არ მიყვარს ბიოგრაფიები, არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, მირჩევნია, როცა ჩემ შესახებ სხვები ლაპარაკობენ! არ მიყვარს, სხვას რომ რაიმე პერსონალურს ვანდობ, ამიტომ როცა კითხვას ჩაამთავრებთ, მიხვდებით, რომ ყველაფერი ვთქვი და ამავდროულად, არაფერი.

მე ბევრი ნიჭი მაქვს: შემიძლია, ადამიანების ამოცნობა; შემიძლია, ადამიანების უმიზეზოდ შეყვარება, და პირიქით; შემიძლია, ვთქვა, რასაც ვფიქრობ, მაგრამ ისე, რომ ვერავინ მიხვდეს, რას ვგულისხმობ; შემიძლია, მარტო ვიჯდე და არ მოვიწყინო; შემიძლია, ნებისმიერი რამ გავაკეთო და შემდეგ არ ვინანო; შემიძლია, რაღაც წავიკითხო და მერე ბევრი ვიფიქრო; შემიძლია, უცნობ ადამიანს რამდენიმე წუთი ვესაუბრო და მის შესახებ ყველაფერი გავიგო;

მინახავს ხელჩართული ჩხუბი, მონაწილეობაც მიმიღია, მერე განყოფილებაშიც მოვხვდი; მინახავს, სიკვდილი ძალიან ახლოს, მინახავს, როგორ მეცლება ხელიდან საყვარელი ადამიანი, მინახავს, როგორ ვკარგავ უძვირფასესს და არაფრის გაკეთება არ მინდა. ჩემი ცხოვრების 190’860 საათი კარგად გამოვიყენე, ბევრი რამ ისეთიც ვნახე, ბევრს რომ არ უნახავს. მთავარია, რომ ვნახე.

მე არ მომწონს ტრადიციები, არ მომწონს ნაცადი ხერხები, არ მომწონს წარსული, მომწონს მომავალი, ცვლილებები და ანომალიები; არ მომწონს დღესასწაულები, ვერ ვიტან საკუთარ დაბადების დღეს, იმიტომ კი არა, რომ ცოტა დრო მრჩება, არა, უბრალოდ იმიტომ, რომ წლები მემატება, მე კი მინდა ყოველთვის მხიარულ ბავშვად დავრჩე.

მე მომწონს თავისუფლება, მაგრამ გალიაშიც მოვახერხებ იმის კეთებას, რაც მინდა.

მე მომწონს კონტროლი; არ მომწონს როცა მაკონტროლებენ. მე ყველაზე დიდი ეგოისტი ვარ, მაგრამ ყველაზე მზრუნველი დედა და ერთგული მეგობარი. მე მომწონს შეცდომების დაშვება, რადგან შეცდომების გარეშე ვერ ვიცხოვრებდი; მე არ ვსწავლობ სხვის შეცდომებზე, ზოგჯერ არც საკუთარზე, მაგრამ არ ვნანობ წარსულს, მომავალს ველოდები. მე გავუსწარი დროს: არ ვიცი ვინ გადაწყვიტა, რომ 20-ე საუკუნის მიწურულს უნდა დავბადებულიყავი, პატარა საქართველოში, ტრადიციულ ოჯახში, მაგრამ მე არ მომწონს მისი გადაწყვეტილება, ნეტავ ჩემთვის ეკითხა…

მე აუცილებლად ვიქნები ის, ვინც მინდა ვიყო; ჩემნაირი ადამიანები დიდხანს ვერ ცოცხლობენ, მაგრამ მე ყველაფერს მოვასწრებ!

ეძღვნება ჩემს საუკეთესო მეგობარს