პუნქტუალურობა ჩემი ტკივილია, ჩემი სუსტი წერტილი!

თითქმის ყოველთვის ყველგან დროულად მივდივარ და ვარ უმცირესობაში. რა დავაშავეთ ადამიანებმა, რომლებიც პუნქტუალურები ვართ?
მოდი, აქვე შევთანხმდეთ: დღე-ღამეში ყველას 24 სთ გვაქვს და არავინ ვართ მოცლილი, გარემო დაახლოებით ერთნაირია ყველასთვის (ტრანსპორტი, გადატვირთული გზები და ა.შ.), მაშ რატომ ხდება ისე, რომ ერთნი თითქმის ყოველთვის დროულად მოდიან, მეორენი თითქმის მუდმივად აგვიანებენ?

ერთი სიტყვით, ჩემი ამ თვისებით და გაეშმაკებული საზოგადოებისგან (როდესაც „უკვე გამოვედი“ ნიშნავს რომ ჯერ სახლშია, „ტრანსპორტში ვარ“ – გაჩერებაზე დგას, „თითქმის მოვედი უკვე“ – ახლახანს ჩაჯდა ტრანსპორტში და თუ საერთოდ არ გპასუხობს ზარზე, ე.ი. ერთი საათი ლოდინი გარანტირებულია!). გამწარებულმა გადავწყვიტე გამერკვია, მართლა ასეთი უძლეველი და უკურნებელი სენია არაპუნქტუალობა, თუ უბრალოდ არასწორად უდგებიან გამოსწორების მსურველნი? ან არ სურთ გამოსწორება, რადგან სათანადოდ არასდროს ისჯებიან და არც სინდისი აწუხებთ?

ბევრჯერ მიკითხავს მათთვის დაგვიანების მიზეზი და როგორც წესი ის არაობიექტურია ხოლმე (“ჩამეძინა”, “ბარემ ის საქმეც გავაკეთე და მერე გამოვედი”, “მეგონა მოვასწრებდი და გაჩერებამდე ვისეირნე” და ა.შ.). მუდმივი დამგვიანებელი ყოველთვის ირწმუნება, რომ ძალიან წუხს და ეცდება აღარ გაიმეოროს, რომ ეს შემთხვევით მოსდის და ის ფაქტი, რომ იცის, რომ დაველოდები და არსად წავალ, არაფერ შუაშია… რისაც მე არ მჯერა, მაგრამ ვერასდროს მივეცი თავს უფლება არ დავლოდებოდი.

რა აზრი აქვს, მაინც დამაგვიანდება
რა აზრი აქვს, მაინც დამაგვიანდება

ასეა თუ ისე, თუ გსურს პუნქტუალურობის  გამომუშავება, შენთვის კარგი ამბავი მაქვს, ეს შესაძლებელია!

წარმოიდგინე თავი მის ადგილას, ვინც გელოდება: ლოდინი თავისთავად უსიამოვნოა და რა დამოკიდებულება შეიძლება გაუჩნდეს მომლოდინეს შენ მიმართ? უნდობლობა, წყენა (დამგვიანებელი პატივს არ სცემს ჩემ დროს!)…Better Be Prompt!

პუნქტი N1: შეუთანხმდი ზუსტ დროზე

ფრაზა „მოდი, დაახლოებით 3 საათისთვის შევხვდეთ მეტროსთან“ არ გაძლევს მეტროსთან ზუსტად 3-ზე მისვლის სტიმულს (არ განიჭებს პასუხისმგებლობას), რადგან სიტყვა „დაახლოებით“ ყველამ თავისებურად შეიძლება გაიგოს, ამიტომ აუცილებელია დათქვათ ზუსტი დრო.

პუნქტი N2: შეხვედრაზე შეთანხმებისთანავე განსაზღვრე რომელ საათზე იქნები სახლიდან (პირობითად) გამოსასვლელი

თუ ამაზე წინასწარ არ იფიქრებ, მეტად სავარაუდოა, რომ ბოლო მომენტში დაიწყებ ფაციფუცს, რაც უხშირესად ხდება დაგვიანების მიზეზი. შეგიძლია დათქმული გასვლის დროისათვის მაღვიძარაც დააყენო.

db__THREE_O-CLOCK1

პუნქტი N3: ისწავლე იმის განსაზღვრა, თუ რა დრო დაგჭირდება გზაში

ეს ადვილი გასაკეთებელია, დაყავი დრო, რომელიც გჭირდება დანიშნულების პუნქტამდე მისასვლელად, პერიოდებად, მაგალითად: თავის მოწესრიგებისთვის გჭირდება 15 წთ, კარის დასაკეტად, კიბეზე (ლიფტით) ჩასასვლელად 2წთ, 5წთ ავტობუსების გაჩერებამდე (მეტრომდე…) მისასვლელად, გზას 30წთ მიაქვს, გზიდან შეხვედრის ადგილამდე კიდევ 2 წუთი გჭირდება და ა.შ. ეს შენზე უკეთ არავინ იცის, რადგან ძირითადად ეს ის მარშრუტია, რასაც თითქმის ყოველდღე გადიხარ და თუ ასე არაა, დაახლოებით მაინც ხომ იცი სად მიდიხარ? რაც ზუსტად იცი, ის დროები დააჯამე, რაც არ იცი იმისთვის:

პუნქტი N4: გამოყავი სათადარიგო დრო

გახსოვდეს, დროზე ადრე მისვლა არაა კარგი, მაგრამ ყოველთვის ჯობია დაგვიანებას, ამიტომ დაიჭირე თადარიგი, მითუმეტეს თუ იცი, რომ შეიძლება საცობში მოყვე, ტრანსპორტს დააგვიანდეს, არ გაგიჩეროს და ა.შ.

პუნქტი N5: აკონტროლე დრო – როცა ეს შეგიძლია!

On-Time-Every-Time-560x374

ტრანსპორტის მოძრაობას შენ ვერ დააჩქარებ, ასე რომ ტყუილად ნუ ინერვიულებ, ნერვიულობაში დასახარჯი ენერგია იმ დროისთვის შემოინახე, რომლის კონტროლიც შეგიძლია: იარე სწრაფად, ირბინე, მითუმეტეს როცა შუქნიშანი მწვანედ ანათებს შენ წინ, ბოლოსდაბოლოს ესკალატორზეც შეგიძლია აირბინო! მოკლედ ეცადე აკონტროლო დრო, როცა ის შენ ხელშია, დახედე საათს და გადაწყვიტე როგორი ტემპია საჭირო.

პუნქტი N6: არ მისცე საკუთარ თავს დაგვიანების უფლება

არის სიტუეციები, როდესაც შეგიძლია დაიგვიანო და ამით არ შეგექმნება არანაირი უხერხულობა ან პრობლემა, მაგრამ ასეთი მიდგომის შემთხვევაში, დროზე მისვლა გაგიჭირდება და ამგვარი მოდუნება გადაგივა ჩვევაში, ამიტომ თუ გადაწყვიტე რომ პუნქტუალური იყო, არ მისცე თავს დაგვიანების უფლება მაშინაც კი, როცა ამით არაფერი შავდება.

პუნქტი N7: საათი წინ გადაწიე

მატყუარა საათი დაგეხმარება სახლიდან ადრე გამოსვლაში და თუ დროის სწორად გადანაწილებას ისწავლი, დაე, გქონდეს რეზერვში 5-10 წთ, სათადარიგო წუთები შეიძლება დაუგეგმავი შეფერხებებისთვის გამოგადგეს.

პუნქტი N8: იფიქრე პოზიტიურად

ამბობენ, რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან თუ შენ გაიფიქრებ „არ დამაგვიანდეს“, თურმე შენი არაცნობიერი ამ ფრაზას ავტომატურად ჩამოაშორებს ნაწილაკს „არ“ და აღიქვამს მხოლოდ სიტყვას „დამაგვიანდეს“ და ყველანაირად ეცდება შეგასრულებინოს შენივე თხოვნა, ანუ ის, რაც მისგან დარჩა. საკმარისია გაიფიქრო “მოვასწრებ“, რომ ტრანსპორტიც დროზე მოვა და არც დაბრკოლებები შეგხვდება.

პუნქტი N9: თუ აგვიანებ  –  გააფრთხილე

ძალიან მარტივი და ამავდროულად მნიშვნელოვანი პუნქტი. თუ მოხდა ისე, რომ გაგვიანდება, შეატყობინე მას, ვინც გელოდება, ამით მეტ-ნაკლებად გაანეიტრალებ აგრესიას, რომელსაც შენი დაგვიანება გამოიწვევს.

C1300103_1017

პუნქტი N10: შენ დროზე შენვე ხარ პასუხისმგებელი

დანაშაულს სხვას ნუ გადააბრალებ. რა თქმა უნდა არის სიტუაციები, რომლებთანაც მართლა ვერაფერს გააწყობ, მაგრამ ასეთი იშვიათად გვხვდება (თუ სხვაგვარად ფიქრობ, კიდევ ერთხელ გადაიკითხე სტატია). უმეტეს შემთხვევაში დაგვიანებაზე პასუხისმგებელი ხარ შენ და ეს ფაქტი რეაგირების გარეშე არ უნდა დატოვო, რათა შეცდომა არ გაიმეორო… შეგიძლია ამ მიზნით ჯარიმებიც დაუწესო საკუთარ თავს.

თუ ამ პუნქტებს გაითვალისწინებ, დაგვიანების პრობლემა აღარ გექნება, ყველგან დროულად მიხვალ და მეტად დაგაფასებენ.