შვილის ყოლა ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი რამ არის ცხოვრებაში, ამიტომ ამისთვის ყოველი ჩვენგანი სათანადოდ უნდა იყოს მომზადებული. დაფეხმძიმებამ ადრეულ ასაკში, ამისთვის მორალურად და ფიზიკურად მოუმზადებელი ადამიანისთვის, შეიძლება ცუდ შედეგამდე მიგვიყვანოს, ამიტომ უნდა ვიცოდეთ ზოგი რამ იმაზე, თუ როგორ ავიცილოთ არასასურველი ფეხმძიმობა.

ამ სტატიაში მინდა განვიხილო სხვადასხვა სახის კონტრაცეპტიული საშუალება, მათი გამოყენების წესები და მეთოდები. მანამდე კი რამდენიმე სიტყვა იმაზე თუ როგორ ხდება ჩასახვა.

ჩასახვა

იმისთვის რომ ქალი დაორსულდეს, საჭიროა მამრობითი სქესის სასქესო უჯრედი – სპერმატოზოიდი, მდედრობითი სქესის სასქესო უჯრედი – კვერცხუჯრედი და მათი შეხვედრა.

სპერმატოზოიდები, ჯანმრთელი მამაკაცის ორგანიზმში მუდმივ “მზადყოფნაში” არიან, ქალის სასქესო უჯრედები კი თვეში ერთხელ მწიფდებიან. ადგილს სადაც მიმდინარეობს კვერცხუჯრედის მომწიფება საკვერცხეები ეწოდება. ხოლო კონტროლს ამ პროცესზე მდედრობითი სქესის ჰორმონები – ესტროგენი და პროგესტერონი ასრულებენ.

თვეში ერთხელ საკვერცხეში იწყება რამდენიმე ფოლიკულის მომწიფება(ფოლიკული ეს არის კვერცხუჯრედი + მის გარშემო განლაგებული უჯრედების წყობა), ისინი თანდათანობით იმატებენ ზომაში. დაახლოებით 14–15 დღის განმავლობაში უდიდესი ნაწილი უკუგანვითარებას განიცდის და მხოლოდ ერთი ფოლიკული, რომელსაც დომინანტურს უწოდებენ, აღწევს საჭირო ზომას, სკდება და გამოათავისუფლებს კვერცხუჯრედს, რომელიც ფალოპის მილში(მილი რომელიც საკვერცხეს საშვილოსნთან აერთებს) გადადის. გამოთავისუფლების პროცესს ოვულაცია ეწოდება. ამის შემდეგ, თუ კვერცხუჯრედს შეხვდება სპერმატოზოიდი, მოხდება განაყოფიერება, წარმოიქმნება ზიგოტა(დიდი უჯრედი, რომლის დაყოფის შედეგადაც წარმოიქმნება ემბრიონი).

ამრიგად განაყოფიერებისათვის ყველაზე “საშიში” (ზოგისთვის კი სასურველი) დღეები არის ოვულაციის დღე +/- რამდენიმე დღე. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს ისეთი დღეები, როდესაც განაყოფიერების შანსი 0–ს უდრის.

ახლა კი თავდაცვის საშუალებებზე გადავიდეთ:

აბები

ეს არის აბები, რომლებიც მიიღება ყოველ დღე. მათი უდიდესი ნაწილი არის კომბინირებული, ანუ შეიცავენ როგორც ესტროგენს ასევე პროგესტერონს.

არსებობს აბები, რომლებიც ციკლის დღეების მიხედვით შეიცავენ პროგესტერონისა და ესტროგენის სხვადასხვა თანაფარდობას. ასეთი აბების ფირფიტაზე ალბათ დაინახავთ კვირის დღეებს, რომელიც ყოველი აბის ქვეშ აწერია. შეკვრები არსებობს 21 და 28 აბიანი. 28იანის შემთხვევაში, ბოლო 7 აბი უჰორმონოა, ხოლო 21იანი შეკვრისას, ციკლის ბოლო 7 დღე, აბს არ იღებთ.

მათი დალევა უნდა დაიწყოთ მენსტრუაციის დაწყების პირველ დღეს (ასევე შეიძლება იყოს ვარიანტები 2–5 დღეები და ციკლის პირველი კვირა დღე, დასაზუსტებლად დაელაპარაკეთ თქვენს გინეკოლოგს).

ეს აბები აფერხებენ ოვულაციას, ასევე ასტიმულირებენ საშვილოსნოს ყელში ლორწოვანის გამოყოფას, რაც დამატებით სირთულეს შეუქმნის სპერამტოზოიდებს.

დადებითი მხარეები:

  • საიმედო დაცვა (ერთი წლის განმავლობაში 100-დან მხოლოდ 5 ქალი დაფეხმძიმდა);
  • კომფორტი გამოყენებაში;
  • თუკი პარტნიორი მუდმივია და საიმედო, ქრება კონდომის გამოყენების საჭიროება.

უარყოფითი მხარეები:

  • არ იცავს სგდ(სქესობრივად გადამდები დაავადებები)–სგან;
  • შეიძლება ქონდეს გვერდით ეფექტები (გულის რევა, წონის მომატება, სისხლის სიბლანტის გაზრდა და ა.შ);
  • არაა სასურველი გინეკოლოგის დანიშვნის გარეშე მიღება;

გაფრთხილება: არ უნდა დაგავიწყდეთ მათი ყოველდღიურად მიღება, აბების გამოტოვება ზრდის დაფეხმძიმების რისკს. “ჩავარდნის” შემთხვევაში, არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ნაცნობების, მეგობრების აბები თქვენი აბების მაგივრად.

პლასტირი

მცირე ზომის ნაჭერი, რომელიც შეიცავს ჰორმონებს, გამოყოფს მათ და კანის გზით ავრცელებს სისხლში და შესაბამისად ორგანიზმში. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ პრინციპი იგივეა რაც აბების.

გამოყენების წესები:

მათი დაკრობა სასურველია ოთხ ძირითად ადგილას: დუნდულო, მხარი, სხეულის ზედა ნაწილი (მკერდზე არა), მუცელი. არ შეიძლება მათი დაკრობა დაწითლებულ, გაღიზიანებულ კანზე.

მენსტრუაციის პირველ დღეს იკრავთ 1 ცალს და შემდეგ კვირაში ერთხელ იცვლით მათ. არაა პრობლემა მათი წყალში მოხვედრა და დასველება. გააკონტროლეთ რომ კარგად იყოს დაკრობილი და არ მოგძვრეთ, მოძრობის შემთხვევაში გაესაუბრეთ ექიმს და იზრუნეთ დამატებით თავდაცვაზე (მაგ. კონდომზე)

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პლასტირის ზომების შემცირება.

დადებითი მხარეები:

  • საიმედოობა(სწორი გამოყენებისას)
  • მოხერხებული გამოყენება
  • თუკი პარტნიორი მუდმივია და საიმედო, ქრება კონდომის გამოყენების საჭიროება.

უარყოფითი მხარეები:

  • არ იცავს სგდ(სქესობრივად გადამდები დაავადებები)–სგან
  • შეიძლება ქონდეს გვერდით ეფექტები( გულის რევა, წონის მომატება, სისხლის სიბლანტის გაზრდა და ა.შ)
  • არაა სასურველი გინეკოლოგის დანიშვნის გარეშე მიღება
  • არ ვიცი ხელმისაწვდომია თუ არა საქართველოში.

ბეჭდები

დაახლოებით 5 სმ დიამეტრის მქონე, ჰორმონების შემცველი ბეჭდები. შეიყვანება საშოში მენსტრუაციის პირველ დღეს და რჩება იქ 3 კვირის განმავლობაში. მისი გამოვარდნის ან უხერხულობის შექმნის შემთხვევაში, შეიძლება მისი გამოტანა და თავიდან მოთავსება. უხიფათოა, მისი არარსებობა ინტრავაგინალურად 3 საათის განმავლობაში, უფრო მეტი დროით, ქმნის დაფეხმძიმების რისკს და საჭიროებს დამატებით თავდაცვას.

დადებითი მხარეები:

  • კარგი დაცვა;
  • კონდომის გამოყენების საჭიროების არ არსებობა, იმ შემთხვევაში თუ პარტნიორი მუდმივია და საიმედო;

უარყოფითი მხარეები:

  • არ იცავს სგდ (სქესობრივად გადამდები დაავადებები)–სგან;
  • შეიძლება ქონდეს გვერდით ეფექტები (გულის რევა, წონის მომატება, სისხლის სიბლანტის გაზრდა და ა.შ);
  • არაა სასურველი გინეკოლოგის დანიშვნის გარეშე მიღება;
  • ნაკლები კომფორტი გამოყენებაში (ინდივიდუალურია).

სპერმიციდები

ნივთიერებები, რომლებიც ღუპავენ სპერმატოზოიდებს და არ აძლევენ მათ საშუალებას მიაღწიონ კვერცხუჯრედამდე. გამოდიან გელების,კრემების და ქაფების სახით. შეიყვანება ინტრავაგინალურად კავშირამდე 15 წუთით ადრე.

მოქმედების ხანგრძლივობა 1 საათი. თუკი შეყვანილი იყო კავშირამდე 1 საათით ადრე ან მოხდება განმეორებით კავშირი, საჭიროა ხელმეორე შეყვანა.

დადებითი მხარეები:

  • არ მოქმედებენ ქალის ორგანიზმზე ჰორმონულად
  • შეიძლება შეასრულოს დამატებითი ლუბრიკანტის როლიც.
  • კონდომთან ერთად ქმნის დამატებით გარემოს სგდ–სგან თავის აცილებისთვის.

უარყოფითი მხარეები:

  • ნაკლებად უსაფრთხოა.( 26 დაუგეგმავი ფეხმძიმობა 100 ქალიდან)
  • ნაკლებად კომფორტულია, საჭიროებს წინასწარ მზადებას.
  • შეიძლება გამოიწვიოს საშოს კედლების გაღიზიანება.

კონდომი

მზადდება ლატექსისგან, არსებობს ორი სახის, მამრობითი სქესისთვის და მდედრობითი სქესისთვის(ეს უკანასკნელი ნაკლებადაა საიმედო). მოქმედების პრინციპი მდგომარეობს სპერმატოზოიდების შეკავებაში.

გამოიყენება უშუალოდ აქტის წინ. სასურველია გამოიყენოთ მხოლოდ ერთ–ერთი მათგანი და არა ორივე.
ლატექსის პროდუქციის გამოყენება არ შეიძლება იმ ლუბრიკანტებთან ერთად, რომელიც შეიცავენ ზეთოვან საფუძველს. ამიტომ კარგად წაიკითხეთ ლუბრიკანტის შემცველობა მის გამოყენებამდე.

დადებითი მხარეები:

  • საიმედო დაცვა როგორც ფეხმძიმობისგან ასევე სგდ–სგან;
  • არ საჭიროების ექიმის დანიშნულებას;
  • ადვილად ხელმისაწვდომია;

უარყოფითი მხარეები:

  • მგრძნობელობის დაქვეითება აქტისას (ინდივიდუალურია).

(ექსტრემალური) პოსტკოიტალური კონტრაცეფცია / Morning After Pill

გამოიყენება აქტიდან 72 საათის განმავლობაში. რაც ადრე მით უკეთესი. შეიცავს ჰორმონების დიდ დოზას, რომლებიც ხელს უშლიან განაყოფიერებას.

ყურადღება: ამ აბების მუდმივ კონტრაცეფციად გამოყენება კატეგორიულად არ შეიძლება, ვინაიდან მისმა რეგულარულმა გამოყენებამ შეიძლება დააზიანოს თქვენი ორგანიზმი.

მისი ეფექტურობის შანსი მცირდება განაყოფიერების შემდეგ, ხოლო თუ ნაყოფის იმპლანტაცია (საშვილოსნოს კედელზე დამაგრება) უკვე მოხდა, ეფექტი 0–ს ტოლია.

დაიმახსოვრეთ:

– ერთადერთი საშუალება, რომელიც მეტ–ნაკლებად გიცავთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან, ესაა კონდომი!

– ერთადერთი საშუალება 100%–ით დაიცვათ თავი სგდ–სგან და მოულოდნელი ფეხმძიმობისგან, არის სექსისგან თავშეკავება.