ჩვენ უკვე გადავდგით პირველი ნაბიჯები თვითშეფასების ასამაღლებლად. ვინც გვიან შემოგვიერთდით, იხილეთ ნაწილი პირველი და ნაწილი მეორე. ვაგრძელებთ სასარგებლო რჩევების ჩამონათვალს.

1. შეხედეთ თვალებში თქვენს შიშს და ისწავლეთ შეცდომებიდან. 

ჩვენ მხოლოდ მაშინ ვაფლავებთ საქმეს, როდესაც არ ვცდილობთ ბოლომდე და დროზე ადრე ვყრით ფარ-ხმალს. ნებისმიერი სიტუაციიდან შეიძლება რაღაც ვისწავლოთ, განსაკუთრებით შემთხვევებიდან  – როდესაც რაღაც ისე არ მიდის, როგორც ვგეგმავდით. ეს ცოდნა კი სამომავლოდ აუცილებლად გამოგვადგება. ამიტომ, წაქცეულზე ერთით მეტჯერ თუ წამოდგები, ყველაფერი კარგად იქნება.

2. შეწყვიტეთ ნეგატიურად აზროვნება.

ყველაფერს შეხედეთ პოზიტიური ჭრილიდან. “თვით-სრულყოფის მოძღვრების” მიხედვით, რასაც დაიჯერებ საკუთარი თავის შესახებ, არ აქვს მნიშვნელობა, თუნდაც სრული სისულე იყოს, ადრე თუ გვიან ჭეშმარიტებად იქცევა. ალბათ გაგიგიათ: “შეძახილმა ხე გაახმოო”. თუ შთააგონებთ თავს, რომ უნებისყოფო ბრძანდებით, ვერასოდეს მიაღწევთ საწადელს. ამიტომაც, მიეჩვიეთ პოზიტიურად აზროვნებასა და ამ ნააზრევის გამოხატვას. ჩაიხედეთ სარკეში და აღნიშნეთ ის ნაწილები, რომლებიც ძალიან მოგწონთ. მაგალითად, “უი, რა ლამაზი ცხვირი მქონია”… იქნებ თქვენი ჭორფლები მოგწონთ – არ მოგერიდოთ, შეიქეთ თავი. არ ჩაეძიოთ ნაკლოვანებებს. გაიღიმეთ.

3. აიმაღლეთ თავდაჯერებაც.

ეს კი იმ საქმეების კეთებით შეგიძლიათ, რომლებიც თავს ბედნიერად გაგრძნობინებენ. რაღაცის წარმატებით გასრულება გასაღებია თვითრწმენისაკენ მიმავალი კარიბჭისა. შეცდომებისაც არ შეგეშინდეთ, ყველა ცდება.

4. ჰქმენით ისეთი რამ, რაც თავადაც გაგაოცებთ.

მაგალითად – დაეხმარეთ ბავშვთა სახლის მომვლელებს ობლებზე მზრუნველობაში. მოხალისეობისათვის არავინ მოგცემთ საზღაურს, მაგრამ თავს უკეთ იგრძნობთ კეთილი საქმის კეთებით. გაასეირნეთ თქვენი უმცროსი დედმამიშვილები. დაეხმარეთ სხვებს. ჩაეწერეთ სხვადასხვა წრეებზე. ისწავლეთ რამე ახალი. შეგიძლიათ უფრო გაბედულები გახდეთ და სცადოთ ისეთი რაღაცები, რასაც ადრე არ გიკეთებიათ, მაგალითად, დასხედით ამერიკულ მთებზე, სცადეთ მთამსვლელობა (რა თქმა უნდა, ინსტრუქტორთან ერთად). წინ! – ახალი თავგადასავლისაკენ. ამოიგდეთ თავიდან ძველი მოვლენები და ამბები. დატკბით წამით.

5. არ იდარდოთ  “სრულყოფილებაზე.”

ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, რამდენი ადამიანიცაა, იმდენი განსხვავებული წარმოდგენა და დამოკიდებულებაა. არავინაა სრულქმნილი სხვის თვალში. სანაცვლოდ, იზრუნეთ მიზნების მიღწევაზე. მაგალითად, იარეთ ხელოვნების გაკვეთილებზე.  ვიზუალური არტი გეხმარება თავის შეცნობასა და საკუთარ არასრულყოფილებაში სრულყოფილების პოვნაში.

6. ისწავლე თავის დაფასება.

ყველას გვაქვს უპირატესობები და ნაკლულოვანებები, სიძლიერე, სისუსტე, წეს-ჩვეულებანი, რომლებიც განსაზღვავენ თუ ვინ ვართ და რას წარმოვადგენთ. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ ღირსებებზე ფოკუსირებას, ხოლო მცირე – მათ, რომლებიც არ მოგწონთ. როდესაც დაიწყებთ უპირატესობების ძიებას, საქმეც გამოგიჩნდებათ და სისუსტეებზე დარდისათვის დრო აღარ დაგრჩებათ.

7. დააჯილდოვეთ თავი წარმატების მიღწევისას.

ოცნებებისა და ჩანაფიქრების ასრულების დროა! დაიჯერეთ საკუთარი თავის, შესაძლებლობებისა და სხვებიც, აგრეთვე, მოგენდობიან. როდესაც რაიმე საამაყოს მოიმოქმედებთ, ყოველთვის აღნიშნეთ – თქვენ ამას იმსახურებთ!