საქართველოში განქორწინების მაჩვენებელი ყოველწლიურად უფრო და უფრო ზემოთ მიიწევს. ეს ამბავი, თავის მხრივ, საკმაო ყურადღებას იმსახურებს, თუმცა კიდევ უფრო საგულისხმოდ მეჩვენება ფაქტი, რომ, სტატისტიკური მონაცემებით, განქორწინების ინიციატორად მამაკაცზე ხშირად ქალი გვევლინება. გამოდის, სწორედ იგია უკმაყოფილო ქორწინებით.

ქალისთვის, მითუმეტეს, ქართველი ქალისთვის, ოჯახი ყოველთვის მთავარ ფასეულობას წარმოადგენდა, ამიტომ არავინ შემედავება, თუ ვიტყვი, რომ სერიოზული მიზეზის გარეშე მას ძალიან უნდა უჭირდეს განქორწინების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. როგორც ჩანს, სერიოზული მიზეზები საკმარისზე მეტია… რაღას არ აბრალებენ ოჯახების მოხშირებულ რღვევას სოციოლოგები და ფსიქოლოგები: ემანსიპაციაო, ეკონომიკური კრიზისიო, სოციალური უმწიფრობაო, ესაო, ისაო…

ეგ ყველაფერი ასე თუ ისე გასაგებია, მაგრამ მაინც მგონია, მთავარი მიზეზი ჯერ კიდევ ოჯახის შექმნამდე გვაქვს მოსაძებნი. სწორედ ამიტომ, მინდა ერთი კითხვა დაგისვა:

როგორ  ფიქრობ, მაინც რატომ თხოვდება ქალი?

იმიტომ, რომ ოჯახის შექმნა უნდა თუ… განა სხვა მიზეზიც შეიძლება არსებობდეს? შეიძლება და მერე როგორ! აბა, რას იტყვი იმაზე, რომ ხშირად:

მას მხოლოდ ცხოვრების შეცვლა აინტერესებს

მაგალითად, დაქალებთან ყავის სმა მოსწყინდა და ყოველდღიურობის გადახალისება მოინდომა. ასეთი ქორწინების შედეგი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად იღბლიანი აღმოჩნდება მისი, უმეტეს შემთხვევაში, ზერელე და უპასუხისმგებლო, არჩევანი.

შეყვარებულია

როცა ქალი, განსაკუთრებით, ახალგაზრდა და, განსაკუთრებით, გამოუცდელი, შეყვარებულია – პირველი, რაც თავში მოსდის, საპატარძლო კაბის მოზომება და საქორწინო ბეჭდის შერჩევაა. შედეგი? – როგორი გულისმომკვლელიც არ უნდა იყოს, სიყვარული ყოველთვის არ არის ბედნიერი ოჯახური ცხოვრების გარანტია. „ლამაზი გოგო და ლამაზი ბიჭი – სხვა რა უნდა სიყვარულსა?!“ – გვეუბნება ხალხური სიბრძნე, ოჯახურ ცხოვრებას კი მხოლოდ ეს არ ჰყოფნის და სულ სხვაგვარი მზადყოფნა ესაჭიროება.

საყრდენს ეძებს

გარკვეული კატეგორიის ქალებისთვის, ცხოვრება, როცა მის პირისპირ მარტო რჩება, გაცილებით რთული და შიშისმომგვრელი ჩანს, ვიდრე იმ მამაკაცის გვერდით, ვისაც შეგიძლია თავი მხარზე ჩამოადო, მკლავზე დაეყრდნო, გულში ჩაეხუტო, ზურგზე აეკრა და ა.შ. ადრე თუ გვიან კი ყველა ხვდება, რომ სირთულეები თითოეული ჩვენგანის პიროვნული განვითარების ნაწილია, ცხოვრებას მამაკაცის ზურგსუკან ვერ დაემალები, ამიტომ ჯობია, დროზე ისწავლო მასთან შენობით ლაპარაკი.

სახლიდან წასვლა უნდა

როცა მშობლების მოუწესრიგებელი ოჯახური ყოფა გოგონას ხანგრძლივი სტრესის მიზეზია, გათხოვება მას მძიმე სიტუაციიდან თავდაღწევის და ბედნიერების ერთადერთ შესაძლო ვარიანტად ესახება. ამის გამო პირველივე შემხვედრს თანხმობას უცხადებს და ხშირად ახალი, კიდევ უფრო გაუსაძლისი, ყოფის ტყვეობაში ექცევა. შედეგად, ქალი ან საბოლოოდ ტყდება, ან ანგრევს ოჯახს და აბსოლუტურად დაუცველი მარტო რჩება.

დედობა სურს

მაგრამ არ უნდა, ბავშვი მამის გარეშე დაიბადოს და, რადგან თავისი გემოვნების მამაკაცი ვერ იპოვა, ცდილობს, ჩანაფიქრის განსახორციელებლად, მოძებნოს… დონორი, რომლის საჭიროებაც მაშინვე ქრება, როგორც კი დაკისრებულ ფუნქციას შეასრულებს.

ფეხმძიმედაა

მგონი, აქ კომენტარი ზედმეტია, შედეგი კი – ყველაზე ადვილად პროგნოზირებადი.

სხვა გზა არა აქვს – მოიტაცეს

რომელ საუკუნეში ვართ? მახსოვს, რომელშიც… თუმცა ასეთი რამეები ჩვენი ქვეყნის რეგიონებში ჯერ კიდევ ხდება და ქალი, საზოგადოებრივი აზრის შიშით თუ მშობლების იძულებით, არასასურველ ქორწინებას ეგუება. ოჯახის შექმნის ამგვარი გზა კი მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისია ძალადობის ციკლისა, რომლის ატანა, ამა თუ იმ ფორმით, ქალს მთელი ცხოვრების მანძილზე უწევს. ზოგი ეგუება, ზოგი კი, გონს მოსული, მაშინ ანგრევს ოჯახს, როცა უკვე ძალიან გვიანია.

სექსუალური ინტერესი გაეღვიძა

ამ ინტერესის დაკმაყოფილების უფლებას კი არც საზოგადოებრივი აზრი აძლევს, არც აღზრდა და არც რელიგიური წარმოდგენები. აბა, რა გითხრა… მხოლოდ ის ვიცი, რომ ამ „საპატიო“ მიზეზის გამო გათხოვება ნებისმიერ ქალიშვილს მეტისმეტად ძვირი უჯდება.

ანგარება ამოძრავებს

რას იზამ, უნდა მის შვილებს მდიდარი მამიკოს მემკვიდრეობა, თვითონ კი სერიალების გმირივით უზრუნველყოფილი ცხოვრება ჰქონდეს. ცუდი ისაა, რომ ფულით მხოლოდ საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება შეიძლება, პიროვნულ და სექსუალურ ურთიერთობებს კი სულ სხვა რესურსები ესაჭიროება, რის გარეშეც ჰარმონიული ოჯახი არ არსებობს და ვერც იარსებებს.

მიაჩნია, რომ გათხოვება აუცილებელია

მაშ, როგორ! თუ შენი ყველა მეგობარი უკვე გათხოვდა, ბავშვი გააჩინა, დედამთილთან და მულთან წაჩხუბება მოასწრო, თავს უხერხულადაც კი იგრძნობ, სხვანაირად რომ მოიქცე… თანაც, თითქმის პამპერსებიდან გინერგავენ, რომ ქალი აუცილებლად უნდა გათხოვდეს, დედა გახდეს, ქმარს ემსახუროს. არადა, როგორც მამაკაცებში, ქალებშიც გამოერევიან ხოლმე „მოწოდებით“ შინაბერები ან თავისუფალი ფრენის მოყვარული არამეოჯახეები, თავისი ბუნებით მოშინაურებას რომ არ ექვემდებარებიან.

იმედია, შენ მათ რიცხვს არ ეკუთვნი… ჩემგან განსხვავებით :). თუმცა უნდა გითხრა, შეცდომა მეც დავუშვი და „თავის დროზე“ გავთხოვდი კიდეც. რამ გამაბრიყვა? მეგონა, უჩემოდ ერთ წუთს ვერ გაძლებდა, მოკვდებოდა ან თავს მოიკლავდა… იცინე, იცინე, ნუ მოგერიდება :). ახლა უკვე მეც გულიანად მეცინება იმ გულუბრყვილო წარმოდგენებზე, ხშირ შემთხვევაში ქალს გათხოვებას რომ „აიძულებს“.

მაშ, რა ვქნათ, საერთოდ არ გავთხოვდეთ?!

უნდა გავთხოვდეთ, აბა, რა, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა სტატიის დასაწყისში დასმულ შეკითხვაზე შეგვეძლება, დაახლოებით ასე ვუპასუხოთ:

“ვთხოვდები იმიტომ, რომ მყარი, სტაბილური და ღირსეული ოჯახის შექმნა მინდა პარტნიორთან, რომელსაც კარგ ოჯახზე ზუსტად ისეთივე (!) წარმოდგენები აქვს, როგორიც მე და ორივე მზად ვართ, ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერი გავაკეთოთ”.

მთლად საზეიმო ფიცივით არ ჟღერს?

რა ჩემი ბრალია, სწორი პასუხი ესაა და… დანარჩენი შენს მომავალ მეუღლესთან შეათანხმე! :)