დაგჭირდებათ ფურცელი და კალამი.

დავალების შესასრულებლად საჭირო დრო – 30 წუთი.

გავიზარდეთ, გავხდით დამოუკიდებლები, მაგრამ ვაგრძელებთ დედის წესებით ცხოვრებას, ვერ ვაცნობიერებთ რა, თუ როგორ გვამუხრუჭებენ ისინი ჩვენს წამოწყებებში.

ფურცლის შუაში ჩამოუსვით ხაზი. მარცხენა ნაწილში განაგრძეთ შემდეგი ფრაზები:

კარგი გოგო ყოველთვის _________.

ქალის მთავარი მოვალეობაა _________.

ჩემი “დონის” ქალი ვალდებულია _________.

მამაკაცი ამჯობინებს ქალს, რომელიც/რომელსაც _________.

გაიხსენეთ დედის “ოქროს სიტყვები”, რომელთა მოსმენაც ბავშვობასა თუ ახალგაზრდობაში გიწევდათ.

ნახეთ, რა გამოვიდა: გაიაზრეთ თქვენს მიერ დაწერილი ფრაზები, შეჩერდით თითოეულ პუნქტზე, წარმოსთქვით ხმამაღლა და მიაყურადეთ თქვენს გრძნობებს: იქნება ეს უიმედობა, მოწყენილობა, სიბრაზე, სიამაყე და ა.შ.

ახლა კი მარჯვენა განყოფილებაში თითოეული პუნქტის გასწვრივ დაწერეთ ფრაზა, რომელიც შეიცავს პირველი პირის ნაცვალსახელებს (მე, ჩემი, ჩემთვის და ა.შ.) და აზრობრივ გაგრძელებას წესისა, შემდგარს თქვენივე დამოკიდებულებისაგან. ფრჩხილებში აღნიშნეთ დაკავშირებული ემოციები. მაგალითად:

“ქალის ადგილი სამზარეულოშია”–  “მე ქალი ვარ და ჩემი ადგილი იქაა, სადაც თავად მინდა!” (ამაყი).

ან

“კაცებს არ უყვართ ჭკვიანი ქალები”– “მე ვცდილობ, იმაზე სულელად მოვაჩვენო ხალხს თავი, ვიდრე ვარ” (მოწყენილი).

დააკვირდით, რა გამოგივიდათ? როგორი გრძნობები გეუფლებათ? ვისი წესებით ცხოვრობთ?

გასაღები

ბავშვები ღრუბელივით არიან, ყველაფერს იწოვენ უფროსებისაგან, განსაკუთრებით – მათ დანაწესებს. ფსიქოლოგიაში ამ პროცესს ინტროეცირება ეწოდება, ხოლო ჩვენს მიერ გათავისებულს – ინტროექტები. ინერციით დედის წესებით ვაგრძელებთ ცხოვრებას, ისე რომ, არც კი ვამოწმებთ პირად ცხოვრებასთან მათს შესაბამისობას.

ყველა ინტროექტი ცუდი არ არის, მაგრამ ზოგიერთი მათგანი გადახედვას საჭიროებს, რათა ავირჩიოთ სასარგებლო და უარი ვთქვათ მავნე ჩვევებსა თუ წარმოდგენებზე. ჩვენს ცხოვრებას ჩვენ თავადვე ვქმნით!