ადამიანები ფრთხილობენ, საუბრისას რაიმე ზედმეტი არ წამოცდეთ. ფიქრობენ, თითოეულ სიტყვას წარმოთქმამდე წონიან, ზომავენ, სინჯავენ, რომ მერე არ ინანონ და არ თქვან – ვინ მექაჩებოდა ენაზო. ამ დროს კი სულ ავიწყდებათ, რომ არა მარტო სიტყვები, არამედ ადამიანის ნებისმიერი მოქმედება, მიმიკა და ჟესტი მის ხასიათს და მდგომარეობას გამოხატავს. მხოლოდ ზოგიერთმა თუ იცის, რომ „გამცემი“ ამ შემთხვევაში ისევ ჩვენ თვითონვე ვართ, უფრო სწორედ კი ჩვენი სხეული.

ადამიანები, რომლებიც ცდილობენ სხვა ადამიანის ხასიათი და სათქმელი უსიტყვოდ გამოიცნონ, ამ ხელოვნებას სხეულის ენის კითხვას ეძახიან. სხეულის ენის შესწავლა საკმაოდ საინტერესო საკითხია. მას წლებია  იკვლევენ, ცდილობენ ამოხსნან. როგორც ალბერტ ბერბაინი ამბობს, რომელიც სხეულის ენის შესწავლაში პიონერად ითვლება, ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობისას სიტყვებს კომუნიკაციის  7%-ს უთმობენ, 38% ხმის ტონის მეშვეობით ხორციელდება, ხოლო 55% არის არავერბალური, ანუ ფიზიკური კომუნიკაცია.

ალბერტი ატარებდა კვლევებს პენსილვანიის უნივერსიტეტში და აცხადებს, რომ ადამიანები ურთიერთობისას დიდ ყურადღებას უთმობენ სიტყვებს და არ ანიჭებენ სათანადო მნიშვნელობას სხეულიდან წამოსულ იმპულსებს, რომელიც ადამიანზე მეტ ინფორმაციას გვაძლევს, ვიდრე მასთან საუბარი. გამოდის, რომ ინფორმაციის 55% იკარგება. არადა ჩვენ ეს ყველაფერი დაბადებიდან თან დაგვყვა. მაგალითად „არა“-ს გამოხტვა, პატარა ბავშვები როდესაც საჭმლის მიღებაზე უარს ამბობენ ისინი უარის ნიშნად თავს აქნევენ აქეთ-იქით, ეს მათ ჯერ კიდევ არ  უსწავლიათ და ქვეცნობიერად აკეთებენ.

სხეულის ენა საკმაოდ ფართოდ გამოყენებადი შეიძლება გახდეს ჩვენს ცხოვრებაში. ის შეიძლება დაგეხმაროს საზოგადოებაში თვითდამკვიდრებაში, საკუთარი თავის უკეთ გამოხატვაში, იყო მომხიბლავი, მეგობრული და წარმატებული, საშუალება გექნება პაემნის დროს შეისწავლო ფლირტი და მიხვდე რამდენად მოსწონხარ ადამიანს, ან სულაც შენ მიახვედრო რომ მოგწონს, გამოიყენო შენი კარიერული წინსვლისათვის, ყურადღება მიაქციო ინტერვიუს დროს  შენდამი დამოკიდებულებას, მოუგო ჭადრაკი ან პოკერი მოწინააღმდეგეს, გაიგო ვინ გატყუებს,  რა ხდება სინამდვილეში შენს გარშემო. იცოდე სხეულის ენა ნიშნავს შეგეძლოს კითხვა სტრიქონებს შორის.

უპირველეს ყოვლისა სანამ კონკრეტულად ადამიანის ამა თუ იმ ქმედების გაანალიზებაზე გადავალთ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის ძირითადი წესები, რომელიც აუცილებელია ზუსტად გავიგოთ რა ხდება. უმთავრესია სამი წესი ხოლო მეოთხე უკვე მათი შემაჯამებელია.

კონტექსტური კითხვა

როდესაც ცდილობ წაიკითხო და გაიგო ადამიანის სხეულის ენა, ძალიან ადვილია, რომ დაიბნე მისი ჟესტიკულაციის გამო. მაგალითად, როდესაც შენ ელაპარაკები ვიღაცას ზამთარში ღია ცის ქვეშ და ის აჯვარედინებს ხელებს და ფეხებს, ეს შეიძლება იყოს თავდაცვითი მანერა (ხელების და ფეხების გადაჯვარედინებით ჩვენ წარმოსახვაში ვიცავთ ჩვენს სასიცოცხლო ორგანოებს თავდასხმისაგან) ან ეს შეიძლება უბრალოდ სიცივის ნიშანი იყოს (აუცილებლად დააკვირდი, მხრები თუ აქვს აწეული).

იმ შემთხვევაში, თუ  სხეულის ასეთი მდგომარეობა შეგხვდა სხვა გარემოებაში, მაშინ ის მთლიანად იცვლის თავის მნიშვნელობას.

body language

კისრის ფხანას შეიძლება ადამიანის მერყეობაზე და არასანდოობაზე მიანიშნებდეს, ან ის შეიძლება ნიშნავდეს, რომ მას დაავიწყდა შხაპის მიღება.

კაცებს შორის მშვიდი ხელის ჩამორთმევა შეიძლება ნიშნავდეს, რომ ერთერთი მათგანი ბევრად უფრო სუსტია.

ქალები, როგორც წესი, მოკლედ ქვედა ბოლოების ტარებისას დაჯდომისას აუცილებლად იდებენ ფეხს ფეხზე. ეს ფეხის გადაჯვარედინება არ ნიშნავს იმას, რომ ისინი თავდაცვით პოზიციას იჭერენ, მაშინ როცა ჭარბწონიან ადამიანებს ფეხების გადაჯვარედინება საერთოდ არ შეუძლიათ.

კულტურათა შორის განსხვავება

სხეულის ენა ადამიანს დაბადებიდან დაჰყვება, მაგრამ ჟესტიკულაციის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენას ახდენს გარემო, სადაც ადამიანს უწევს ცხოვრება. გარეშე ფაქტორები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ სხეულის ენის განსაზღვრაში.

წარმოიდგინე, რომ რაც ერთი კულტურისათვის მისაღებია, ის არ არის მისაღები სხვა კულტურისათვის. უდიდესი განსხვავებაა კულტურებს შორის ადამიანის  პირად სფეროსთან დაკავშირებით, თვალებით კონტაქტთან, შეხებასთან, შეურაცხმყოფელ ჟესტებთან.

მაგალითად:

  • იტალიელები და ესპანელები ხელის ჩამორთმევის მაგიერ ერთმანეთს ლოყაზე კოცნიან.
  • ბულგარეთში საყოველთაოდ მიღებული თანხმობის ნიშნად თავის დაკვრა „არა“-ს ნიშნავს.
  • იაპონელები გაოცებას ისე გამოხატავენ, როგორი სახეც ჩვენ გვექნებოდა შეშინების დროს.
  • იაპონელები ლაპარაკის დროს  ზრდილობიანად იღიმებიან და თავს უკრავენ  მოსაუბრეს თანხმობის ნიშნად, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი გეთანხმებიან, ეს უბრალოდ გამამხნევებელი ჟესტია, რაც ნიშნავს რომ „მე გავიგე რაც შენ თქვი“.
  • საუდის არაბეთში კაცების მიერ ხელი მოჭერა ხელის ჩამორთმევისას ნიშნავს  დაფასებას და პატივისცემას.
  • ცერა თითი ზემოთ, როგორ წესი, ნიშნავს კარგად ან კარგი, მაგრამ საბერძნეთში გინების ჟესტია, მაშინ როცა იგივე ჟესტი იაპონიაში ნიშნავს 5 (ხუთი) ან კაცს.

იმ შემთხვევაში, თუ შიშველ ქალს გადააწყდით…

  • შუა აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენელი ქალი სახეს დაიფარავს,
  • ამერიკელი/ავსტრალიელი/ბრიტანელი ქალი ერთი ხელით მკერდს დაიფარავს მეორეთი კი სასქესო ორგანოს,
  • შვედი მხოლოდ სასქესო ორგანოს დაიფარავს,
  • სუმატრაში მუხლებს დაიფარავენ,
  • სამოელი კი ჭიპს დააფარებს ხელს.

body language

ერთიანად ხედვა

ეს სხეულის ენის კითხვის ერთერთი უმთავრესი წესია. ის დაგეხმარება უკეთ გაიგო ის პრობლემები, რაც ზემოთ ჩამოთვლილ ორ წესს შეიძლება ჰქონდეს. ეს ამ ორი წესის გამაერთიანებელია. ისევე, როგორც ყველა ენას აქვს თავისი სიტყვები, რომლებიც მთლიანობაში ქმნის წინადადებას და მისი შინაარსი იცვლება სიტყვების გადანაცვლებით, ასევე არის სხეულის ენაც. თითოეული ჟესტი თუ მიმიკა მასში სიტყვას შეესაბამება და შენ უნდა გაიგო, მთლიანობაში რა ითქვა. შენ ის უნდა წაიკითხო და აღიქვა ერთობლიობაში,  როგორც წინადადება   და არა ცალკეულ სიტყვებად, ანუ ჟესტებად დაყო.

ჩვენ ყველას, მე, შენ გვაქვს ჩვენი გარკვეული მიმიკები, ჟესტიკულაცია, რასაც ჩვენ გაუცნობიერებლად ვაკეთებთ, ვთქვათ, მოწყენილობის ჟამს, ან სულაც ჩვენს მიერ გამომუშავებული ჩვეულება სიხარულისას. ასე რომ გარკვეული ჟესტების განცალკევებით სხეულის კითხვა ვერ მოგცემს სრულყოფილ შედეგს.

ვთქვათ ქალი ეთამაშება თავის თმას, ატრიალებს მას და ა.შ. ეს თავისებური ჟესტი  საკუთარი თავის დაწყნარებას შეიძლება ნიშნავდეს, მაგრამ თუ ის თამაშობდა თავისი თმით და შემდეგ გააგრძელა მოქმედება, გადააჯვარედინა ხელები და ფეხები ეს შეიძლება ახსნილი იქნეს იმით, რომ ქალი შეწუხებულია, შეფიქრიანებულია, ნერვიულობს ან გარკვეული წნეხის ქვეშ არის მოქცეული.

body language

სათანადო კითხვა

შესაბამისობა არის დაკვირვება იმაზე,  ემთხვევა თუ არა შენი კვლევის ობიექტის ნათქვამი მისი სხეულის ენას, მაგალითად, ვიღაც, ვინც ზის ხელ-ფეხ გადაჯვარედინებული და აქვს შეწუხებული სახე, როცა შენ კითხავ ”კარგად ხარ?” და გპასუხობს “მშვენივრად”, უდავოდ უარყოფს რაღაცას, მხოლოდ სიტყვები არ არის საკმარისი იმის გამოსახატავად, რომ ის კარგად არის, აუცილებლად უნდა დააკვირდე მისი ხმის ტონს და თუ ის აგრესიულია მაშინ, როცა გპასუხობს, რომ მშვენივრად არის, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ის სულაც არ არის ისე, როგორც ამბობს.

უცილებლად გახსოვდეს, რომ არ უნდა მიუდგე სხეულის ენას ზედმეტად სერიოზულად, უყურე მას მსუბუქად,  ის ზუსტი მეცნიერება არ არის. ჩვენ, ადამიანები,  საკმაოდ ამოუცნობები ვართ. სხეულის ენა ხშირად გეხმარება რაღაცის გაგებაში, მაგრამ ის ბოლომდე შეუცდომელი ნამდვილად არ არის. ხშირად არის წინააღმდეგობები, მაგალითად, ერთის მხრივ, როცა ადამიანი ტყუილის თქმისას დაჟინებით გიყურებს (იციან რომ მატყუარას თვალის გასწორება უჭირს), მაშინ როცა სხვა ტყუილის დროს თვალს გარიდებს. შენ ადამიანებს რაღაც დოზით მაინც უნდა იცნობდე, უნდა იყოდე მათი ჩვეულება, ჟესტები, ხასიათი და ემოციების გამოხატვა. უნდა ნახო როგორ იქცევა ის ჩვეულებრივ სიტუაციაში და როგორ იქცევა ის სხვადასხვა სიტუაციებში რომ გქონდეს შედარების საშუალება.

P.S. ეს მხოლოდ და მხოლოდ შესავალია, ასე რომ მხოლოდ ზოგადი ინფორმაციით შემოვიფარგლები. კონკრეტულ ჟესტებზე და მათ მნიშვნელობაზე გაგრძელებაში მოგიყვები :)