დღე XXVI

აი ხომ ვამბობდი რა – არაფრით არ ვარგა გამოუძინებელზე ვარჯიში. მთელი დილა თვალები მეცრემლებოდა, მეწირპლებოდა და მემთქნარებოდა. დავიტანჯე ფაქტობრივად. იმისათვის, რომ ვარჯიში შედეგიანი იყოს, დილით უნდა იყო ჯანზე და ”ხოდზე”, არეული რეჟიმი კლავს და აბერებს.

ნახევარი ვარჯიში ნახევრად მძინარე მდგომარებაში ლეიბზე კოტრიალში გავატარე. საქმეა ეხლა ეს? მართალია თიდანიდან გამოსული უფრო აქტიური ვარ, მაგრამ მაინც მეძინება და თავიც მტკივა ყრუდ.

ისე, რომ ვთქვათ, ადამიანები თვითონ ისწრაფვიან დაბერებისა და ცუდად ყოფნისაკენ. აი, მაგალითად მეც – ვათენებ ხოლმე ღამეებს (მე თუ მკითხავთ ძილი ყველაზე უაზრო საქმიანობა და დროის ფლანგვაა) არადა ძილი ორგანიზმს სჭირდება.

ვჭამთ უამრავ უსარგებლო რამეს, რომელიც ორგანიზმში ცხიმებად და ტოქსინებად იქცევა, ვმოძრაობთ ცოტას, ძირითადად ვზივართ, სუფთა ჰაერზე ცოტას ვსეირნობთ – ნუ მოკლედ ათას სისაძაგლეს ვაკეთებთ და მერე, “ვაიმე, ეს რატომ დაგვემართაო”, მოვთქვამთ და დავრბივართ ექიმიდან ექიმამდე.

მნიშვნელოვანი აქტივობების პირამიდა

დღე XXVII

დღევანდელ ვარჯიშზე გაცხარებული საუბარი მიდიოდა იმაზე, თუ როგორ ვიკვებოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ცილოვანი დიეტა და ის, თუ რა რაოდენობის საკვები უნდა მივიღოთ ყოველ კვებაზე.

როგორც აღმოჩნდა, არსებობს სამი მუჭის პრინციპი რაც ნიშნავს, რომ საუკეთესო დოზა საკვებისა არის ის, რომელიც ერთ პეშვში გვეტევა. რეალურად მეტის მიღება ორგანიზმს არ სჭირდება.

პოლ ბრეგიც ამას წერს – უნდა იკვებოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენი ორგანიზმი გაგრძნობინებთ, რომ შია და არა მაშინ, როდესაც მიჩვეულები ვართ.

იგი ასევე გვეუბნება, რომ ”ხორცი ბრიყვია” და მთავარია გონებით განსაზღვროთ საკუთარი კვების რაციონი და არ მისცეთ ნება კუჭს, რომ გმართოთ.

P.S. ა, ჰო, ეს ჩემი პროგრესია თითქმის 2 თვის ვარჯიშის თავზე (მაპატიეთ ფონზე არეულობისთვის)…

დღე XXVIII

აი, უკვე დათბა და სიზარმაცე თუ მოდუნებულობა ნელ-ნელა საერთოდ გაქრება. დილით ადრე ადგომა უფრო ადვილია, ვარჯიშიდანაც ცივ და გადაყინულ ქალაქში აღარ მიწევს გამოსვლა.

ალბათ ზაფხულისკენ საერთოდ არანაირი დისკომფორტი აღარ გაჩნდება.

თუ თქვენ მჯდომიარე დღის რეჟიმი გაქვთ, გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ თქვენს მიერ მიღებულ კალორიებს. ნებისმიერი აქტივობა – კომპიუტერთან ჯდომაც კი – იწვევს კალორიებსი წვას, უბრალოდ სხვადასხვა ოდენობით.

გირჩევთ დაითვალოთ დღის განმავლობაში დახარჯული კალორიები და იმისათვის, რომ ძალიან არ მოიმატოთ, საკვებად მიიღოთ მხოლოდ გახარჯული ოდენობის ნახევარზე ოდნავ მეტი. დაძაბულ სამუშაო დღეს შიმშილობა და თავის მოკვლა არაფრით არ გამოგადგებათ.

მე კი გეტყვით, რომ ამ კვირაში განტვირთვად 24 საათიანი შიმშილობას ვირჩევ ♥

ორგანიზმისათვის საჭირო პროდუქტი!