Home მოტივაცია & პოზიტივი

ჩვენ ყველა ვიბადებით საზოგადოებაში, სადაც საკმაოდ მკაცრად და დიდი ხნის განმავლობაში ჩამოყალიბებული წესები, აღქმები და სტანდარტებია. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ განვსხვავდებით, საზოგადოებაში თითქოს ჩვენი ადგილი აღარ რჩება და თავს მარტო ვგრძნობთ.

გენდერული იდენტობა არის პიროვნების მიერ საკუთარი თავის აღქმა და მიკუთვნებულობა კონკრეტულ სქესთან, რომელიც შესაძლოა არ ემთხვეოდეს არსებულ ფიზიოლოგიურ/ბიოლოგიურ სქესს და ამ სქესისთვის დამახასიათებელ ვიზუალურ მახასიათებლებს.

საზოგადოება ცნობს მხოლოდ ორ სქესს – მდედრობითს და მამრობითს.
ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ასევე გენდერნეიტრალურის (გენდერბინარული) და ტრანსგენდერის ცნებაც.

თითოეულ ჩვენგანს (ხშირ შემთხვევაში) გენდერული იდენტობა და მისი აღქმა სამ წლამდე ასაკში გვიყალიბდება, შემდეგ კი ამ ცოდნასთან ერთად ვაგრძელებთ ცხოვრებას.

თუმცა სრულიად არ არის აუცილებელი იყო ტრანსგენდერი (ტრანსსექსუალი) ადამიანი იმისათვის, რომ საზოგადოებამ არ მიგიღოს და ძალიან ბევრი იარლიყი მოგაწებოს.

ყველას გაგვიგია გამოთქმა ყვერებიანი ქალი, ქალივით კაცი (“ქალოია”) და სხვა ეპითეტები, რომელიც საზოგადოების დამოკიდებულებაა განსხვავებული ქცევის ადამიანებისადმი.
მხოლოდ იმიტომ, რომ ექსტრემალური სპორტის სახეობები მომწონს, ხშირად მომისმენია ისეთი კომენტარები, როგორიცაა:

“გოგო რომ ყელამდე ტალახში იქნება ამოზელილი ის  ქალია?”
“ძმა ხარ!”

ბავშვობაში ქვედაბოლოთი ხეზე აცოცებას რომ არ ვთაკილობდი, “ახტაჯანას” და “ქაჯანას” ზედმეტსახელითაც შევუმკივარ გარშემომყოფებს.

მასწავლებლებს ხშირად მოუციათ შენიშვნა რომ გოგო ეგრე არ იქცევა, გოგო დინჯია, გოგო მშვიდია, გოგო “ეგეთ” სიტყვებს არ იყენებს, გოგო ბიჭებს თავს არ უყადრებს.

ასეთი დამოკიდებულება და შეგონებები ბავშვობიდან ძალიან დიდ ბარიერად გვხვდება.

საზოგადოება უკუაგდებს ნებისმიერ ქცევას, ჩაცმულობას და ცხოვრების წესს, რომელიც მკვეთრად არ gay_flag-svgარის განსაზღვრული და არ მიეკუთვნება მდედრობით ან მამრობით ქცევის მოდელს.

არადა იყო განსხვავებული – ნორმალურია, იმიტომ რომ ნორმა მხოლოდ ისაა, რაც ჩვენ კომფორტს გვიქმნის და ბედნიერებას გვანიჭებს!

ერთადერთი ადამიანი, ვისაც ყველაზე სწორად და უშეცდომოდ შეუძლია განსაზღვროს შენი გენდერული იდენტობა, ხარ შენ!

მე ქალი ვარ, მაგრამ არ ვთვლი რომ უნდა მოვერიდო ექსტრემალურ სპორტს, არ გამოვიყენო ის სიტყვები და ფრაზები რომელიც მინდა და რომელსაც საზოგადოება ქალისთვის შეუფერებლად მიიჩნევს. მე ქალი ვარ და დარწმუნებული იმაში, რომ ზუსტად იმდენად კარგი ვარ რამდენადაც ნებისმიერ სხვა ადამიანი განურჩევლად სქესისა თუ გენდერული იდენტობისა.

შესაძლოა გარემოს, აღმზრდელების და ზოგადად ცხოვრების წესის გამო, პატარა ასაკში ვერ მოახდინე საკუთარი თავის იდენტიფიცირება, თუმცა ეს ახლაც არ არის გვიან და შეგიძლია მარტომ, ან პროფესიონალის დახმარებით აღმოაჩინო საკუთარი თავი.

  • ყოველ ჩვენგანს სჭირდება იმის ცოდნა, რომ მიგვიღებენ;
  • უნდა ვიცოდეთ, რომ კარგები ვართ, მიუხედავად ჩვენი გენდერული თუ სექსუალური იდენტობისა;
  • არ დაგავიწყდეს – არაფერია სამარცხვინო იმაში, რომ მოგწონდეს საკუთარი თავი!
  • ყველას გვინდა რომ გვიყვარდეს და ვუყვარდეთ განურჩევლად ჩვენი გენდერული თუ სექსუალური იდენტობისა და მეტსაც გეტყვით – ჩვენ ყველა ვიმსახურებთ ამას!

საზოგადოება ჩაგრავს მამაკაცებს იმის გამო, რომ ისინი “ნაკლებად კაცურები” არიან და ვერ აკმაყოფილებენ “ძლიერი სქესის” მოთხოვნებს.

ქალებს ჩაგრავენ იმის გამო, რომ ისინი ნაკლებად ქალურები და დამყოლები არიან, არ ფიქრობენ ოჯახზე, ბავშვებზე და საკუთარი ინტერესები, თუ მისწრაფებები გააჩნიათ, ზოგჯერ იმის გამოც, რომ ისე არ იცვამენ როგორც ქალს შეეფერება.

ეზოში ბიჭები არასოდეს გვეთამაშებოდნენ დედაშვილობანას, ბიჭების საქმე არ იყო, თუმცა შეიძლება ძალიანაც უნდოდათ. ამიტომ გოგოები ვირგებდით ყველა როლს, რომელიც ამ თამაშს სჭირდებოდა.

არ აქვს მნიშვნელობა რას ფიქრობს საზოგადოება. ძნელია მიიღო საკუთარი თავი, მაშინ როდესაც ბევრი წინააღმდეგობა გხვდება, მაგრამ შენს გარდა შენს ბედნიერებაზე არავინ იზრუნებს.

გენდერული როლები, მათი განაწილება და არსებობა უკვე რამდენიმე წელია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას განვითარებული სამყაროს დიდ ნაწილში და მიუხედავად იმისა, რომ ტრანსგენდერი (ტრანსსექსუალი) ადამიანების მიმღებლობაში ჯერ კიდევ მოიკოჭლებს სამყაროს დიდი ნაწილი, ისინი ჩვეულბრივ იგივე გარემოსა და ყოველდღიურობის ნაწილები არიან და ტრანსფობია დანაშაულია!

ბიოლოგიური სხეული არ განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებას!
ბიოლოგიური სხეული საწყისი მოცემულობაა და თუ ჩვენ ის არ მოგვწონს, გვაქვს უფლება შევცვალოთ!
ბიოლოგიური სხეული არ უნდა იყოს ციხე და სასჯელი!

თითოეულ ჩვენგანს გვაქვს არჩევანის თავისუფლება და ლეგიტიმურად შეგვიძლია მოვითხოვოთ მიგვიღონ ისეთები, როგორც ჩვენ ვგრძნობთ და აღვიქვამთ თავს!

ავტორი
Mariam Blanc
რთულია ორი სიტყვით მოგიყვეთ ჩემს შესახებ, ყველაფერი რაც მიყვარს და მაღელვებს ჩემს ბლოგზეა თავმოყრილი, დანარჩენის გასაგებად კი ჩემი გაცნობაა საჭირო ^^ www.busuna.ge

შენ რას იტყვი?