დაგჭირდებათ ფურცელი, კალამი და ადგილი, სადაც შეძლებთ ხმამაღლა ილაპარაკოთ, ისე, რომ არავის შეუშალოთ ხელი.

დავალების შესასრულებლად საჭირო დრო – 20 წუთი.

ჩამოაყალიბეთ კრედო (სლოგანი, დევიზი), რომელიც განსაზღვრავს თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპს. ის, რაშიც დარწმუნებული ხართ და/ან რისიც გჯერათ, რომ თქვენი უმთავრესი დანაწესია. ჩაწერეთ.

ახლა, ცოტა ვიცელქოთ. წარმოსთქვით ფრაზა განსხვავებული ინტონაციებით: მხიარულად, მოწყენით, მატრაკვეცულად, ხმით, რომელიც არაფერს გამოხატავს (დანარჩენი თქვენი ფანტაზიისათვის მომინდია).

შემდგომ, ისე გაახმოვანეთ, რომ ფრაზის თითოეული სიტყვაზე გააკეთოთ აქცენტი.

მაგალითად:

ქალის ადგილი სამზარეულოშია” – ჯერ მახვილი გააკეთეთ პირველ სიტყვაზე. მერე – მეორეზე -“ქალის ადგილი სამზარეულოშია”. შემდგომ -“ქალის ადგილი სამზარეულოშია“. და ასე, სანამ თქვენი კრედოს შემადგენელ ყველა სიტყვაზე არ შეჩერდებით.

შეეცადეთ პასუხი გასცეთ შემდეგ შეგითხვებს:

– რომელ სიტყვასა თუ ინტონაციაზე გაგიჩნდათ განსაკუთრებული შინაგანი რეაქცია?

– ვის შეუძლია ეს ფრაზა გითხრათ?

– როგორ უპასუხებდით ამ წინადადებაზე?

–  რომელი სიტყვის შეცვლს ისურვებდით და რატომ? რას დაამატებდით? წარმოსთქვით ფრაზა ახალი ფორმულირებით.

გასაღები

ჩვენ ვცხოვრობთ იმ ნორმების დაცვით, რომლებსაც ოდესღაც ყური მოვკარით გარშემომყოფთაგან. ეს წესები იმდენად ავტომატურად და ქვეცნობიერად მოქმედებენ, რომ აზრადაც არ მოგვდის მათი გადახედვა-გადაფასება. გვჭირდებიან კი საერთოდ? ხომ არ გვზღუდავენ? ინტროექტები – ფრაზები, რომლებიც ისე ღრმად გვაქვს გამჯდარი, რომ ხშირად ჩვენივე გვგონია, გვართმევენ მოქნილობის შესაძლებლობას, გვზღუდავენ და არ უშვებენ ჩვენამდე არანაირ ალტერნატივას. არადა, რა მრავალფეროვანია ცხოვრება?!

ვარჯიში გვაძლევს საშუალებას ამოვქექოთ ერთ-ერთი ასეთი ინტროექტი და დავფიქრდეთ, ღირს თუ არა მოცემულ საკითხთან დაკავშირებით აზრის შეცვლა.