თვითშეფასება უცნაური რამაა. შეუხედავი არსებები შეიძლება თავს დედოფლად გრძნობდნენ, ხოლო “მის მსოფლიო” ღამით საკუთარი არასრულყოფილების გამო სასთუმალსა და ბალიშს ასველებდეს.

ბედის ირონიაა, მაგრამ მართალია, რომ თავდაჯერებულობა (ან მისი ნაკლებობა) ყალიბდება მთელი სიცოცხლის მანძილზე ჩვენდამი  სხვა ადამიანების (მშობლების, დედმამიშვილების, ზემდგომთა, გარშემომყოფთა და ა.შ.) დამოკიდებულებისა და მიდგომის  შესაბამისად.

თვითშეფასების შეცვლა შესაძლებელია და ამის ძალა მხოლოდ ჩვენ შეგვწევს – იმ გადაწყვეტილებებითა და ნაბიჯებით, რომელთაც ვდგამთ.

უპირველესად, საჭიროა დავადგინოთ, თუ სად არის დამარხული ძაღლის თავი!

ყველაფერი იმ ფსიქოლოგიური გზავნილების ბრალია (ან დამსახურებაა – ვისთვის როგორ), რომლებსაც მთელი ცხოვრების მანძილზე გვაწვდიდნენ და ჩვენც  ვიღებდით. ნეგატიურ მესიჯთა რაოდენობა უკუპროპორციულია თვითშეფასების ზრდისა. რაც მეტია მათი რაოდენობა – მით უფრო ნაკლებია ჩვენი თავდაჯერებულობა.

სინამდვილეში კი  ყველა თანასწორია და დღეს შეუხედავი, შეიძლება ხვალ ულამაზესად მოგვევლინოს (გაიხსენეთ “მახინჯი იხვის ჭუჭულის” ზღაპარი). ამიტომ, ნუ მივენდობით სხვებს ამ საკითხში, რამდენადაც ისინი ცდებიან და ჩვენც, შესაბამისად, სიცოცხლის ბოლომდე სიცრუის გვჯერა.

თუ გსურთ თვითშეფასების ამაღლება,  შესაძლოა შემდეგი რჩევები დაგეხმაროთ:

  • აღიქვით ფაქტები სწორად.

შეეცადეთ რეალისტურად და დაბალანსებულად შეადაროთ საკუთარი თავი სხვებს. ადამიანები, რომლებიც საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებში რწმენის ნაკლებობას განიცდიან, ნეგატიური ჭრილიდან იმზირებიან; მეორენი – პირიქით, ცაში იყურებიან და ვარსკვლავების სილამაზის შეფასებისას ვერ ამჩნევენ მიწაზე არსებულ ტალახს. სხვებსაც ზემოთ აცქირებენ.

სიმართლე კი ისევე ცხადია, როგორც ის, რომ მედალს ორი მხარე აქვს – არავინაა სრულყოფილი.

  •  ეცადეთ ადამიანებისაგან პოზიტიური უკუკავშირი მიიღოთ იქ, სადაც შესაბამისია ან დრო იმ ადამიანებთან გაატარეთ, ვინც ამას თხოვნის გარეშე გთავაზობთ.
  • არ დაჩაგროთ თავი. პატივი ეცით თავს და არ თქვათ უარი ქებასა და აღიარებაზე. როდესაც კომპლიმენტს გეუბნებიან – შეიფერეთ.
  • არ შეეპუოთ იმ ადამიანების კომენტარებს, რომელთაც თქვენი თვითშეფასების დამდაბლება სურთ. არ მისცეთ სხვებს იმის უფლება, რომ თავი უღირსად ან უვარგისად გაგრძნობინონ. შესაბამისად, ან ირონიული ღიმილით “გაატარეთ”, ანდა სათანადო პასუხი გაეცით, რომ მეორედ მსგავსი რამ აღარ შემოგკადრონ.

დაიმახსოვრეთ, რაც არ უნდა თქვან სხვებმა (მაშინ, როდესაც თავადვე განიცდიან დაბალ თვითშეფასებას და ცდილობენ ამის თქვენზე გადმოტანას): იცოდეთ თავის ფასი. დაიჯერეთ საკუთარი ძალებისა და წინ, ბედნიერი მომავლისაკენ.

უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისათვის, ელოდეთ შემდეგ სტატიებს.