უკვე დიდი ხანია, მამაკაცის ნამუსის საზომად ულვაშს აღარავინ იყენებს, თუმცა მათი ქართველი უმრავლესობა ჯიუტად და შეუვალად მისდევს რწმენას, რომ ქალის სინდისი და პატიოსნება ერთი პატარა ანატომიური წარმონაქმნის… მიხვდით, არა?.. დიახ, დიახ, საქალწულე აპკის არსებობაზეა დამოკიდებული.

მსგავს მიდგომას რაღაც ახსნას კიდევ მოუძებნი, როცა საუბარი 16-17 წლის მოზარდებს ეხება, მაგრამ როცა საზოგადოება 30-40 წლის პიროვნებასაც იგივე მოთხოვნას უყენებს, სიტუაცია წარმოუდგენელ აბსურდამდე მიდის.

არა, ისე არ გამიგოთ, თითქოს ქალიშვილობის ინსტიტუტის წინააღმდეგ ხმალამოღებული მებრძოლი ვიყო. სრულიადაც არა. მე თუ მკითხავთ, სატელევიზიო ეკრანიდან, ფილმებსა თუ რეალითი შოუებიდან აღვირახსნილი სექსის პროპაგანდა (უკეთეს სახელს ვერ დაარქმევ) ახალგაზრდებზე ფსიქოლოგიური ძალადობის ზუსტად იგივენაირ გამოვლინებად მიმაჩნია, როგორც მათთვის სასიყვარულო რომანების კითხვის ან შეყვარებულთან ტელეფონზე საუბრის აკრძალვა… მაგრამ თუ მამაკაცს ვერ გაუგია, რომ უმანკოება ადამიანის სულის თვისებაა და არა სხეულის, ჩემი აზრით, სერიოზული პრობლემები აქვს და, „უნამუსო“ ქალების შერისხვის ნაცვლად, ექიმისთვის მიემართა, ნამდვილად არ აწყენდა.

აკრძალული ხილი

ვერავის აუკრძალავ, ამ და ნებისმიერ სხვა, საკითხთან დაკავშირებით საკუთარი აზრი იქონიოს, მხოლოდ ამ უფლებას ნურც ქალებს წავართმევთ. როგორც მამაკაცს, ქალსაც ისეთივე უფლება აქვს თავად გადაწყვიტოს, სჭირდება თუ არა ქორწინებამდელი სექსუალური გამოცდილება და ამისათვის საზოგადოებრივი აზრი არ უნდა განიკითხავდეს.

ჩემი აზრით, არჩევანის უფლების წართმევა პიროვნების წინაშე ჩადენილი ყველაზე მძიმე დანაშაულია, ხოლო საზოგადოებას, რომელიც ამას ეგუება, მაღალგანვითარებულის პრეტენზია ვერ ექნება. ამიტომ მეტი უნდა ვიფიქროთ პირად პასუხისმგებლობაზე, როცა ამა თუ იმ ღირებულების გადარჩენას ან დამკვიდრებას ვცდილობთ – საზოგადოებრივი აზრი ხომ თითოეული ჩვენგანის მონაწილეობით იქმნება.

მაგალითად, უკვე საუკუნეებს ითვლის შეხედულება, რომ ქალის მიერ ცოლ-ქმრული სარეცელის სიწმინდის დარღვევა უპატიებელ ცოდვად ითვლება მაშინ, როცა მამაკაცს ამგვარი ქმედება, დიდი-დიდი წინდაუხედაობაში, უფრო ხშირად კი, უწყინარ „სიცელქეში“ ჩაეთვალოს. მგონი, ზედმეტი არ იქნება, შეგახსენოთ, რა შეიძლება მოჰყვეს შედეგად ამ ე.წ. „სიცელქეს“.

გარდა, ყველასთვის ადვილად წარმოსადგენი, მორალური ტრავმისა, მეუღლის ღალატის შედეგად რომ ღებულობს, ქალი ბევრი სხვა საშიშროების წინაშეც დგება. ყველაზე საგანგაშო სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებია, რომლებიც დასაწყისში მამაკაცისთვის თითქმის შეუმჩნევლად მიმდინარეობს, ქალის ჯანმრთელობას კი სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ვენერიული სნეულებები უშვილობის ან ბავშვთა პათოლოგიების გამომწვევ მიზეზადაც იქცევა ხოლმე, ხოლო ეს ყველაფერი, დამეთანხმებით, ისევე ანგრევს ქალის ცხოვრებას, როგორც ღალატით გამოწვეული გულისტკივილი.

გაუპატიურება
გაუპატიურება

რაკი ამდენ „საჩოთირო“ თემას შევეხე, ორიოდე სიტყვას სექსუალური ძალადობის შესახებაც ვიტყვი – სექსუალური ძალადობის, რომელსაც… არც მეტი, არც ნაკლები, ქმარი მიმართავს! გაგიკვირდათ? ე.ი. არ იცოდით, რომ ფხიზელ თუ არაფხიზელ მდგომარეობაში, ქალის თანხმობის გარეშე, მასთან სექსუალური კავშირის დამყარება ძალადობად ითვლება და, სხვათაშორის, კანონითაც ისჯება.

წარმომიდგენია, რა შეურაცხყოფილად იგრძნობს თავს საშუალო სტატისტიკური ქართველი მამრი, თუ მას ბრალად ცოლის გაუპატიურებას წაუყენებ :). ჩვენს რეალობაში, ნამდვილად იშვიათობას წარმოადგენს ამ თემაზე გამართული სასამართლო პროცესები, თუმცა ამით არც პრობლემის არსი იცვლება და არც სიხშირე. დასჯით კი, ისევ და ისევ ქალი ისჯება. სასჯელი სხვადასხვა სახის ფიზიკური თუ ფსიქიკური მოშლილობა, იძულებითი აბორტები და მათი თანამდევი გართულებებია.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აგრესია, რომელიც დამცირებული, შეურაცხყოფილი და ღირსებაგათელილი ქალის სულში წვეთ-წვეთად გროვდება, შენელებული მოქმედების ბომბივითაა და ადრე თუ გვიან აუცილებლად იპოვის გამოსავალს. გამარჯვებული კი, ამ შემთხვევაში, მხოლოდ მოზეიმე უსამართლობაა!