ქალებისა და მამაკაცების უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ მაღალი ქუსლი ნამდვილად სექსუალურია, მაგრამ როცა შენ მთელი დღე 10 სანტიმეტრიან ქუსლებზე დგახარ, დღის ბოლოს ფეხებში სიმძიმ ის შეგრძნებას, ტკივილს და დაღლილობას ვერსად წაუხვალ. ღირს კი ქუსლიანი ფეხსაცმელი ამდენ მსხვერპლად?

სამწუხაროდ, მაღალი ქუსლი არ გახლავთ მხოლოდ უწყინარი აქსესუარი და დაღლილობაც ერთადერთი დისკომფორტი არაა, რაც მან შეიძლება შეგიქმნათ.

შენ, ვისაც გიყვარს ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება, ნამდვილად  არ იქნება ურიგო, ცოტა რამ მის “გვერდით ეფექტებზეც” იცოდე.

ქუსლი სხვადასხვანაირია, ყოველ სეზონზე იცვლება მისი სიმაღლე, ფორმა. სპეციალისტები განარჩევენ დაბალ ქუსლს – 6 სანტიმეტრამდე, საშუალოს-  6-დან 8,5-მდე და მაღალს- 8,5-ზე მეტს.   ცხადია, რაც უფრო მაღალია ქუსლი, მით მეტ პრობლემას ქმნის. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ მისი სიგრძე არ იზომება იატაკის დონიდან. ამ სიმაღლეს უნდა გამოვაკლოთ ფეხსაცმლის ტერფის წინა ნაწილის შემაღლების ზომა.

  • თუ ქუსლი   2-3 სანტიმეტრის დონეზეა შემაღლებული, ეს  მაქსიმალურად შეესაბამება ტერფის ნორმალურ ფიზიოლოგიურ მდგომარეობას. ასეთ ფეხსაცმელი ნამდვილად არ შეგაწუხებს.
  • 3 დან 6 სანტიმეტრამდე სიმაღლის ქუსლს შესაჩვევად მეტი დრო ჭირდება: 2-დან 3 კვირამდე ან ნაკლები.
  • 1 სანტიმეტრამდე შემაღლებული ფეხსაცმლის ტარება რეკომენდირებულია წლამდე ბავშვებისთვისაც კი, რომ ბრტყელტერფიანობა არ განვითარდეს.

გაითვალისწინე, რომ ფეხი ვერასოდეს შეეჩვევა 6-15 სანტიმეტრიან ქუსლს. სხვაგვარად რომ ვთქვათ,  მათი ტარებისას დისკომფორტი თითქმის ყოველთვის შეგექმნება. ცხადია, დროსთან ერთად მდგომარეობა უფრო მსუბუქდება, მაგრამ ილუზიას, რომ სულ მალე 15 სმ-იან ქუსლზე უპრობლემოდ ივლი, ნუ შეიქმნი. ასეთი მაღალი ქუსლის ტარებისას ფეხი უფრო ნაკლებად იღლება მაქსიმალურად მოხერხებულ ნატურალური ტყავის ფეხსაცმელში. ყველაზე მტკივნეული და ჯანმრთელობისთვის მავნე კი მაღალქუსლიანი და ძალიან ვიწროცხვირიანი ფეხსაცმელია.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ ქალის ტერფი ჩამოყალიბებას 20-23 წლის ასაკისთვის ამთავრებს. ექიმები  რეკომენდაციას არ უწევენ 6 სმ-ზე მაღალი ქუსლის ტარებას ამ ასაკის მიღწევამდე, თუმცა ამ რჩევას ძალიან ხშირად არ ითვალისწინებენ.

კარგმა ფეხსაცმელმა დიდი დისკომფორტი არ უნდა შეგიქმნათ მაშინაც კი, თუ  მის ტარებას მიჩვეული არ ხარ.  ქუსლის ტარების შემდეგ საღამოობით ფეხის დაღლა კი ყურადსაღებია. ასეთ დროს ფეხებს უნდა მოუფრთხილდე, რადგან ეს დაღლილობა შეიძლება სახსრების, კუნთების და სისხლძარღვების პრობლემებში გადაიზარდოს.

ქუსლიანი ფეხსაცმლის მუდმივი ტარება (განსაკუთრებით “შპილკის”) არავისთვისაა სასარგებლო. მაღალი ქუსლი მოქმედებს არამხოლოდ ტერფებზე, ასევე, ხერხემალზე, წვივზე, ირღვევა სისხლის მიმოქცევა. შეიძლება გაჩნდეს ცელულიტიც კი.

კატეგორიულად არ არის რეკომენდირებული მაღალი ქუსლი ბრტყელტერფიანი, ართრიტით და ვენების ვარიკოზული დაავადებებით დაავადებული, ზედმეტი წონის პრობლემის მქონე ქალებისათვის. ასევე სასურველია, თავი აარიდონ მას ორსულებმაც.

სიმპტომები, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციო: სიმძიმე ფეხებში, სისხლჩაქცევები, გაბუჟება, ქავილი, ტკივილი, ვენების, სახსრების შესიება. თუ მსგავსი სიმპტომები აღგენიშნება, სასურველია, ცოტა ხნით მაინც თავი შეიკავო ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებისგან.

ფეხსაცმელმა შეიძლება ართრიტები და ართროზებიც კი გამოიწვიოს. ეს დაავადებები ბოლომდე პრაქტიკულად არ იკურნება, ამიტომაც არ იქნება ცუდი, თუ წინასწარვე იზრუნებდ შენს თავზე. ართრიტები და ართროზები დაავადებული სახსრების ტკივილით, მათ გარშემო ქსოვილის ტემპერატურის მომატებით, შესიებითა და მოძრაობის შეზღუდვით ხასიათდებიან. მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთდ შეიძლება ქირურგიული ჩარევაც დაგჭირდეს. ნაკლებ პრობლემებს არც კოჟრები ქმნის…

უნდა აღინიშნოს თითების დეფორმაციაც. რაც უფრო მაღალია ქუსლი, მით მეტია  დეფორმაციაც, რაც, საბოლოოდ, ფეხს ფორმას უცვლის. დადგენილია, რომ ყოველ 2 სანტიმეტრზე  თითებზე დაწოლა 25 % ით იმატებს. პირველ რიგში დიდი თითი დეფორმირდება, შემდეგ დანარჩენებიც. ხშირად თითები ქვემოთ იხრებიან, სახსარი დეფორმირდება და ისინი პატარა ჩაქუჩებს ემსგავსებიან. ამ პათოლოგიას “ჩაქუჩისმსგავსი თითები” ეწოდება.

და ბოლოს: ნუ ივლი დილიდან საღამომდე ქუსლიანი ფეხსაცმლით. მაგალითად, შეგიძლია სამსახურში იგი უფრო მოხერხებული, დაბალი ფეხსაცმლით ჩაანაცვლო ან პირიქით, სამსახურში ქუსლი ატარო და გარეთ, დაბალძირიანი ფეხსაცმელი. საერთოდ, ყველაზე მოსახერხებელია, ნებისმიერ დროს, როცა ქუსლიანი ფეხსაცმელი გაცვია, ჩანთაში “ბალეტკებიც” გქონდეს. დამერწმუნე, ნამდვილად გამოგადგება. არ იქნებოდა ცუდი პატარა სავარჯიშოებისა და მასაჟების გაკეთებაც.

და მაინც, ეს ყველაფერი ძალიან ნუ შეგაშინებთ: მთავარია ზომიერება, კარგად შერჩეული, ხარისხიანი ფეხსაცმელი და იმის ცოდნა, როგორ ვიაროთ სწორად ქუსლიან ფეხსაცმელზე (ამ რეკომენდაციებს შემდეგ სტატიაში შემოგთავაზებ). ასევე საჭიროა, საკუთარი შესაძლებლობების სწორად შეფასება: შეგიძლია კი 15 სანტიმეტრიან ქუსლზე სიარული? იქნებ შენთვის უფრო დაბალი ქუსლი ჯობს? ასე, რომ, მოუფრთხილდი ფეხებს, იქონიე მოთმინება და დამერწმუნე, სილამაზე ნამდვილად არ მოითხოვს იმდენ მსხვერპლს, რამდენსაც ჩვენ ვითხოვთ მისგან.