მეგონა, ამ თემაზე აღარასოდეს მომიწევდა წერა.  ჩვენი ერთ-ერთი მკითხველის გულახდილმა და ტკივილით სავსე წერილმა კი დამარწმუნა, რომ მხოლოდ თვალს ვხუჭავდი – პრობლემა ისეთივე აქტუალურია, როგორც 20, 10 თუ 5 წლის წინ.

ჩვენ შორის არც კი მეგულება ადამიანი, ვისაც, ოჯახის წევრი თუ არა, მეგობარი, ნათესავი, მეზობელი მაინც არ ეყოლება ისეთი, ვინც ცოლად შერთვის მიზნით… მოიტაცეს. შეიძლება, თავადაც ყოფილხარ მსხვერპლის როლში.

„მოტაცებული ქალის“ სახელი საზოგადოების მიერ პიროვნებისთვის მიკერებული, ის დამამცირებელი იარლიყია, რომელსაც დღემდე უფრთხიან ქალიშვილები და, დასამალი არ არის, რომ სწორედ ამ საფრთხის შიშით ხდებიან არასასურველი მამაკაცის ცოლები, არასასურველი ბავშვის დედები, არასასურველი ოჯახის წევრები…

და, მაინც, ძნელია ერთბაშად გაერკვე, რა აიძულებს აშკარა ძალადობის მსხვერპლს ამგვარ მძიმე ხვედრს შეეგუოს.

სიბრალული –

„მეგონა, ძალიან ვუყვარდი, ასეთ რისკზე რომ წავიდა. მეუბნებოდა, უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლიაო. მასთან ამიტომაც დავრჩი“.

ცნობისმოყვარეობა –

„უბრალოდ, გათხოვება მინდოდა. ჩემი ყველა დაქალი ასე გათხოვდა და მეც მაინტერესებდა, რა იყო ეს.“

ანგარება –

„მისმა ოჯახმა ძვირფასი საჩუქრებით ამავსო და თავბრუ დამახვია. თავადაც, ხელიგულზე გატარებო, მპირდებოდა.“

ტყუილი –

„მითხრეს, შენმა შეყვარებულმა გაიგო, რაც მოხდა და დაიფიცა, მაგის ცოლად მომყვანი არ ვარო. მომატყუეს.“

სირცხვილი –

„ჩემმა ქმარმა პირველივე ღამეს ძალა იხმარა. თავმოჭრილი სადღა წავსულიყავი.“

სასოწარკვეთა –

„მონატაცები მაინც ვეღარ გავთხოვდებოდი. არ მინდოდა მარტო დარჩენა“.

კიდევ ბევრი მიზეზის ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ ამ ჩამონათვალში ვერასოდეს მოხვდება სიყვარული, პატივისცემა, ურთიერთგაგება ანუ ყოველივე ის, რაც, წესით, ბედნიერი ოჯახის საფუძვლად უნდა იქცეს.

ყველაზე უარესი კი ისაა, რომ თუ ქალი სიმტკიცეს გამოიჩენს და იძულებას არ დაემორჩილება – საზოგადოებრივი აზრი დაუნდობლად შემობრუნდება მის წინააღმდეგ.

რაშია საქმე? რა გვაიძულებს, დამნაშავეს მხარი დავუჭიროთ და დანაშაულის აშკარა მსხვერპლი კიდევ უფრო მეტად დავსაჯოთ?! „ქალიშვილობის ინსტიტუტის“ ერთგულება, ქალისაგან მორჩილების მოთხოვნის ტრადიცია, უგუნური რწმენა „შეეჩვევა, შეუყვარდება“, იმის შიში „რას იტყვის ხალხი“ თუ დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც საიმედოდ იცავს კანონის სიმკაცრისგან მას, ვისაც არაფრად უღირს სხვისი ცხოვრების დანგრევა?!

ალბათ, ყველაფერი ერთად.

ეს ისეთი საკითხებია, რომლებსაც უფრო ხშირად და ღრმად უნდა ჩავუფიქრდეთ. მაგრამ დღეს ჩემი სტატიის მიზანი არაა, მოვუწოდო:

ქალიშვილებს – სექსუალური რევოლუციისკენ,

მშობლებს – გონიერებისკენ,

საზოგადოებას – თანაგრძნობისკენ,

სამართალდამცავებს – პატიოსნებისკენ,

კანონმდებლებს – კანონის გამკაცრებისკენ (რომელიც, სხვათაშორის, ისედაც გამკაცრდა – ამჟამად, ცოლად შერთვის მიზნით მოტაცება ადამიანის გატაცებად კვალიფიცირდება და გაცილებით სერიოზულ სასჯელს ითვალისწინებს)…

არა…

მხოლოდ იმ მშვენიერ გოგონას მინდა მივმართო, რომელიც, მიუხედავად გულში გაჩენილი ტკივილისა, ცხოვრებას მხოლოდ ახლა იწყებს:

ჩემო ძვირფასო, სიცოცხლითა და ოცნებებით სავსე მეგობარო!

ცხოვრება, რომელსაც ახლა იწყებ უამრავი მოულოდნელობითაა სავსე. იგი გიმზადებს დაბრკოლებებსაც და წარმატებებსაც, ცრემლებსაც და სიხარულსაც, იმედგაცრუებასც და აღმაფრენასაც, მაგრამ მერწმუნე, მას შეუძლია, ნებისმიერი ნატვრა აგიხდინოს, თუ შენ ძალიან მოინდომებ, თუ თვითონ იქნები საკუთარი ცხოვრების პატრონი.

ამიტომ გაფიცებ, სანამ მომდევნო ნაბიჯს გადადგამდე ცხოვრების გზაზე, კარგად დაფიქრდი.

ნურავის მისცემ საშუალებას, წაგართვას სიყვარულის და არჩევნის გაკეთების, ღვთისგან მონიჭებული, უფლება.

ნუ  დათმობ შენს ოცნებებს უპასუხისმგებლობის, ტკივილის და შიშის გამო.

გვიგულე შენ გვერდით ისინი, ვისთვისაც სულერთი არაა, იქნები თუ არა ბედნიერი.

მე მჯერა შენი… შენც ირწმუნე საკუთარი თავის!

როგორ მოიქცეოდი, შენ რომ ვინმეს მოეტაცე?

View Results

Loading ... Loading ...