Home მოტივაცია & პოზიტივი

ბევრ ჩვენგანს გვქონია შანსი წავსულიყავით სამოგზაუროდ ქვეყნის შიგნით თუ საზღვარგარეთ, მაგრამ ამ შესაძლებლობებისთვის არაერთხელ გვითქვამს უარი იმის გამო, რომ ვერავინ ავიყოლიეთ და დავიმგზავრეთ.

ერთხელაც ჩემს მოუცლელ მეგობრებზე განაწყენებულმა გადავწყვიტე, რომ მარტო წავსულიყავი ექსკურსიაზე და მივხვდი, რომ ეს იყო ყველაზე სწორი და მაგარი გადაწყვეტილება. მას შემდეგ ჩემი ყოველი მარტო გასვლა იწვევს კითხვებს: “მარტო არ გეზარება/გეშინია?”, “ეგრე როგორ ერთობი?”, “რა მუღამი აქვს მარტო მოგზაურობას?” და ა.შ.

ვეცდები, დაგისაბუთოთ რამდენიმე კონკრეტული ფაქტით, თუ რა ხიბლი აქვს და რატომ ჯობია მარტო მოგზაურობა.

პრიორიტეტი ეს შენ ხარ!

მარტო მოგზაურობა ის იშვიათი მომენტია, როდესაც შენი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტი შენი თავი და შენი სურვილებია. დატკბი ამ მომენტით. შენი ერთადერთი მიზანია, იზრუნო საკუთარ თავზე. მოუსმინო მას და აისრულო ის, რაც ყველაზე ძალიან გინდა.

მარტო ყოფნა არ ნიშნავს მარტოობას

მარტო სამოგზაუროდ წასულ ადამიანს რაღაცატომ აღიქვამენ მარტოსულად, რომელსაც მეგობრები არ ჰყავს. ეს ასე სულაც არ არის. ჩემს პირად მაგალითზე გეტყვი, რომ უამრავი მეგობარი მყავს და ყოველი მოგზაურობა ახალი მეგობრებით სრულდება.

მოგზაურობა საუკეთესო შანსია ახალი ადამიანების გასაცნობად, ახალი მეგობრების შესაძენად.

გაიცანი საკუთარი თავი

ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამშრომლები და ის ადამიანები, ვინც ჩვენს გარემოცვას წარმოადგენებ, ხშირად არ გვაძლევენ საშუალებას უკეთ გავერკვეთ საკუთარ თავში. მარტო მოგზაურობა კი ამის საუკეთესო გზაა. გავიცნოთ და შევიყვაროთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ვართ.

სპონტანურობა ხდის ცხოვრებას საინტერესოს

თუ მოგზაურობისას წინასწარ განსაზღვრულ მარშრუტს გადაუხვევ, ამით არავის გაანაწყენებ, იმიტომ რომ შენ მარტო ხარ და არავისთან გაქვს ვალდებულება ამა და ამ დროს მიხვიდე ვახშამზე, 10 წუთში შეწყვიტო მზის ჩასვლის ცქერა ან დაღლილობის გამო უარი თქვა კიდევ 7 კმ ფეხით გავლაზე. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ სპონტანურ გადაწყვეტილებას მიიღებ შენივე კომფორტისა და ინტერესების დასაკმაყოფილებლად.

მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა

როდესაც ჯგუფთან ერთად მოგზაურობ, არ აქვს მნიშვნელობა ჯგუფის წევრების რაოდენობას, უნებურად დამოკიდებული ხარ მათზე. ჯგუფს არ უნდა ჩამორჩე, თუმცა მოგზაურობა ხომ ახალი აღმოჩენებისთვისაა. ხშირად ის რაც სხვებისთვის შეუმჩნეველი რჩება, შენთვის ძალიან საინტერესო და მიმზიდველია. ზოგჯერ ეს ხელოვნების ნიმუშია მუზეუმში ან ხეებს შორის გაბმული ობობას ქსელი ბოტანიკურ ბაღში. მარტო მოგზაურობა კი საშუალებას გაძლევს ბოლომდე შეიგრძნო სამყარო, ბუნება და გარემო სადაც მოგზაურობ.

 

იგემე დაკარგვის გემო

თუ უცებ აღმოაჩენ რომ ეს ადგილი არ გეცნობა, ვერც რუკაზე პოულობ და არც ინტერნეტი გაქვს, ნუ ჩავარდები პანიკაში. ნამდვილი თავგადასავალი აქ იწყება. დაუცველობა ადრენალინის საუკეთესო წყაროა.

მე პირადად ყველაზე საინტერესო ადგილები სწორედ დაკარგულს აღმომიჩენია. ასეთ დროს შენ მხოლოდ საკუთარ თავზე ხარ დამოკიდებული, შენს ინტუიციასა და შესაძლებლობებზე.

დროებითი ურთიერთობები

მხოლოდ იქ და იმ მომენტში გრძნობ მის გვერდით თავს კარგად, არა – ძალიან კარგად, თუმცა ამ ურთიერთობის მომავალს ვერ ხედავ. მხოლოდ ამ მიზეზის გამო ნუ იტყვი ურთიერთობებზე უარს. მომავალში ის საუკეთესო მოგონებად იქცევა.

მოგვიყევი შენი მარტო მოგზაურობის შესახებ.

1 კომენტარი to this post
  1. ჩემი თავი გამახსენა მარტო მოგზაურობა …. და შემდეგ კითხვები “მარტო არ გეზარება/გეშინია?”, “ეგრე როგორ ერთობი?”, “რა მუღამი აქვს მარტო მოგზაურობას?” დაუვიწყარი და ყველაზე მაგარია მარტო მოგზაურობა…!!!!!

შენ რას იტყვი?