გენიალური და ინოვაციური აზრები ყველა ჩვენგანში ცხოვრობს, მაგრამ ყველას არ გააჩნია მათი ხმამაღლა გამოთქმის ძალა ან ზუსტად ჩამოყალიბების უნარი.

ილუზია იმისა, რომ სასაცილო გამოვჩნდებით, უყურადღებოდ დაგვტოვებენ ან შუა გზაზე გავჩერდებით და დავიბნევით, ბევრჯერ გვიშლის ხელს, რომ ზუსტად დავანახოთ დამსაქმებელს ჩვენი პოტენციალი და გავაგებინოთ, რომ მხოლოდ ბრმა და ყრუ შემსრულებელი კი არ ვართ, არამედ მოაზროვნე და შემოქმედი, რომელსაც შეუძლია რაღაც სასიკეთო გააკეთოს ფირმისთვის და ახალი სული შთაბეროს რუტინულ და მომაბეზრებელ ყოველდღიურობას.

ტიპიური სცენა რიგითი სამსახურის რიგით თათბირზე:

მონოტონურ–დემაგოგიური ტონით საუბრობს უფროსი, რომელსაც 30–ოდე თანამშრომელი გარინდებული უსმენს ან არ უსმენს, მაგრამ თვალებში უყურებს და პრაქტიკულად არ აზროვნებს. უკვე მერამდენე თათბირმა ჩაიარა ყოველგვარი შეპასუხების, აზრის გამოთქმისა თუ დისკუსიის გარეშე. შესაძლოა ვინმეს დაებადა კიდეც რაიმე საწინააღმდეგო აზრი, ან ძველი იდეის უკეთესი, განახლებული ვერსიის შეთავაზება მოინდომა, მაგრამ ვერ სძლია საკუთარ თავს და ვერ თქვა სათქმელი საჯაროდ.

რატომ ხდება ასე? ვისი გვეშინია?

აბა დაფიქრდით, ყოფილა კი ისეთი შემთხვევა, რომ განსხვავებული აზრის კორექტულად გამოთქმისთვის ვინმე გაეთავისუფლებინოთ ან დაექვეითებინოთ? – არა.

ამ შემთხვევაში, ნორმალურ და ცივილიზებულ სამსახურს ვგულისხმობ, სადაც თავისუფალი აზრი და სიტყვა არ იზღუდება. თორემ თუ კი თქვენს სამსახურში ერთპიროვნული დიქტატია დამყარებული და ხმა არავის ამოეღება, გირჩევნიათ ამ წუთასვე დაწეროთ განცხადება და წამოხვიდეთ, რადგან წინსვლა და დაწინაურება მანდ ნამდვილად არ გელოდებათ.

მაშ რისი გვეშინია? სისულელის წამოროშვის, დაცინვისა და ირონიის? ვინც არ საუბრობს, ის ვერც სიბრძნეს იტყვის და ვერც სისულელს, ასე რომ, თამამად გამოთქვით აზრი, რადგან თქვენ უსმენთ უფროსს და ფიქრობთ მის სიტყვებზე, ფიქრობთ სამსახურის საკეთილდღეოდ და თქვენთვის სულ ერთი არაა რა გზით წავა ფირმა. იქნებ სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელმაც უნდა გამოიყვანოს საერთო საქმე ახალ ასპარეზზე და შექმნას იმგვარი ინოვაციური და განსხვავებული ხედვა, რაც ჯერ არავის და არასდროს გაუკეთებია?

ნურც იმის შეგეშინდებათ, რომ ჯერჯერობით არ გაქვთ ზუსტად ჩამოყალიბებული და დალაგებული გეგმა, შესაძლოა ერთმა წინადადებამ და წამოწყებულმა დიალოგმა თუ კამათმა მიგიყვანოთ ისეთ ჭეშმარიტებამდე და იმგვარ შედეგამდე, რასაც თავადაც არ ელოდით.

მრავალი კვლევის თანახმად, ადამიანების ნომერ პირველი შიში არის საჯაროდ საუბარი, მეორე კი – სიკვდილის შიში (ჯერი სინფელდი). როგორ ფიქრობთ, ეს ნორმალურია? განა მუდმივად ჩრდილში და შიშის ქვეშ ყოფნა არის თქვენი არჩევანი? ამისთვის იღებდით განათლებას? ამისთვის იღწვოდით საოცნებო სამსახურის მოსაპოვებლად, რომ შემდეგ, კუთხეში მორცხვად მჯდარს მხოლოდ შემსრულებლის როლი გეთამაშათ?

მაშ მოკალით თქვენში ეს ინტროვერტი, რომელიც გთრგუნავთ და თვითგამოხატვის უფლებას გიზღუდავთ, რადგან იდეა თქვენში ცხოვრობს, მიეცით მას დაბადების საშუალება და ნუ ჩააქრობთ მას ჩანასახშივე. ნუ მოგერიდებათ თამამად აზროვნების და თქვენი აზრის გამოთქმის.

ითამაშეთ, როგორც სრულუფლებიანმა მოთამაშემ, ნუ დარჩებით პაიკად, რომლის არსებობასაც ვერავინ ამჩნევს, თქვით თქვენი სიტყვა და დაარწმუნეთ გარშემომყოფნი, რომ ამ სიტყვას წონა აქვს და ღირს მოგისმინონ. მოერიეთ თავს და ილაპარაკეთ გაბედულად, დამაჯერებლად, მშვიდად.

გახსოვდეთ, რომ თუკი საკუთარ პრობლემას და კომპლექსს ვერ სძლიეთ, ვერავინ ვერასდროს განდობთ ვერც სერიოზულ საქმეს და ვერც პრობლემას გადასაწყვეტად. არისტოტელე, ისააკ ნიუტონი, უინსტონ ჩერჩილი – მათ გადალახეს შიში პუბლიკის წინაშე გამოსვლისა და მსოფლიოს დაამახსოვრეს თავი, რატომ არ უნდა სცადო შენ?