ავტორი: ირინა ტაბუციძე, ფსიქოლოგი

სიტყვა „sale“-ს შინაარსი რომ გესმოდეს, სულაც არაა აუცილებელი ინგლისური ენა იცოდე, საერთოდ, არანაირი უცხო ენის ცოდნა არ არის საჭირო, ამისთვის, უბრალოდ, ქალი უნდა იყო. როგორ შეიძლება ეს სიტყვა გაჩნდეს მაღაზიის ვიტრინებზე და სახლში მშვიდად იჯდე? მითუმეტეს, თუ ხელფასი ახალი აღებული გაქვს, ერთი–ორი საკრედიტო ბარათიც გიდევს საფულეში, ან, სულაც, დიდი ხანია ამ დღისთვის აგროვებ. ერთი რამ ზუსტად იცი – რაღაცას აუცილებლად იყიდი. მერე ვინ თქვა, რომ ამ „რაღაცას“ კონკრეტული ფერი, ფორმა და ტექსტურა აქვს? – სულ ერთია, უბრალოდ თავს ვალდებულად თვლი დიდი ფასდაკლებების დროს სხვების მსგავსად შენც იყიდო რამე.

tumblr_mh3nefzTyT1qfx5g3o1_400

რამდენიმე წელია ჩვენს ლექსიკონში სიტყვა „შოპინგი“ და „შოპოჰოლიზმი“ გაჩნდა. აქ ძალიან არ ჩავუღრმავდები და ფსიქიატრებისთვის ნაცნობ ტერმინს „ონიომანია“–ს არ გამოვიყენებ, რაც ყიდვის, შეძენის უკონტროლო სურვილზე მიუთითებს, უამრავი გართულებები ახლავს თან და სპეციალისტების გარეშე ამ მოთხოვნილების კონტროლი პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩვენ ვისაუბრებთ ხალხზე, რომელთაც ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების ყიდვა უზომო სიამოვნებას ანიჭებს. მათ შეუძლიათ მაღაზიებში დღეში რამდენიმე საათი გაატარონ, დახარჯონ ბოლო თეთრამდე ისე, რომ სინანულის გრძნობა არ გაუჩნდეთ და შეუძლიათ ასეთ პირობებში ნაყიდი ნივთი გაუხსნელად შეინახონ ტანსაცმლის კარადაში მომავალ დიდ ფასდაკლებამდე, ისე, რომ არც გაახსენდეთ. მოკლედ, ლაპარაკია ჭეშმარიტ „შოპოჰოლიკებზე“.

tumblr_mh5optsnlU1qkww7to1_500

ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ ქალების დიდი ნაწილი „შოფინგით“ ნერვულ აშლილობას მკურნალობს. ხანდახან საფულის ბოლომდე დაცარიელება და „ათასი სისულელის“ ყიდვა მართლაც იძლევა განკურნების ეფექტს. ფულის დაბანდების ეს მეთოდი შოკურ თერაპიას გავს. ჩნდება განცდა, რომ ყველაფერი ნებადართულია, შეგიძლია ცვლილებები შეიტანო შენს გარდერობში და სწრაფად გამოხვიდე იმ სტრესული მდგომარეობიდან, რომელიც სამსახურში ან პირად ცხოვრებაში შეგემთხვა. სხვათაშორის, ასეთ ეფექტს ქალი ვერ აღწევს პროდუქტების ყიდვისას, არაც არ უნდა დიდ და ლამაზ სუპერმარკეტში შევიდეს. შენაძენი შენს სტილს და იმიჯს უნდა უსვამდეს ხაზს, ან სულაც რადიკალურად ცვლიდეს – სწორედ ასეთ შენაძენს შეუძლია კმაყოფილების მოტანა.

marc-jacobs-hat-box_large

ამერიკელმა ფსიქოლოგებმა გამოიკვლიეს, რომ ქალები, რომლებიც კვირაში 17 საათს მაინც ატარებენ მაღაზიებში და 200 დოლარზე მეტს ხარჯავენ, უფრო ძლიერები და ჯანმრთელები არიან. „შოპინგის“ მოყვარულების დიდი ნაწილი ძალიან თავდაჯერებულია და იშვიათად აწუხებს დეპრესია. თუმცა ასეთ ადამიანებს საყვარელი საქმიანობა რომ აუკრძალო, ერთგვარი აბსტინენციური სინდრომი უნვითარდებათ, რაც, თავის მხრივ, დათრგუნვას, აგრესიულობას, თავის ტკივილებს და სხვადასხვა გართულებებს იწვევს. სხვათაშორის ამერიკელმა ფსიქოლოგებმა ისიც დაადგინეს, რომ „შოფინგოლიკთა“ რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.

როგორ მოვიქცეთ მაშინ, თუ ყიდვაზე დამოკიდებულებამ სერიოზული პრობლემები შეგვიქმნა (არა მარტო ჩვენ, არამედ ჩვენს ბიუჯეტსაც)?

tumblr_mh1n1oRAxc1rblla0o1_500

შემიძლია რამდენიმე რჩევა მოგცეთ, რაც პრობლემებს თავიდან აგაცილებთ:

  • მაღაზიებში წასვლამდე ჩამოყალიბდით, რისი ყიდვა გინდათ. მაგალითად, გინდათ ფეხსაცმელი?– ხოდა, ნუ გაიხედავთ იმ დახლებისკენ, სადაც ფეხსაცმელი არ აწყვია;
  • გადაიხადეთ ნაღდი ფულით. ბარათით სარგებლობა კონტროლს გაკარგვინებს, ვერ ხედავ რეალურ დანახარჯს და ცარიელ ჯიბეს;
  • ნუ შეხვალთ მაღაზიებში უმიზეზოდ, უბრალოდ დასათვალიერებლად და დროის გასაყვანად;
  • შეეცადეთ “sale” კიდევ ერთი უსარგებლო ნივთის ყიდვის მიზეზი არ გახდეს.

შეიძლება ფიქრობთ, რომ ეს რჩევები თქვენთვის ზედმეტია, უბრალოდ ახალი ნივთების ყიდვა გსიამოვნებთ და სულაც არ ხართ ავად „შოფინგოლიზმით“. მაგრამ ნურაფერზე დადებთ თავს, თუ შესაფერისი პირობები არ შეგქმნიათ.

tumblr_mh21awXxdz1rqiiyfo1_500

დიდ ხანს მეგონა, რომ ფულის დაბანდების ზემოთხსენებულ მეთოდს საკმაოდ გონივრულად ვიყენებდი. მაგრამ საკუთარ თავზე წარმოდგენა შემეცვალა, როცა ერთ–ერთ მეგაპოლისში მსხვილ სავაჭრო ცენტრში აღმოვჩნდი. მქონდა დრო, სურვილი, ფული, ბრენდ–მაღაზიები და დიდი ფასდაკლების პეროიდი. ისეთი აზარტი გაჩნდა, იმდენი ადრენალინი გამომეყო, ალბათ პირველყოფილ ადამიანებს ნადავლის დანახვაზე თუ მოსდიოდათ ასე. მოკლედ, უძველესმა ინსტიქტებმა იჩინა თავი და მეც ტიპიურ „შოფინგოლიკად“ ვიქეცი. კარგი თერაპია იყო.