზე დაქორწინდა, რომელიც 2014 წლის ოქტომბრიდან პარიზის ოპერისა და ბალეტის თეატრს უხელმძღვანელებს. მანამდე კი წყვილი აქტიურად ესწრება სხვადასხვა საბალეტო პრემიერას.

სექტემბერში ნიუ-იორკის საბალეტო დასის გალა კონცერტზე ნატალი Dior Fall 2013-ის კოლექციის ულამაზესი გრძელი სამფეროვანი კაბით გამოცხადდა. ცისფერი, ყვითელი და შავი ფერებით გაწყობილი გრძელი კაბა მსახიობს რეალურზე მაღალს აჩენდა.

სამსახიობო კარიერის გარდა, ნატალი აქტიურად ეწევა საზოგადოებრივ საქმიანობას. ის FINCA-ს (“The Foundation for International Community Assistance) იმედის ელჩია და ორგანიზაციის 25 წლის იუბილეზე სიტყვით გამოვიდა “დიორის” თეთრ კაბაში გამოწყობილი.

2011 წელს მსახიობმა ფილმისთვის “შავი გედი” (“Black Swan”) ოსკარი დაიმსახურა, ხოლო ფილმის პრემიერაზე Dior Resort 2011-ის გრძელი ფართო შავი კაბით პოზიორობდა პაპარაცების წინაშე.

2012 წლის ოსკარების ცერემონიაზე მსახიობმა “დიორის” 1954 წლის კოლექციიდან გრძელ, შავ-კოპლებიან წითელ კაბაზე შეაჩერა არჩევანი და ძალიან სწორადაც. ამ ჩაცმულობამ დიდი მოწონება დაიმსახურა.

2013 წლის ოსკარების შემდგომ გამართულ Vanity Fair Oscars Party-ზე ნატალი ტრადიციულად მეუღლესთან ერთად მომხიბვლელად იღიმებოდა რეპორტიორების წინაშე. ის, როგორც ყოველთვის, შეუდარებელი იყო “დიორის” თეთრ კაბაში, რომელიც შავი ლენტით იყო გაწყობილი. ზურმუხტის საყურე კი მსახიობის დახვეწილობას კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს.

ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევები მცირე ჩამონათვალია ნატალი პორტმანის გარდერობში არსებული “დიორის” კაბებისა.

ის კვლავ განაგრძობს თავის ფავორიტ ბრენდთან თანამშრომლობას და დარწმუნებული ვართ, კიდევ არაერთხელ გაგვაოცებს თავისი დახვეწილობით და მომხიბვლელობით.

შენ რას იტყვი?